Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება რეზერვისტთა გაწვევამდე სამობილიზაციო ორგანოებს ”წმენდს”


საქართველოში სამხედრო რეზერვისტთა პირველი სავალდებულო გაწვევა, სავარაუდოდ, ადრეულ გაზაფხულზე დაიწყება. 26 დეკემბერს პრეზიდენტის ხელმოწერილი

სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს 1 თებერვლამდე მიეცა დრო იმისათვის, რომ რეზერვისტთა დაკომპლექტების წესი და სამხედრო მომზადების პროგრამა შეიმუშაოს. მანამდე კი სამხედრო პოლიციას დავალება მიეცა, გამოავლინოს და უღირსი მოხელეებისაგან გაწმინდოს ადგილობრივი სამობილიზაციო შტაბები, რადგან კანონში გათვალისწინებული შეღავათები საკმაოდ დიდ სივრცეს ტოვებს კორუფციული გარიგებისათვის გასაწვევ უბნებში. მინდა სამხედრო სარეზერვო კანონში არსებულ კორუფციულ ”ხვრელებზე” უფრო ვრცლად გესაუბროთ.


წვევამდელების სააღრიცხვო სიაში შეუყვანლობა, გარიგებით გაწვევის გადავადება ან ქრთამის სანაცვლოდ ყალბი სამხედრო ბილეთების შექმნა გასაწვევ უბნებზე ყველაზე გავრცელებული დანაშაულია, რისი გამოვლენა და აღკვეთა წელიწად-ნახევრის წინ შექმნილ სამხედრო პოლიციას ევალება. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ნანა ინწკირველის ინფორმაციით, გასულ წელს, დანაშაულებრივი გულგრილობისა და კორუფციის ბრალდებით, 6 რაიონული გამწვევი კომისიის უფროსი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ყველაზე რეზონანსულ დანაშაულს კი ადგილი ზუგდიდში ჰქონდა:

[ნანა ინწკირველის ხმა] ”ზუგდიდი იყო ყველაზე რეზონანსული. მაშინ, როცა შეიარაღებულ ძალებს სულ 1200 კაცზე ჰქონდა მოთხოვნა, მარტო ზუგდიდმა 1300 წვევამდელი დაგვიმალა.”

დამოუკიდებელ ექსპერტთა ვარაუდით, კორუფციის რისკი კიდევ უფრო გაიზრდება ამ წლიდან, როდესაც ამოქმედებას დაიწყებს სარეზერვო სამსახურის კანონი, რომელიც 27-დან 40-წლამდე მოქალაქეთა სავალდებულო გაწვევას ითვალისწინებს ორკვირიან სამხედრო შეკრებაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” დირექტორის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ქვეყანაში ამჟამად დაახლოებით ნახევარი მილიონი პოტენციური რეზერვისტია. ნაჩქარევი წესით მიღებული კანონი და კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი გაურკვეველი შინაარსის გადავადების შეღავათი, როგორიცაა, მაგალითად, ”გადავადება სეზონური სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე”, მოქალაქესა და სახელმწიფო მოხელეს შორის საკმაოდ დიდ სივრცეს ტოვებს კორუფციული გარიგებისათვის. კორუფციის მაღალი საფრთხე იმალება რეზერვისტთა მოუწესრიგებელ სიებში, რომელთა დაზუსტებაზე ერთბაშად რანდნიმე უწყება მუშაობს.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ სიას წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო და, შესაბამისად, ამ სიების დაზუსტება დაევალებათ სამობილიზაციო სამმართველოს განყოფილებებს. და სწორედ აქ შეიძლება გამოჩნდეს ის ”ხვრელები”, თუკი ვიფიქრებთ, რომ ეს თანამშრომლები შეეცდებიან ზოგიერთი რეზერვისტის დამალვას იმისათვის, რომ რაღაც სარგებელი ნახონ.”(სტილი დაცულია)


”ცთუნება” კი საკმაოდ დიდია. სამხედრო სააღრიცხვო სიიდან წვევამდელის ამოღება და გაყალბებული დოკუმენტებით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება 600 დოლარამდე ღირს. გასული წლის ივლისში ბოლნისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი სწორედ ამ თანხის გამოძალვის ბრალდებით მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. კორუფციის ”ვირუსისგან” სამხედრო რეზერვის სახელმწიფო პროგრამის დასაცავად, ადმინისტრაციული ზომების ამოქმედების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები წინადადებით გამოდიან, სამობილიზაციო პუნქტებთან შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭოები.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”კონტროლში მე უფრო მეტად ვგულისხმობ პრევენციულ ღონისძიებებს და ვთვლი, რომ ადგილობრივი, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების, თუნდაც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, რომლებიც დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, შეიძლება მათი გარკვეულ საზოგადოებრივ საბჭოებად ჩამოყალიბება და, ამ მიმართულებით ზედამხედველობის კუთხით, მათი გააქტიურება.” [სტილი დაცულია]


მაგრამ სამხედრო უწყება, რომელიც სამხედრო რეზერვის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი, უპირატესობას ჯერჯერობით ნაცად მეთოდს, ანუ მკაცრ ადმინისტრირებას და ოპერატიულ მუშაობას, ანიჭებს. 16 იანვარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ ქალაქ ფოთის გაწვევის განყოფილების უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავა. წინასწარი გამოძიების პროცესში პოლიციამ დაადგინა, რომ მოხელეებმა 40-მდე წვევამდელი არ დააყენეს სამხედრო აღრიცხვაზე და არ შექმნეს მათზე პირადი საქმე. სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციები სხვა რაიონების გამწვევი ორგანოების უკანონო საქმიანობის თაობაზეც არსებობს და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დამნაშავე მოხელეთა დაკავება შემდგომშიც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG