Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 679-ე გამოშვება


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს შევეხებით ყარსი - ახალქალაქი - ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის თემას; გესაუბრებით ქართული ღვინის ”ევროპულ” პერსპექტივებზე; ვნახავთ, რა პრობლემებს უქმნის მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობა თბილისის არქეოლოგიურ მემკვიდრეობას; მოგითხრობთ, იმაზე, თუ რა გამოხმაურება ჰპოვა გერმანიის მოთხოვნამ, მთელს ევროკავშირში აიკრძალოს ნაცისტური სიმბოლოები; გადაცემას დაასრულებს სიუჟეტი ჯაზის გამოჩენილ მუსიკოსზე, ამერიკელ საქსოფონისტ მაიკლ ბრეკერზე. პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

ყარსი - ახალქალაქი - ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა იწყება

ბიძინა რამიშვილი:
ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ – ყარსი - ახალქალაქი - ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია და ქართული მხარე პროექტის განხორციელების დეტალებზე დაიწყებს მუშაობას. უახლოეს პერიოდში კი სამთავრობო დონეზე ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. მოლაპარაკებები გრძელდება.. რა არის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის არსი, რამ განაპირობა პროექტის ასე მოულოდნელად წამოწევა და რას მოუტანს მისი განხორციელება საქართველოს. ამ საკითხების გარკვევას მარინა ვაშაყმაძე შეეცადა.

მარინა ვაშაყმაძე:
სულ ახლახან კვლავ გააქტიურდა ყარსი - ახალქალაქი - ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის თითქოსდა მივიწყებული თემა.

ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] "საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრო და შესამბამისად, ჩვენი რკინიგზასთან დაკავშირებული სტრუქტურები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ყარსი ახალქალაქი თბილისის რკინიგზის რეაბილიტაციის და მშენებლობის შესახებ. "

რამდენიმე დღით ადრე კი თბილისს აზერბაიჯანის დელეგაცია ესტუმრა და ამ პროექტზე საუბარიც სწორედ მაშინ დაბრუნდა მოულოდნელი აქტუალობით. ეს იდეა, უკვე კარგა ხანია არსებობს, ინიციატივით აზერბაიჯანი და თურქეთი გამოდიოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო განხორციელებაზე საქმე არ მიდგა.

ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი გია ცაგარელი ამბობს:

[გია ცაგარელის ხმა] "არსეობდა რაღაც გამოთვლები და მოსაზრებები საბჭოთა დროსაც, მაგრამ უფრო აქტიური საუბარი დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ. გაძლიედა იგი 90იანი წლების ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში თურქული მხარის დაინტერესების შედეგად. მაგრამ მაშინაც შეფერხდა რამდენიმე მიზეზის გამო. მაგრამ ყველაზე ნიშვნეოვანი იყო დაფინანსების არარსებობა...”

აზერბაიჯანის დელეგაციის ქართულ მხარესთან კონსულტაციების საგანი სწორედ ამ პროექტის დაფინანსების საკითხი გახლდათ.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ,,ძალიან კმაყოფილი ვარ უკვე გამართული მოლაპარაკებების შედეგებით’’- აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

დელეგაციეს წევრმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა სადრადინ მამედოვმა კი განაცხადა:

[სადრადინ მამედოვის ხმა] ”ჩვენ ბოლოსდაბოლოს დავაახლოვეთ პოზიციები და ეს გვახარებს, ყველაფრის მიუხედავად მშენებლობა მაინც დაიწყება. დეტალები შეიძლება ითქვას რომ აღარ რჩება. რამდენიმე შეხვედრა მოვაწყვეთ და ყველაფერზე რამდენჯერმე ვიმსჯელეთ, ახლა კი შემაჯამებელ დოკუმენტს განვიხილავთ.”

რას ნიშნავს ეს პროექტი რეგიონისთვის და საქართველოსთვის.

ეკონომიკის განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე მის მნიშვნელობას ასე განმარტავს:

[გიორგი არველძის ხმა] "ეს არის მთლიანად ახალი შესაძლებლობა სატრანზიტო თვალსაზრისით საქართველოსთვის, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ ჩრდილოეთიდან ბლოკირებულია მთლიანად ეკონომიკური საზღვარი. ჩვენთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გვქონდეს ახალი სატრანზიტო დერეფნები და რაც მთავარია, ჩვენ შევძლებთ რომ პირდაპირ შევუერთდეთ ევროპულ სარკინიგზო სისტემას. აი ამ მონაკვეთის მშენებლობის შემდეგ". (სტილი საცულია)

პროექტის უდავო მნიშვნელობაზე საუბრობენ ექსპერტებიც. გია ხუხაშვილის აზრით:

[გია ხუხაშვილის ხმა] "ამას ბუნებრივია მოჰყვება ძალიან სერიოზული დადებითი შედეგები ქვეყნისთვის, გარკვეულწილად გაიზრდება ინტერესი, როგორც ცენტრალური აზიიდან ასევე ჩინეთიდან, გარდა ამისა, განხორციელდება სერიოზული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. კიდევ ერთი ახალი ინფრასტრუქტურული საშუალებები გაჩნდება. გარდა ამისა, როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი დადებითი შედეგი იქნება რომ თვითონ მშენებლობის ფაზაში დასაქმდება გარკვეული რაოდენობის ადამიანი. ირიბი შედეგი იქნება ის, რომ როდესაც სატრანსპორტო იმფრასტრუქტურა მუშაობს რეგიონში, ეს ზოგადად ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს," (სტილი დაცულია) აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყველა ერთხმად მიუთითებს, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებობს დამაფიქრებელი მომენტებიც. გია ცაგარელის აზრით:

[გია ცაგარლის ხმა] ,,სრულიად ნათელია, რომ პროექტს ორი დაინტერესებული მხარე ჰყავს, ეს აზერბაიჯანი და თურქეთი გახლავთ, მაგრამ, საქართველოსათვის ის რჩება ძალიან მიმზიდველად. სტრატეგიულად გამართლებულ პროექტად. აქ, სკეპსისი შეიძლება მხოლოდ იმან გამოიწვიოს ზოგიერთის, რომ გარანტირებული ტვირთების რაოდენობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია." (სტილი დაცულია)

ტვირთების მოძიების სირთულეზე საუბრობს საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის რკინიგზის დეპარტამენტის უფროსი ენვერ მოისწრაფიშვილი:

[ენვერ მოისწრაფიშვილის ხმა] "განსაზღვრულია, რომ 15 მილიონი ტვირთი უნდა გაატაროს წელიწადში ამ რკინიგზამ. მე ცოტა მეეჭვება ჯერ 15 მილიონი ტვირთის მოძიება ასე ადვილი არ არის. იმიტომ, რომ საქართველოს რკინიგზა 18 მილიონზე ძლივს ავიდა. მეორეც, ამ 15 მილიონის გატარება არც ჩვენ რკინიგზას შეეძლება ალბათ და არც თურქეთის რკინიგზას, რომელსაც ძალიან კარგი იმფრასტრუქტურა არა აქვს." (სტილი დაცულია)

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ხელისუფლებაშიც ამბობდნენ, რომ ამ პროექტის განხორციელება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შესაბამისი ეკონომიკური გათვლები. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს გათვლები დღესაც არ არის:

[გია ხუხაშვილის ხმა] "სამწუხაროდ მე არ ვიცი თუ რაიმე ეკონომიკური ტიპის გათვლები არის გაკეთებული. დეკლარირებული ხასიათის განცხადებები კეთდება, რომ რაღაც ახალი ტვირთები წამოვა ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან. მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, არანაირი ამის დასაბუთება არ მინახავს, და ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამისთანა ტიპის დასაბუთებები არ არსებობს და არავის თვალით არ უნახავს. მეც მიმაჩნია, რომ ამის მკაცრი, საკმაოდ რეალისტური დასაბუთება ბუნებაში არ არსებობს და ზუსტად ამას უკავშირდება ის რისკები რაზეც მე ვსაუბრობ." (სტილი დაცულია)

კიდევ ერთი დამაფიქრებელი მომენტი, _ ექსპერტთა აზრით, გადაზიდვების შესაძლო ტარიფები გახლავთ. გია ცაგარელის აზრით;

[გია ცაგარლის ხმა] "მძიმე რელიეფური და კლიმატური პირობების რეგიონებში ასეთი გზების ექსპლოატაცია თავისთავად აძვირებს გადაზუდვებს, და შესაბამისად მასიური მძიმე ტვირთების არსებობის პირობებში, რასაკვირველია ასეთი მონაკვეთი რკინიგზისა გაამართლებს მაგრამ, აქვს თავისი სირთულეები და აისახება ტარიფში და აი სწორეთ ტარიფის მიზიდველობა რჩება ერთ-ერთ საკვანძო პრობლემად." (სტილი დაცულია)

მოლაპარაკებები ფორსირებულად მიმდინარეობს და გიორგი არველაძის თქმით, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საბოლოო ხელშეკრულება ორ-სამ კვირაში გაფორმდება. სამივე ქვეყანაში ახალი გზის მშენებლობა დაიწყება, ხოლო აზერბაიჯანსა და საქართველოში ძველი მონაკვეთების რეკონსტრუქციაც მოხდება. პროექტის საერთო ღირებულება მიმდებარე ინფრასრტრუქტურის ჩათვლით 600 მილიონ დოლარს შეადგენს. მშენებლობისთვის, კი 422 მილიონია საჭირო.

ცნობილია, რომ ამერიკის კონგრესმა უარი თქვა ამ პროექტის დაფინანსებაზე. თუმცა ფული მაინც გამოიძებნა დაAაზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს 120 მილიონი დოლარის უპროცენტო, გრძელვადიან კრედიტს გამოუყოფს.

გიორგი არველაძე:

[გიორგი არცველაძის ხმა] "საქართველოს ფული არ დაიხარჯება ამ მშენებლობაზე და ეს არის გრძელვადიანი თითქმის უპროცენტო კრედიტი, რაც ასევე არის ძალიან სასიამოვნო მიღწევა. იქნება მთლიანად აზერბაიჯანული ფული და ასევე თურქული მხარე იღებს ვალდებულებებს, რომ სპროექტო სამუშაოები დააფინასოს." (სტილი დაცულია)

თუმცა დაფინანსების ფორმასთან დაკავშირებითაც არაერთმნიშვნელოვანი მოსაზრებები არსებობს.

[გია ხუხაშვულის ხმა] ,,მე ვფიქრობ რომ შეიძლებოდა კიდევ უკეთესი პირობების მიღება, ანუ კრედიტის სახით კი არ ყოფილიყო ქართული მხარე უზრუნველყოფილი, არამედ ფინანსური რისკები გაენაწილებინა თავის თავზე როგორც აზერბაიჯანს ასევე თურქეთს, გამომდინარე იქიდან,რომ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ინტერესი არის უფრო მაღალი ვიდრე ჩვენ გვაქვს ამ შერმთხვევაში მოტივაცია." (სტილი დაცულია) - ამბობს გია ხუხაშვილი.

ამრიგად, საქართველო სესხს აიღებს. ეს თავისთავად გულისხმობს გარკვეულ რისკებს. მისცემს თუ არა საქართველოს რკინიგზის ექსპლუატაცია იმის შესაძლებლობას, რომ მისი შენახვის ხარჯებიც დაიფაროს და ვალიც. მოგებაზე კი, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი.

მთავარი კითხვა აქ ალბათ ის არის, იქნება თუ არა ეს პროექტი მომგებიანი და რა მექანიზმები ჩაიდება ხელშეკრულებაში არასაკმარისი ტვირთბრუნვის შემთხვევაში საქართველოსათვის პროექტის წამგებიანობის გამოსარიცხად.

პროექტზე საუბრის განახლების მომენტიდანვე ნათელი იყო, რომ სომხეთის მხარე რომელსაც მაგისტრალი გვერდს აუვლის ამ მშენებლობას გააპროტესტებდა.

[გეგამ გარიბჯანიანის ხმა] "ჩვენ ვთვლით, რომ უკვე არსებობს ყარსი – გიუმრი - ახალქალაქის რკინიგზა. შეიძლება უბრალოდ საზღვრების გახსნა და მეორე დღიდან რკინიგზა ამოქმედდება." (სტილი დაცულია) - ამბობს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გეგამ გარიბჯანიანი.

თუ რამდენად რეალისტურია ყარსი - გიუმრი – ახალქალაქის რკინიგზის ამოქმედება, ამაზე ექსპერტები შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამენ:

[გია ცაგარელის ხმა] ,, საერთოდ, ეს პროექტი პოლიტიკურადაც ანგაჟირებულია, თვალთმაქცობა იქნება არაფერი ვთქვათ იმის თაობაზე, რომ აქ პოლიტიკური ასპექტი ძლიერია. სომხეთ-თურქეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ორი გარემოებიის გათვალისწინებით დღეს შეუძლებელია. ერტია საკუთრივ სომხეთ თურქეთის პოლიტიკური ურთიერთობები. დასაც არის დაძაბულობის ელემენტები და მეორე გარემოება არის სომხეთ Aზერბაიჯანის დაძაბული ურთიერთიბები ფაქტიური საომარი მდგომარეობა . და ორსპექტივა იმ მონაკვეთის ამუშავებისა დღეს არ არსებობს,’’ (სტილი დაცულია) გვითხრა გია ცაგარელმა.

რაც შეეხება ყარსი ახალქალაქი- ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას. - უკვე წელს თბილისი-ახალქალაქის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება.

მატარებელი გვიახლოვდება... არის თუ არა შესაძლებელი, ამ მაგისტრალზე სამგზავრო მატარებლებმაც იარონ?

[გია ცაგარელის ხმა] ,,ჰო…ეს იდეა არსებობდა...”

ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია, თუმცა, შესაძლოა, ის დღეც მოვიდეს, როცა კომფორტული მატარებელი თბილისიდან სტამბულში ჩავა და ევროპისაკენ მიმავალი, ცნობილი აღმოსავლეთის ექსპრესის გვერდით ჩამოდგება.

მარინა ვაშაყმაძე, რადიო თავისუფლება, თბილისი.



გესაუბრებით ქართული ღვინის ”ევროპულ” პერსპექტივებზე


ბიძინ რამიშვილი:
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 2006 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ღვინის იმპორტი 46 პროცენტით შემცირდა. რუსეთის მიერ ქართული ღვინისთვის გამოცხადებულმა ემბარგომ ქართული ღვინის მწარმოებლები, რბილად რომ ითქვას, რთულ ვითარებაში ჩააყენა. ბევრმა უკვე შეამცირა ღვინის წარმოება და მუშახელის რაოდენობა გაანახევრა, ბევრი კი გასაღების ახალი ბაზრის მოძიებითაა დაკავებული. ფაქტი ერთია: ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, 2 წელი მაინც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის დახურული იქნება. ქართული ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
დანამდვილებით ძნელია იმის თქმა, რამდენი ღვინო დაილია საახალწლოდ საქართველოში - ალბათ, ბევრი. თუმცა ქართული ღვინის მწარმოებელი ქარხნების პროდუქციის ასათვისებლად თუნდაც რამდენიმედღიანი სადღესასწაულო ნადიმები რომ საკმარისი არ არის, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, უფრო ე.წ. ჩამოსასხმელი ღვინის მომხმარებელია და არა ქარხნის ღვინისა, რომელიც ბევრისთვის, ფასის გათვალისწინებით, ძვირი სიამოვნებაა.

თბილისის ცენტრში მაღაზია ”ღვინის სამყარო” შუადღისას თითქმის ცარიელია. აქ მყიდველები, უმეტესად, უცხოელები არიან, რომლებიც დიდხანს და გემოვნებით ირჩევენ ქართულ ღვინოს. ”ღვინის სამყაროს” დირექტორი შოთა დევნოზაშვილი მეუბნება, რომ უცხოელები, ქართველებისგან განსხვავებით, ღვინოებში საკმაოდ კარგად ერკვევიან:

[შოთა დევნოზაშვილის ხმა] ” ძალიან კარგად ერკვევიან ჩვენი უცხოელი სტუმრები - განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპიდან. ცუდად ერკვევა, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა. მწყინს. მაგალითად, ცნობილი ადამიანი მოდის და ვერ ერკვევა ღვინოში. არადა, მთელი თავისი დღე და მოსწრება ღვინის მომხმარებლად ითვლება. კურიოზული შემთხვევებიც კია. ზოგი წითელ ”წინანდალს” ითხოვს ან მიმტკიცებს, თეთრი ”ხვანჭკარა” არსებობსო. ასეთი რამეები ხდება. ვერ ერკვევიან ღვინის ტიპში.”

ის კი, ვინც ერკვევა, მაღაზიაში მისვლისას თავისი გემოვნებით ირჩევს ღვინოს, რადგან ღვინის სიკარგე მხოლოდ ძალიან ზოგადად თუ შეიძლება განისაზღვროს. დაახლოებით, ასე:

[შოთა დევნოზაშვილის ხმა] ” კარგი ღვინო უნდა იყოს კარგი ყურძნისგან დამზადებული. კარგი ყურძნისთვის - კარგი ვენახი უნდა იყოს. კლიმატურმა პირობებმა ხელი უნდა შეუწყოს. აგროტექნიკური ღონისძიებები დროზე უნდა გატარდეს. მერე უკვე ტექნოლოგზეა დამოკიდებული. თუ კარგი ყურძენი მოვიდა, ტექნოლოგიური ოპერაციების სრული დაცვა გარანტიაა იმისა, რომ მიიღო მაღალხარისხოვანი ღვინო.”

შოთა დევნოზაშვილი კიდევ ერთ დაკვირვებას მიზიარებს: უცხოელები ქართულ ღვინოს სიამოვნებით ყიდულობენ და ძალიან მოსწონთო. სხვა საკითხია, რომ უცხოელ ჩამომსვლელთა რაოდენობის ზრდა ქართული ღვინით ვაჭრობის გასაფართოებლად საკმარისი არ არის. ამ პრობლემამ მთელი სიმწვავით თავი მას შემდეგ იჩინა, რაც, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გადაწყვეტილებით, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის შეტანა აიკრძალა. საქართველოში ბატონ ონიშჩენკოს გადაწყვეტილების საფუძვლად პოლიტიკური მოტივები მიაჩნიათ, თუმცა ეს დიდი ვერაფერი შეღავათია ქართველი მეღვინეებისთვის, ვისთვისაც ახალი ბაზრის აღმოჩენა დღეს ნომერი პირველი ამოცანაა. ლევან მჭედლიშვილი კომპანია ”ქართული ღვინის ოჯახის” გენერალური მენეჯერია. ღვინის რამდენიმე მწარმოებელმა კომპანიამ ახალი ბაზრების მოსაძიებლად ძალების და ფულადი რესურსების გაერთიანება გადაწყვიტა - ლევან მჭედლიშვილს სწორედ ქართული ღვინის ევროპულ ბრენდზე ზრუნვა დაევალა:

[ლევან მჭედლიშვილის ხმა] ” რუსეთის ბაზრის დაკეტვის მერე, საშუალო და მცირე კომპანიებს არა აქვთ საშუალება ჰქონდეთ კომერციული განყოფილება, თავისი მარკეტინგით, ბრენდ-მენეჯერებით და ასე შემდეგ, ისევე როგორც თითოეულ ბაზარზე პროდუქციის კონტროლისა და პოზიცირების საშუალება. ამიტომ შეიქმნა აზრი, ერთი ბრენდის ქვეშ რამდენიმე მცირე კომპანია გაერთიანდეს და ეს ხარჯები გაიყონ. ამაზე დაიწყო მუშაობა გტზ-თან ერთად. ეს იდეა შარშან აპრილიდან წამოვიდა, მაგრამ პროცესი გაიწელა. ახლა ყველაფერი ჩამოყალიბებულია. ახლა არის ბრენდირების პროცესი. ეს გულისხმობს არა ახალი ეტიკეტის მიკვრას, არამედ სრული პაკეტის შექმნას, რადგან ნებისმიერ - განსაკუთრებით ევროპულ - ბაზარზე სასურველია პროდუქტი წარმოდგენილი იყოს განსხვავებულად.”(სტილი დაცულია).

[ჟურნალისტის ხმა ] ევროპის ბაზარი ღვინით საკმაოდ გაჯერებულია. ვისზე გაქვთ გათვლილი ქართული ღვინო?

[ლევან მჭედლიშვილის ხმა] “ჯერ დავამატებ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ნოიშტატის გერმანიის მეღვინეთა ინსტიტუტთან, რომელიც გვეხმარება, განვსაზღვროთ ის ღვინოები, რომელზეც ევროპის ბაზარზე მოთხოვნილება იქნება. გარდა ამისა, არსებობს გამოცემა ”ვინო ვი” - ამ ჟურნალის მთავარი რედაქტორი ჩვენი პარტნიორია. აქედან გამომდინარე, შეირჩა ის ღვინოები, რომლებიც არის მაღალხარისხოვანი, შესაბამისად - მაღალი ფასის სეგმენტის. მათი რეალიზაციის გზები იქნება არა სუპერმარკეტი ან დისქაუნთ-შოფები, არამედ ღვინის ბუტიკები. დაბალი ხარისხის ღვინით შესვლა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.”(სტილი დაცულია)

ასე რომ, ქართული ღვინო ღვინის ბუტიკებში გაიყიდება. თუ როდის - ჯერ ცნობილი არ არის. იმასაც გეტყვით, რომ ”ქართული ღვინის ოჯახთან” თანამშრომლობს გერმანელი ექსპერტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ევროპის ბაზარზე სამხრეთაფრიკული ღვინის დამკვიდრების პროექტს ხელმძღვანელობდა. და საკმაოდ წარმატებითაც.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი.



ვის და რატომ არ მოსწონს გერმანიის მოთხოვნა, მთელს ევროკავშირში აიკრძალოს ნაცისტური სიმბოლოები

ბიძინა რამიშვილი:
ამ დღეებში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ერთ ინიციატივას, რომლითაც გერმანია გამოდის: გერმანია, მოგეხსენებათ, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა 1 იანვრიდან და, ამ რანგში, რამდენიმე სხვა ამოცანასთან ერთად, ქსენოფობიასთან ბრძოლასაც აპირებს. შესაბამისად, მოითხოვს, რომ მთელს ევროკავშირში აიკრძალოს ნაცისტური სიმბოლოების გამოყენება. მაგრამ ქსენოფობიასთან ბრძოლის ეს ფორმა ყველასთვის არ არის მისაღები. აგორდა დისკუსია, რომლის შესახებაც მარიამ ჭიაურელი გიამბობთ.

მარიამ ჭიაურელი:
ამ დღეებში რამდენჯერმე ვახსენეთ ანგელა მერკელის - გერმანიის კანცლერის გამოსვლა ევროპარლამენტის წინაშე, როცა მან, ევროკავშირის თავმჯდომარის რანგში, გერმანიის პრიორიტეტებზე ილაპარაკა. აი, ერთი ნაწყვეტი მისი გამოსვლიდან:

[მერკელის ხმა] “ევროპა არასოდეს უნდა შეეგუოს არატოლერანტობას. ევროპა არასოდეს უნდა შეეგუოს ძალადობას მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტებისაგან, ძალადობას რელიგიის სახელით”.

არა მარტო მერკელი- გერმანიაში ბევრი პოლიტიკოსი, ბევრი ინტელექტუალია შეშფოთებული მემარჯვენე ექსტრემიზმის მომძლავრებით თვით გერმანიასა თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ამიტომ გერმანია, სადაც მეორე მსოფლიო ომის საზარელი დანაშაული დღემდე აქტიური განხილვისა და დისკუსიების საგანია, ევროკავშირის ყველა წევრს სთავაზობს, მიიღონ ზომა, რომელიც თვით გერმანიამ მრავალი წლის წინ მიიღო: აკრძალონ ჰოლოკოსტის უარყოფა. ანუ, კანონით დასაჯონ ის, ვინც უარყოფს, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში, მილიონობითი ებრაელი იქნა გაჟლეტილი.

ეს კანონი, გერმანიის გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს - ევროკავშირის, უმეტესწილად, ცენტრალურევროპულ წევრ ქვეყნებში. მაგრამ სხვაგან - ბრიტანეთში, შვეციაში - კანონები უწინარეს ყოვლისა სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ არის მიმართული.

ასეა თუ ისე, მითქმა მოთქმა და უკმაყოფილება ჰოლოკოსტის უარყოფის აკრძალვისაკენ მოწოდებამ კი არ გამოიწვია, არამედ ერთი ნაცისტური სიმბოლოს მთელს ევროკავშირში აკრძალვის მოთხოვნამ. საქმე ეხება სვასტიკას.

ევროპაში სვასტიკა ნაცისტური რეჟიმის სიმბოლოდ აღიქმება - იმ რეჟიმის სიმბოლოდ, რომელმაც 6 მილიონი ებრაელის და კიდევ მილიონობით სხვა ადამიანის სიცოცხლე შიეწირა. არადა, სვასტიკას გაცილებით უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, ვიდრე გერმანიაში მეოცე საუკუნის 30-იან წლებში აღზევებული პარტიის დროშების შემკობა იყო.
მას საუკუნეებია, ბევრ კულტურაში იცნობენ.

ინდუისტურ ტრადიციაში, განმარტავს რამეშ კალიდაი, ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია “ინდუისტური ფორუმის” ხელმძღვანელი, სვასტიკა არის მშვიდობისა და ბედნიერების სიმბოლო, რომელსაც ქორწილებში, რელიგიური ცერემონიების დროს, სახლის შემკობისას იყენებენ. ამიტომ, კალიდაის რწმენით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ არა თვით სვასტიკაზე, არამედ კონტექსტზე, რომელშიც მას იყენებენ. კონტექსტის მნიშვნელობის საილუსტრაციოდ, რამეშ კალიდაი ჯვრის სიმბოლოს იშველიებს: [კალიდაის ხმა] “უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთი სიმბოლო სხვადასხვაგვარდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. როგორც, მაგალითად, გასულ საუკუნეში “კუ კლუქს კლანი” წვავდა ჯვრებს ამერიკაში სიძულვილის გასაღვივებლად. ამაზე ხალხს არ ჰქონია რეაქცია - “მოდით, ეკლესიებში ჯვრების გამოყენება ავკრძალოთო”. ზუსტად ასევე, მარტო ის, რომ ნაცისტურმა პარტიამ არასწორად იხმარა სიმბოლო, არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება ის რელიგიურ კონტექსტში გამოიყენო, როგორც ეს ბოლო 5 ათასი, 7 ათასის წლის მანძილზე ხდებოდა”.

ამ არგუმენტით შეიარაღებული რამეშ კალიდაი ევროპაში ინდუისტების სხვა ორგანიზაციებსაც უკავშირდება და, საერთოდ, იმედი აქვს, რომ გერმანიის მოწოდება მოწოდებადვე დარჩება - როგორც ამ ორი წლის წინ დარჩა, როცა ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვის ინიციატივით ლუქსემბურგი გამოვიდა და მაშინ იტალიის წინააღმდეგობას წააწყდა.

სანამ ევროკავშირში კამათობენ, ჩვენ სვასტიკის, თუ სვასტიკის მსგავსი სიმბოლოს ქართულ ტრადიციაში გარკვევა ვცადეთ და დავუკავშირდით გერმანისტსა და ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] “საქართველოში სვასტიკა ისევე გავრცელებულია, როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და ყველა ტერიტორიაზე. ეს არის კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოთაგანი, რომელიც ბედნიერებასთან ასოცირდება. მზის სიმბოლოა, სინათლისა და ა.შ.”

ამასთან, სვასტიკა სხვადასხვაგვარი გამოსახულებისა არსებობს - მათ შორის საათის ისრის მიმართულებით, ან მის საწინააღმდეგოდ მოტრიალე.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] “აი, თუნდაც ქართული ბორჯღალო ერთ-ერთი ტიპი არის სვასტიკისა, რომელიც გვხვდება. მაგრამ გვხვდება ზუსტად ისეთიც, როგორიცაა ინდოეთში. და ამიტომ, რასაკვირველია, სისულელეა, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ გერმანელებს პრობლემები აქვთ ამ ნიშანთან იმის გამო, რომ ცოტა ხნის განმავლობაში ნაცისტმა გერმანელებმა ეს ნიშანში გამოიყენეს თავისი ბოროტი მიზნებისათვის, ეს ნიშანი აიკრძალოს. რადგანაც ეს არის კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ნიშანთაგანი და სიმბოლოთაგანი”, -განმარტავს ლაშა ბაქრაძე. მას ბოლოს ისიც ვკითხეთ, რატომ აირჩიეს გერმანელმა ნაცისტებმა თავიანთ მთავარ სიმბოლოდ მაინცდამაინც სვასტიკა.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] “იცოდნენ რა აი, ამ სიმბოლოს სწორედ ესეთი დატვირთვა, რომ ეს არის ბედნიერების მომტანი სიმბოლო, რომ ეს არის სიკეთის მომტანი სიმბოლო, სწორედ ამიტომ აირჩიეს ნაცისტებმაც ეს სიმბოლო. მიუხედავად ამისა ამბობენ, რომ განსხვავება ყოფილა ე.ი. მარჯვნივ რომ ტრიალებს და მარცხნივ რომ ტრიალებს ამ სიმბოლოებს შორის და ზოგიერთი სიმბოლოლოგი, რომელიც რასაკვირველია, ეზოთერიულად აზროვნებს, ფიქრობს, რომ სწორედ იმან, რა მხარეზეც იყო მიტრიალებული ნაცისტების სიმბოლო, სწორედ ამან მოუტანა მერე, საბოლოო ჯამში ნაცისტებს - და სხვებსაც, რასაკვირველია, ის უბედურება, რომელიც თავს დაატყდა გერმანიასა და მთელს კაცობრიობას”.

გერმანისტი და ისტორიკოსი, ლაშა ბაქრაძე გვესაუბრა სვასტიკის ამათუიმ ასპექტზე, მათ შორის ეზოთერულზეც კი...

ამასობაში ესტონეთმა გამოაცხადა, რომ ემხრობა სვასტიკის აკრძალვას, ოღონდ მარტო მისი სიძულვილის გასაღვივებლად გამოყენების შემთხვევაში. სხვათა შორის, ესტონეთშივე, ამჟამად პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც როგორც ნაცისტური, ისე საბჭოთა სიმბოლოების საჯარო გამოყენების აკრძალვას ეხება.


[მუსიკა, Don't Let Me Be Lonely Tonight]

გარდაიცვალა საქსოფონისტი მაიკლ ბრეკერი

ბიძინა რამიშვილი:
1967 წელს ჯონ კოლტრეინის გარდაცვალების შემდეგ არცერთ საქსოფონისტს არ მოუხდენია ისეთი გავლენა ჯაზის განვითარებაზე, როგორც მაიკლ ბრეკერს. სტილისტური მრავალფეროვნებით გამორჩეულმა ბრეკერმა კოლტრეინის საშუალო პერიოდისთვის დამახასიათებელი ემოციური ინტენსიობა და ვირტუოზული ტექნიკა მკაფიოდ გამოკვეთილ ინდივიდუალურ სტილამდე განავითარა. ამ სტილს იმდენი მიმბაძველი გაუჩნდა, რომ ამერიკის ზოგიერთ უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში წარმატებულ სტუდენტს ჟარგონზე Ready-Brecker-ს, “ბრეკერად გამზადებულს” უწოდებენ ხოლმე.

[კიკნაძის ხმა]

ბრეკერი ძალიან აქტიური და ნაყოფიერი მუსიკოსი გახლდათ. იგი იყო თავისი საკუთარი ჯგუფების ლიდერი, თავის უფროს ძმასთან, რენდისთან ერთად ჰქონდა ფიუჟენის ბენდი “ბრეკერ ბრაზერსი”, იყო ჯგუფების, Dreams-ისა და Steps Ahead-ის დასაარსებელი. გარდა ამისა იგი თანამშრომლობდა ჯაზის ლეგენდებთან - ბილი კობჰემთან, ჰორას სილვერთან და ჰერბი ჰენკოკთან.
ამავე დროს ბრეკერი ძალზე ხშირად ევლინებოდა მსმენელს სეშნის მუსიკოსის ამპლუაში, მათ შორის, მას იწვევდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან პოლ საიმონი, ჯეიმს ტეილორი, სტილი დენი, დაიარ სტრეიტსი თუ ჯონი მიჩელი. ბრეკერი თერთმეტი გრემითაა დაჯილდოებული.

90-იანი წლების დამდეგიდან მაიკლ ბრეკერი უფრო მეტად საკუთარ კვარტეტში გამოდიოდა. მის გარდა მასში უკრავდნენ პიანისტი ჯოი კალდერაცო, ბასისტი ჯეიმს ჯინუსი და დრამერი ჯეფ “ტეინ” უოტსი. ამავე დროს, 1987 წლიდან მოკიდებული იგი თითქმის ყოველ წელს უშვებდა სოლო ალბომებს. 2002 წლიდან კი გამოდიოდა ჰერბი ჰენკოკის მიერ მაილს დევისისა და ჯონ კოლტრეინის საპატივცემულოდ ორგანიზებულ ტურნეში. ჰენკოკისა და ბრეკერის გარდა ამ ცნობილ პროექტში, რომელსაც Directions In Jazz ეწოდება, მონაწილეობდნენ მესაყვირე როი ჰარგროუვი, ბასისტი ჯონ პატიტუჩი და დრამერი ბრაიან ბლეიდი.
მაიკლ ბრეკერი, 1949 წელს დაიბადა ფილადელფიაში. მამამისს, მოყვარულ პიანისტს, ის და მისი ძმა ხშირად დაჰყავდა ხოლმე მაილს დევისის, ტელონიუს მანკისა თუ დიუკ ელინგტონის კონცერტებზე.
თავიდან ინდიანის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი თავისი უფროსი ძმის, რენდის გზას გაჰყვა და ჩავიდა ნიუ იორკში, სადაც 1969 წელს ბილი კობჰემთან ერთად დაიწყეს დაკვრა ანსამბლში Dreams. მალე მათ ჰორას სილვერის კვინტეტში ვხედავთ, სადაც სოულ ჯაზს და ჰარდ ბოპს უკრავდნენ.
სილვერთან ბრეკერები 1974 წლამდე უკრავდნენ, შემდეგ კვლავ კობჰემთან მოკლე ხნით დაბრუნების შემდეგ ძმებმა შექმნეს საკუთარი ჯგუფი Brecker Brothers, რომელმაც მთელი რიგი წარმატებული ალბომები ჩაწერა 1974-81 წლებში. ბენდმა მოახდინა როკისა და სოულის რიტმების კომბინირება ჯაზთან. მათ ჟანრობრივ მრავალფეროვნებას კარგად ასაავს მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომის სათაურიც - Heavy Metal Be-Bop. ყველაზე დიდი წარმატება წილად ხვდა მათ კომპოზიციას East River-რომელიც 1978 წელს ჰითლისტშიც მოხვდა.

[მუსიკა, East River]

მიუხედავად წარმატებებისა Brecker Brothers-მა 1981 წელს შეწყვიტა გამოსვლები. 90-იან წლებში კი მთლიანად გარდაიქმნა და უკვე როგორც აკუსტიკური ჯაზის ჯგუფმა გააგრძელა არსებობა.
კიდევ ორ ანსამბლში, Steps-სა და Steps Ahead-ში ვიბრაფონისტ მაიკლ მაინიერისთან ერთად გაომსვლებით მაიკლ ბრეკერმა ახალი მიმართულება მისცა 80-იანი წლების როკ ფიუჟენს. ამ პერიოდში იგი ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად უკრავდა, როგორებიც არიან გიტარისტი მაიკ სტერნი და პიანისტი დონ გროლნიკი, ბასისტები ედი გომესი და დარილ ჯონსი.
1987 წელს კი მაიკლ ბრეკერმა გამოუშვა პირველი სოლო ალბომი, რომლსაც ასეც ეწოდება: Michael Brecker. სხვათა შორის მასზე ბრეკერმა იხმარა ე.წ. ელექტრონული სასულე ინსტრუმენტი, რომლითაც საქსოფონისტის წარმოუდგენელი ტექნიკისა და ელექტრონული სინთეზატორის შესაძლებლობების კომბინირება მოხერხდა.
ბოლო პერიოდის ჩანაწერებიდან ვახსენებ ალბომებს Tales From the Hudson, Two Blocks From the Edge, Time is of the Essence, ბალადების კრებულს Nearness Of You, რომელსაც ბრეკერთან ერთად კიდევ ხუთი ვარსკვლავის სახელი ამშვენებს - ჰერბი ჰენკოკი, პატ მეთინი, ჩარლი ჰეიდენი, ჯეკ დეჯონეტი და ჯეიმს ტეილორი.
მაიკლ ბრეკერზე სიუჟეტის ბოლოს მისი შესრულებით გთავაზობთ ჯონ კოლტრეინის კომპოზიცას Naima ზემოხსენებული ალბომიდან Directions In Jazz.

[მუსიკა, Naima]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. ხმის რეჟისორები გახლდნენ: პრაღაში - ანგელინა შკურენკო, თბილისში - ლევან გვარამაძე.
მომავალ შეხვედრამდე რადიო თავისუფლების ეთერში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG