Accessibility links

რუსეთისა და გერმანიის ლიდერები უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობას ემხრობიან


რუსეთის პრეზიდენტმა კვირას სოჭში უმასპინძლა გერმანიის კანცლერს. ეს იყო ანგელა მერკელის პირველი შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან მას შემდეგ, რაც გერმანია

შეუდგა ევროკავშირისა და “დიდი რვიანის” მორიგე თავმჯდომარეობას.

საქართველოსთვის განსაკუთრებით საყურადღებო გამოდგა ერთ-ერთი განცხადება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე:

[პუტინის ხმა] “ბუნებრივია, თუ კოსოვოში გარკვეული გზით მოვაგვარებთ პრობლემას, ეს მიდგომა, ეს გადაწყვეტილება უნივერსალური უნდა იყოს ანალოგიური შემთხვევებისთვის. თუ ანგარიშს არ გავუწევთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ვიტყვით, “რას იზამ, ასე გამოვიდაო” და არაფერს მოვიმოქმედებთ - და საერთაშორისო თანამეგობრობას არაფრის გაკეთება არ სურს სერბიის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მაშინ კეთილი: მაშინ სხვა ხალხებსაც ექნებათ ამის თქმის უფლება და ჩვენი დამოკიდებულებაც ასეთი იქნება”.

ვლადიმირ პუტინისა და ზოგი სხვა რუსი მოღვაწის ადრინდელი განცხადებებიდან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არ არის, რომელ “ხალხებთან” გაავლო პუტინმა პარალელი კოსოვოს საკითხზე საუბრისას: საქმე ეხება, უწინარეს ყოვლისა, საქართველოსაგან გამოყოფის მსურველებს - აფხაზ და ოს სეპარატისტებს. მაგრამ სოჭში, რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრისას, საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც.

ანგელა მერკელმა რუსული იცის, ვლადიმირ პუტინმა - გერმანული. თუმცა ეს, ბუნებრივია, არ არის ყველაფერში საერთო ენის გამონახვის გარანტი. გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაწბილება რუსეთის მოქმედებით მიმდინარე თვეში: კერძოდ, რუსეთის მიერ ბელორუსიისთვის ნავთობის მიწოდების შეჩერებით ისე, რომ არც კი გაუფრთხილებია ევროკავშირის წევრები, რომლებიც რუსულ ნავთობს ბელორუსიის ტერიტორიაზე ტრანზიტის გზით იღებენ და იანვარში რამდენიმე დღე, რუსეთიდან იმპორტის გარეშე დარჩნენ.

[მერკელის ხმა] “ჩვენი სურვილია, გვქონდეს სანდო ურთიერთობები ენრგომომარაგების სფეროში და ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მომავლისთვის გავაუმჯობესოთ ერთმანეთისთვის ინფორმაციის მიწოდება”.

მერკელმა ილაპარაკა ენერგეტიკის სფეროში გრძელვადიან, 10-15-წლიან ურთიერთდამოკიდებულებაზე ევროკავშირსა და რუსეთს შორის, რაც, მისი რწმენით, შესაძლოა ორივე მხარისთვის მომგებიანი გამოდგეს.

პრეზიდენტმა პუტინმა, თავის მხრივ, კანცლერს აღუთქვა, რომ რუსეთი სანდო მომმარაგებელი დარჩება და დააჩქარებს ევროპასთან დამაკავშირებელი მილსადენების მშენებლობას. მაგრამ, იმადვროულად, პუტინმა სხვებს დააკისრა პასუხისმგებლობა ბოლოდროინდელი ენერგეტიკული კრიზისებისთვს: სატრანზიტო ქვეყნებს, უკრაინასა და ბელორუსია, რომელთა ტერიტორიებზეც გადის რუსული საექსპორტო გაზი და ნავთობი. [პუტინის ხმა] “გვსურს თანამშრომლობა სატრანზიტო სახელმწიფოებთან, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ურთიერთობის ნათლად განსაზღვრული და ყველასთვის საერთო პრინციპებით. ყველასთვის საერთოთი! პოლიტიკური და ნებისმიერი სხვა კონიუნქტურისაგან დამოუკიდებლად. ამიტომ ყველას ვეუბნებით: პარტნიორობა და თანამშროლობა - კი, პარაზიტობა - არა”.

სოჭში გამართული შეხვედრის ბოლოს ანგელა მერკელი ოპტიმისტური განცხადებით გამოვიდა. მან მიუთითა იმაზე, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის უთანხმოების მოგვარება შესაძლებელია ორ მხარეს შორის პარნტიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობისას.

[მერკელის ხმა] “ვფიქრობ, რომ ამის შესახებ დღეს ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაში, შესაძლებელია, შევიდეს ისეთი პუნქტები (ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის მხრიდან), რომლებითაც შევათანხმებთ მექანიზმებს, როგორ მივიღოთ ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია გაუგებრობებისა და გაწბილების თავიდან ასაცილებლად”.

ამდენად, პარტნიორობის შესახებ რუსეთისა და ევროკავშირის ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა გრძელდება. და კიდევ ერთი საკითხი: პუტინმა და მერკელმა გამონახეს საერთო პოზიცია ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა განმარტა, ეს საკითხი მხოლოდ პოლიტიკისა და დიპლომატიის გზით უნდა მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG