Accessibility links

logo-print

გაზეთ ”რეზონანსში” ვკითხულობთ, რომ ”გალის რაიონში ადამიანების გატაცებით ხელს


გაზეთ ”რეზონანსში” ვკითხულობთ, რომ ”გალის რაიონში ადამიანების გატაცებით ხელს არა მარტო ქართულ-აფხაზური კრიმინალური დაჯგუფებები,

არამედ ცისფერჩაფხუტიანებიც ითბობენ. უფრო მეტიც, რუსი ოფიცერი, იმისთვის, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მოქმედ სამშვიდობო ბატალიონში მოხვდეს, გარკვეულ თანხასაც იხდის.” ამ ინფორმაციას, ”რეზონანსთან” საუბრისას, ადასტურებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. მისი თქმით, იმისათვის, რომ როტაციის დროს როგორმე აფხაზეთის სამშვიდობოების შემადგენლობაში მოხვდნენ, მაგალითად, ურალის სამხედრო ოლქში ოფიცრები ფულის გადახდას არ ერიდებიან. ”მათ კარგად იციან, რომ იქ მომგებიანი სიტუაციაა,” - ამბობს არეშიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსი ცისფერჩაფხუტიანები ადამიანის გატაცებაში მონაწილეობენ და ამ საქმიდან ”თავის წილსაც იღებენ”.

იმას, რომ ქართველების გატაცებაში რუსი ოფიცრების ხელიც ურევია, არ გამორიცხავს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, გაზეთ”რეზონანსის” კიდევ ერთი რესპონდენტი. თუმცა ექსპერტი მაინც მიიჩნევს, რომ გამტაცებლებს რუსი ცისფერჩაფხუტიანები თავიანთი უმოქმედობით უფრო უწყობენ ხელს. ”აფხაზმა კრიმინალებმა კარგად შეისწავლეს სამშვიდობოების ბუნება, ხასიათი და მიხვდნენ, რომ ისინი მათ ხელს ვერ უშლიან და ამ ფონზე საკუთარ კრიმინალურ საქმიანობას ახორციელებენ,” - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

”საქართველოში არავინ იცის, როგორ უნდა შემოწმდეს ექიმის ცოდნა” - ეს უკვე გაზეთ ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებული ინტერვიუს სათაურია. ეს სიტყვები თბილისის მე-9 საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ჭიქაბერიძეს ეკუთვნის. რესპონდენტთან საუბრის მთავარი თემა ექიმების პროფესიონალიზმი არ არის, ეს საკითხი სამედიცინო დაწესებულებების მომავალზე მსჯელობისას წამოიჭრა. შეკითხვას, როგორ მოხდება განახლებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის პერსონალის შერჩევა, ჭიქაბერიძე უპასუხებს, რომ ეს წინასწარ არავინ იცის და რომ ექიმების ცოდნის შესამოწმებლად, სავარაუდოდ, შესაბამისი ტესტებიც შედგება. გენერალური დირექტორის ინფორმაციით, მე-9 საავადმყოფო ჯერჯერობით ძველ ადგილზე რჩება, შენობა არ იყიდება და არც იქაურ ექიმებს ემუქრებათ სამსახურის დაკარგვის საფრთხე. თენგიზ ჭიქაბერიძეს თანამდებობა და 430-ლარიანი ხელფასი ლანძღვად და გინებად არ უღირს და არც იმად, რომ ქუჩაში მას რომელიმე თანამშრომელი არ მიესალმოს.

”ახალი ვერსია” ტრანსკავკასიური გაზსადენის პროექტსა და იმ ფაქტორებზე მსჯელობს, რომლებმაც, შესაძლოა, პროექტის განხორციელებას შეუშალოს ხელი. ამგვარი ბერკეტების ამოქმედება მოსალოდნელია რუსეთისა და ირანის მხრიდან, რადგანაც, ”ნაბუქოს” პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ამ ქვეყნებს გაზის მიწოდების მონოპოლიზების საშუალება ესპობათ. პროექტი, რომელმაც აზიიდან ევროპისთვის ”ცისფერი საწვავის” მიწოდება უნდა უზრუნველყოს და საქართველო გაზით ვაჭრობის ცენტრად აქციოს, 5 800 000 000 ევროდ არის შეფასებული. ტრანსკავკასიურმა გაზსადენმა, რომლის სიგრძეც 3 300 კილომეტრი იქნება, გაზის პირველი ნაკადი 2012 წელს უნდა გაატაროს. პროექტის დაწყება 2008 წლისთვის არის ნავარაუდევი. მაგისტრალი, საქართველოს გარდა, გადაკვეთს: თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთსა და ავსტრიას.
XS
SM
MD
LG