Accessibility links

logo-print

ვლადიმირ ბეხტერევი და პარანოია


20 იანვარს მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ ცნობილი რუსი ნევროლოგის, ფსიქიატრის, ფსიქოლოგის - ვლადიმირ ბეხტერევის დაბადების ასი წლისთავი აღნიშნა.


თუმცა რეფლექსოლოგიის მეთოდის ფუძემდებლის, ბეხტერევის, სახელი მხოლოდ მედიცინას არ უკავშირდება. ვლადიმირ ბეხტერევი მეოცე საუკუნის ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული მითის გმირია. გავრცელებული აზრის თანახმად, სწორედ მან დაუსვა სტალინს დიაგნოზი ”პარანოია”, სწორედ მან იწინასწარმეტყველა პირველად 30-იანი წლების რეპრესიები. დღეს ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე”, რომელიც ვლადიმირ ბეხტერევის იუბილეს ეძღვნება, მინდა ამ მითის შესახებ გიამბოთ.

”უშვებდა ვულგარულმატერიალისტურ შეცდომებს”, ”ვერ შეძლო ფსიქოლოგიური სინამდვილის მექანისტური გაგების დაძლევა” - ასეა შეფასებული ვლადიმირ ბეხტერევის მოღვაწეობა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, რომელიც დაახლოებით მაშინ გამოიცა, როცა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციამ საბჭოთა ექიმები ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. ენციკლოპედია უფრო ადრე - თუნდაც 60-იან წლებში - რომ გამოეცათ, ბეხტერევის მოღვაწეობის კრიტიკას ვერავინ გაბედავდა: ვლადიმირ ბეხტერევი ხომ საბჭოთა ფსიქიატრიის დამფუძნებლად ითვლებოდა. 1908 წელს მან ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტი დააარსა რუსეთში, მერე ბოლშევიკურ რევოლუციას დაუჭირა მხარი. უფრო მეტიც, 1927 წელს სწორედ ბეხტერევთან გაიარა სამედიცინო შემოწმება საბჭოთა ხალხის ბელადმა - იოსებ სტალინმა.

იმხანად ბეხტერევი რეფლექსოლოგიის დამაარსებლად ითვლებოდა. სამედიცინო მეცნიერების ამ დარგის თანახმად, აზროვნების პროცესს ობიექტური გამოხატულება აქვს, ამიტომ ადამიანზე მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ მისი ქცევის მიხედვით შეიძლება. ბეხტერევის ექსპერიმენტები პოპულარული გახდა შეერთებულ შტატებში, ეგრეთ წოდებული ”ბიჰევიორისტების” წრეში. ბიჰევიორისტები უარყოფდნენ იმხანად მოდურ ფსიქოანალიტიკურ კვლევას და, ფაქტობრივად, არ ცნობდნენ არაცნობიერ სამყაროს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ადამიანის სულის შესწავლის მატერიალისტური მეთოდი - ყველაზე თანმიმდევრული მატერიალისტური მეთოდი ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში... თუკი ყველაფერის საფუძველი არა სული, არამედ მატერიაა, რა საჭიროა მაშინ ჩაღრმავება სულისა და ფსიქიკის სფეროში?

ბოლოს და ბოლოს, რეფლექსოლოგიამ ბეხტერევი სქესობრივი აღზრდის კვლევამდე მიიყვანა. იგი კატეგორიულად მოითხოვდა სქესობრივი აღზრდის დანერგვას საშუალო სკოლებში, რასაც კინაღამ მიაღწია კიდეც. 1927 წელს საბჭოთა კავშირში უკვე სერიოზულად განიხილებოდა სკოლებში ასეთი საგნის შემოღების აუცილებლობა. პოპულარული ხდებოდა ჰიპნოზით სულით ავადმყოფების მკურნალობის მეთოდიც, რომელსაც ბეხტერევი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა საბჭოთა ფსიქიატრია, რომ არა ვლადიმირ ბეხტერევის მოულოდნელი გარდაცვალება - 1928 წელს.

[გიორგი ვერულავას ხმა] ”შეუძლებელია დაცული იყოს ტოტალიტარულ საზოგადოებაში ადამიანი. ხოლო ასეთ ფსიქიატრიაში მით უმეტეს შეუძლებელია ადამიანის ღირსების დაცვა. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ვარსებობდით საზოგადოებაში, სადაც შეგუებულები ვიყავით ჩვენს არსებობას ადამიანური ღირსების დაბლა.”(სტილი დაცულია)

ქართველი ფსიქიატრი გიორგი ვერულავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ტოტალიტარულ ქვეყნებში მედიცინის დარგებიდან სწორედ ფსიქიატრია განიცდის ხოლმე ყველაზე ძლიერ დარტყმას. ვლადიმირ ბეხტერევი ამ დარტყმის პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა.

1927 წლის მიწურულს ბეხტერევმა გასინჯა სტალინი, გამოვიდა ბელადის კაბინეტიდან და განაცხადა ”პარანოია” ან ”შიზოფერენია”. მოგვიანებით იგი კრემლის ბუფეტში დაპატიჟეს და ბუტერბროდებით გაუმასპინძლდნენ. რამდენიმე საათში საბჭოთა ფსიქიატრიის დამფუძნებელი გარდაიცვალა.

ბეხტერევის გარდაცვალების ეს ვერსია საბჭოთა საზოგადოებამ პირველად 80-იანი წლების მიწურულს ჟურნალ ”ოგონიოკიდან” შეიტყო. სტატიის ავტორი - ”ოგონიოკის” მაშინდელი რედაქტორი ვიტალი კოროტიჩი - სტალინის ”გულაგებიდან” დაბრუნებული ექიმებისა და ბეხტერევის ნათესავების ჩვენებებს დაეყრდნო. ბეხტერევის მოწამვლის თეორიას მხარი დაუჭირა ფსიქიატრმა სიმონ გლუზმანმაც, რომლის შესახებ გიორგი ვერულავას ვკითხეთ.

[გიორგი ვერულავას ხმა] ”ჩვენი კოლეგა, ფსიქიატრი სიმონ გლუზმანი, რომელიც თვითონ მოხვდა იძულებითი მკურნალობის დაწესებულებაში და ოთხი წელი ჯოჯოხეთი გამოიარა... რატომ? იმიტომ, რომ მან ხმა აიმაღლა...იყვნენ ათასები და ათი ათასები, რომლებიც ემორჩილებოდნენ სისტემას, მაგრამ ამისთანა სისტემას გლუზმანი და კიდევ არაერთი სხვა ადამიანი უთხრიდნენ ძირს.”(სტილი დაცულია)

ამისთანა სისტემას ვლადიმირ ბეხტერევმაც ”გამოუთხარა ძირი”. ამისათვის მან არა მარტო სიცოცხლე გაწირა, არამედ ჰიპოკრატეს ფიციც დაარღვია... შესაძლებელია, სწორედ სამედიცინო ეთიკის დარღვევა იყოს მიზეზი იმისა, რომ ამ ცოტა ხნის წინ ბეხტერევის ნათესავებმა ძველ ჩვენებებზე უარი თქვეს - მათი აზრით, ვლადიმირ ბეხტერევი არასდროს გაამხელდა ასეთ დიაგნოზს საჯაროდ. მით უმეტეს, რომ, პუტინის ეპოქის ზოგიერთი ფსიქიატრის მტკიცებით, სტალინი პარანოიით დაავადებული არ ყოფილა, იგი ”საკმაოდ გაწონასწორებული იყო” . ბეხტერევის საქციელს დღეს სხვაგვარადაც აფასებენ: თუკი ექიმმა სტალინს სულით ავადმყოფი უწოდა, ამით მან, გარკვეულწილად, გაამართლა მისი დანაშაული - სულით ავადმყოფებს ხომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის ვერ გაასამართლებენ! და თუკი ნიკიტა ხრუშჩოვი სტალინის შესახებ ამბობდა, გიჟი იყოო... მისი ეს სიტყვები რუსული ფსიქიატრიის ერთ-ერთ დამფუძნებელს არ უნდა მიაწერონ.

მოკლედ, თანამედროვე რუსეთში ისევ დაიწყო ვლადიმირ ბეხტერევის მოღვაწეობის გადაფასება. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ფსიქიატრების აზრით, ბეხტერევის გარდაცვალების მითი შემთხვევით არ შექმნილა. საბჭოთა ფსიქიატრიის ისტორია ადასტურებს, რომ ამ ლეგენდას თავისი საფუძველი ნამდვილად აქვს:

[გიორგი ვერულავას ხმა] ”ყველამ გამოიარა ამ ”სამასმილიონიან სივრცეში” ეს დრო - დრო, როდესაც იყო მკვეთრად განსაზღვრული ნორმები სახელმწიფო გაბატონებული იდეოლოგიის და შემდგომში ეს იჭრებოდა და აირეკლებოდა ფსიქიატრიაზე... საწინააღმდეგოდ იმისა, თუ როგორ აყენებდა საკითხს მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაცია - არანაირი საზოგადოებრივი ნორმისგან განსხვავებული საქციელი, ქცევის ტიპი, შეუთავსებლობა რელიგიურ თუ გაბატონებულ ეთიკურ კატეგორიებთან არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ფსიქიატრიული დიაგნოზის დასასმელად.”(სტილი დაცულია)

გიორგი ვერულავას ”შიზოფრენიის დიაგნოზზე” ვკითხეთ. დავუშვათ, რეფლექსოლოგიის ფუძემდებელმა მართლაც დაუსვა სტალინს ასეთი დიაგნოზი; დავუშვათ, ჰიპოკრატეს ფიცი დაარღვია; სამაგიეროდ, გააფრთხილა ხალხი, თუ რა ელოდა მას ბელადისგან. რამდენად სწორი იყო მისი დიაგნოზი?

[გიორგი ვერულავას ხმა] ”შიზოფრენიას რაც შეეხება... საზოგადოებაში, რომელშიც არის ორმაგი მორალი, ორმაგი სტანდარტები - სამზარეულოს ბუნტი და, ამავე დროს, მიტინგური სოლიდარობა, ის, თავისდათავად, ფსიქიურად დაავადებულია.”(სტილი დაცულია)

გამოდის, რომ სტალინი არც არაფერ შუაშია. რუსული ფსიქიატრიის კლასიკოსმა დიაგნოზი თავად საზოგადოებას, ”უმრავლესობას” დაუსვა. შესაძლებელია, ამიტომაცაა, რომ რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი ბეხტერევის დაღუპვის ამბავს 80-იანი წლების ”დემოკრატთა მონაჩმახად” მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG