Accessibility links

logo-print

ოფიციალური თბილისის რეაქცია რუსეთის ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ


22 იანვარს თბილისში დაბრუნდება რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო.

როგორც ცნობილია, მან საქართველო 2006 წლის სექტემბრის ბოლოს დატოვა, რუსეთის ჯაშუშების დაკავების ცნობილი სკანდალის შემდეგ, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა მოჰყვა. რუსეთის ელჩის საქართველოში დაბრუნებას ბევრი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პირველ ნაბიჯად მიიჩნევს.

იმის გამო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღდგენილი ჯერაც არ არის, რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოში სომხეთის გავლით დაბრუნდება. რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ამ ნაბიჯს რუსეთის კეთილი ნების გამოხატულებად მიიჩნევენ. რუსეთის დუმაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კომიტეტის წევრს ვიქტორ ალქსნისს მოვუსმინოთ:

[ვიქტორ ალქსნისის კომენტარი] ” თბილისში ელჩის დაბრუნებით რუსეთმა კეთილი ნების ნაბიჯი გადადგა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა სისუსტე გამოავლინა. პირიქით, მან თავისი ძალისა და თავდაჯერებულობის დემონსტრირება მოახდინა. ახლა ჩვენ ველით საპასუხო ნაბიჯებს საქართველოს მხრიდან.”

რუსეთის ელჩის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლებიდან საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი გამოეხმაურა და, ისიც, სააგენტო ”ინტერფაქსისათვის” მიცემულ ინტერვიუში:

”ოფიციალური თბილისი მიესალმება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას საქართველოში ელჩის დაბრუნების თაობაზე და მზად არის მასთან ნაყოფიერად ითანამშრომლოს,” - აღნიშნა გელა ბეჟუაშვილმა და “ინტერფაქსისათვის” მიცემულ ინტერვიუში იმ პრინციპებზეც ილაპარაკა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ორი ქვეყნის ურთიერთობას.
ეს პრინციპები საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ 2006 წლის მიწურულს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჩამოაყალიბა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ჩვენი ურთიერთობების დასარეგულირებლად აუცილებელია იმის გაგება და მიღება, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად განსაზღვროს განვითარების კურსი და, შესაბამისად, კეთილმეზობლური ურთიერთობები ააგოს."

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ელჩის დაბრუნების გადაწყვეტილებით მოსკოვმა თბილისის არჩევანის აღიარება დაიწყო, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ. მათ შორისაა ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილიც:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”...გარიგება შედგა და საქართველომ რაღაც მნიშვნელოვანი დათმო. და ამას ჩვენ მოგვიანებით დავინახავთ.”

პესიმისტური მოლოდინი გამართლდება თუ ოპტიმისტური, ეს რუსეთის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG