Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს საქართველოს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა


ამერიკის შეერთებული შტატების სენატი საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებასა

და ამ მიზნით ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებას აპირებს. ინიციატივა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს რიჩარდ ლუგარს ეკუთვნის. „ამერიკა მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ ინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებას. ამერიკამ უნდა გააფართოოს საქართველოსთან ურთიერთობა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებაზე მოლაპარაკების დაწყებით“, ნათქვამია რეზოლუციაში, რომლის პროექტი განსახილველად სენატის საფინანსო კომიტეტში ორიოდე დღის წინ, 20 იანვარს, შევიდა. რას ნიშნავს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება და რას უნდა ელოდეს საქართველოს ეკონომიკა სიახლისგან?


სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა მაღალი ინტენსივობით არ გამოირჩევა, თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა უთუოდ გაიზრდება. მთავარია ქართველმა მეწარმეებმა ხარისხიანი პროდუქციის წარმოება შეძლონ:

[გია ხუხაშვილის ხმა] „ბუნებრივია, პირველ რიგში, ეს არის მასტიმულირებელი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს და კიდევ ერთი იმპულსი მისცეს და ხელი შეუწყოს მისი ეკონომიკის განვითარებას. სხვა საკითხია, რამდენად მოახერხებს ჩვენი ეკონომიკა ამერიკის ბაზარზე შეღწევას, იმიტომ რომ შეღავათები თავისთავად არაფრის მომცემი არ არის, თუ ჩვენ არ გვექნა კონკურენტუნარიანი პროდუქცია. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ პროცესების ისე წარმართვას, რომ ამერიკული ბაზრისთვის საინტერესო იყოს ჩვენი პროდუქტი.“ (სტილი დაცულია)

გია ხუხაშვილის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი საბაჟო და საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც უთუოდ მხარეთა განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, მით უმეტეს, რომ ამერიკამ, ჯექსონ-ვენიკის შესწორებით, საბჭოთა კავშირისთვის დაწესებული შეზღუდვები საქართველოს ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ მოუხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იხსენებს:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „საქართველოს ეს შეზღუდვები მოეხსნა რეფორმების გატარებისათვის, ანუ ეკონომიკის ბაზრის პრინციპებზე გადაყვანის გამო, და, ასევე, დემოკრატიის თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯებისათვის.“

ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში საქართველომ საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატები თავის სტრატეგიულ მოკავშირეს ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრაში ეხმარება:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „ჩვენი ამოცანა არის ექსპორტის რეორიენტირება ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან დასავლეთით, ანუ ევროკავშირის, ამერიკისა და შორეული აღმოსავლეთის დემოკრატიული ქვეყნებისკენ. რაც უფრო გაიზრდება ასეთი დემოკრატიული ქვეყნების წილი ჩვენი ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში, უფრო საფუძვლიანი და მყარი იქნება ჩვენი ეკონომიკა.“

თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტები განმარტავენ, ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის მხოლოდ შეღავათიანი რეჟიმის ამოქმედება არ კმარა. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება არ აწესებს შეღავათებს უხარისხო ნაწარმის გავრცელებაზე:

[გია ხუხაშვილის ხმა] „შეღავათები ეხება მხოლოდ საგადასახადო და საბაჟო რეჟიმებს და არა პროდუქციის ხარისხს. ამერიკამ გადადგა პირველი ნაბიჯი, ახლა ჯერი ჩვენს ეკონომიკაზეა. ანუ ეს არის შანსი, რომელსაც გამოყენება უნდა, თუმცა მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი.“

მაგრამ, ეკონომიკურთან ერთად, სენატორ რიჩარდ ლუგარის ინიციატივას აქვს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, დატვირთვაც. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი განმარტავს:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ინიციატივაა, უპირველეს ყოვლისა, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკა, მაშინ მას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ეს იქნება სერიოზული პოლიტიკური გზავნილი როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის.“


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG