Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”Freedom House”: ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში არსებულ ახალბედა დემოკრატიულ ქვეყნებთან მიმართებით შემაშფოთებელი ტენდენციები შეიმჩნევა


ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 2006 წელს მედიაზე განხორციელებული ზეწოლა გაძლიერდა, რაც სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ შექმნილი ვითარების

გაუარესებაზე მეტყველებს. ასეთია დასკვნა, რომელიც შეერთებულ შტატებში განთავსებულმა ორგანიზაცია ”Freedom House"-მა ყოველწლიურ ანგარიშში გამოიტანა. ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის დამყარება-განმტკიცებაზე მუშაობს, ასკვნის, რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც ”თავისუფალის” სტატუსი აქვთ, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში არ გაზრდილა, რაც, ანგარიშის ავტორების აზრით, ”თავისუფლების სტაგნაციაზე” მიუთითებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში გასულ წელს ავტორიტარიზმი გაძლიერდა - ასკვნის ”Freedom House"-ი და მეტნაკლებად დადებით შეფასებას მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას აძლევს.

2006 წელს განვითარებული ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ტენდენცია, ”Freedom House"-ის ანგარიშის თანახმად, ”იმ ორგანიზაციების, მოძრაობებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგს ახორციელებენ ან დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებისთვის მუშაობენ.”

სისტემატური მცდელობა, დაასუსტონ ან აღმოფხვრან პროდემოკრატიული ძალები, ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად შესამჩნევი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში არსებულ ავტორიტარულ ქვეყნებშია.

რუსეთი ამის კარგი მაგალითია. ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი, თუმცა ანგარიშის თანაავტორი კრის უოლკერი ამბობს, რომ რაც არსებობს, ისიც მზარდ და მრავალფეროვან ზეწოლას განიცდის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან. უოლკერის თქმით, განსხვავებით წინა წლებისაგან, როდესაც კრემლს ბეჭდვითი მედია ნაკლები გავლენის მქონედ მიაჩნდა და მისი გაკონტროლებით თავს არ იწუხებდა, 2006 წელს მან ყურადღება სწორედ პრესას მიაპყრო:

[უოლკერის ხმა] ”მთელი 2006 წლის განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობოდა ბეჭდვით მედიას. არადა, სწორედ პრესა წარმოადგენდა მედიის უკანასკნელ ფორმას, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა კრემლის პოზიციისგან განსხვავებული პერსპექტივა განევითარებინა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გავლენით ვერ სარგებლობდა. 2006 წლის განმავლობაში რუსეთში შექმნილი ვითარების ერთ-ერთი ელემენტი იყო ის, რომ გაზეთებს - ”ნოვაია გაზეტას”, ”ნეზავისიმაია გაზეტას” და ”კომერსანტს” - სხვადასხვა ფორმით დაემუქრა კრემლთან დაახლოებული ორგანიზაციების მხრიდან მართვა ან, საერთოდ, მათ მფლობელობაში გადასვლა.”

2007 წლის ბოლოს დანიშნული საპარლამენტო და 2008 წლის დასაწყისში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით, კრის უოლკერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მთავრობა ქვეყანაში მედიაზე კონტროლს სულ უფრო მეტად ამკაცრებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რუსეთი წამყვანი ძალაა და უოლკერი ფიქრობს, რომ ის დსთ-ს წევრი ბევრი ქვეყნისთვის ერთგვარ მოდელს ამკვიდრებს:

[უოლკერის ხმა] ”ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობაში უკანასკნელ პერიოდში მედიაზე განხორციელებული ზეწოლა ძალიან სისტემატური და ინტენსიური იყო. მედიაზე კონტროლის დასამყარებლად წარმატებით იყენებდნენ სამართლებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საშუალებებს. სწორედ ამით ხასიათდება რეგიონში თავისუფლების შეზღუდვის უკანასკნელი ტალღა.”



”Freedom House"-ი ქვეყნებს, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხის მიხედვით, შვიდბალიანი სისტემით აფასებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან სიის ბოლოს თურქმენეთი და უზბეკეთი არიან მოქცეულნი - როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით, მათ, ჩრდილოეთ კორეასა, კუბასა და ლიბიასთან ერთად, ყველაზე უარესი შეფასება - შვიდ-შვიდი ბალი - აქვთ მიღებული. ყაზახეთში შედარებით უკეთესი ვითარებაა - ქვეყანას 6 და 5 ბალი აქვს მინიჭებული; თუმცა, უოლკერის თქმით, ყაზახეთი აშკარად ”არ არის თავისუფალი”, და ვითარების გასაუმჯობესებლად მან კვლავ ბევრი უნდა გააკეთოს. შუა აზიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ”ნაწილობრივ თავისუფალის” სტატუსი აქვს, ყირგიზეთია, თუმცა ეს ქვეყანა ინტენსიურ პოლიტიკურ ცვლილებებს განიცდის და, კრის უოლკერის აზრით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორი იქნება მისი მომავალი.

საქართველო და უკრაინა ის ორი ქვეყანაა, რომლებიც ”Freedom House"-ისგან მეტ-ნაკლებად დადებით შეფასებას იმსახურებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის ჩამონათვალში საქართველო ოდნავ ჩამორჩება უკრაინას. პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით, საქართველოს, შესაბამისად, 3-3 ქულა აქვს მინიჭებული და ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნის სტატუსით სარგებლობს - მაშინ როდესაც უკრაინას პირველ გრაფაში 3, მეორეში კი, საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი - 2 ქულა - აქვს, რაც ამ ქვეყანას ”თავისუფალის” სტატუსს ანიჭებს. უნდა ითქვას, რომ ამ ორი ქვეყნის სტატუსი 2006 წელს არ შეცვლილა და ის გასული წლის იდენტური დარჩა.

ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე ცუდი შეფასება - 7 და 6 ქულა - ”Freedom House"-ის ანგარიშში ბელორუსიამ მიიღო.

გლობალური მასშტაბით, 2006 წელს თავისუფლების მდგომარეობა დიდწილად 2005 წლის იდენტური დარჩა - ასკვნის ”Freedom House"-ი თავის ანგარიშში. იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც ორგანიზაციამ 2006 წელს ”თავისუფალის” სტატუსი მიანიჭა, 90-ს გაუტოლდა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 47 პროცენტს მოიცავს. ”ნაწილობრივ თავისუფალი” აღმოჩნდა 58 ქვეყანა, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 30 პროცენტი ცხოვრობს. იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც, ანგარიშის თანახმად, თავისუფლება არ არის, 45 იყო. ამ ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი - 23 პროცენტი - ცხოვრობს. ვრცლად დოკუმენტს ორგანიზაციის ვებგვერდზე გაეცნობით - მისამართზე www.freedomhouse.org
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG