Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ალ-ყაიდის” ერთ-ერთი ლიდერი ერაყში აშშ-ის ახალი სტრატეგიის შესახებ


ერაყში სამოქმედო ახალი სტრატეგია, რომელიც 10 იანვარს წარმოადგინა აშშ-ის პრეზიდენტმა, ერაყში მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნასაც ითვალისწინებს.

ამ, ახალ გეგმას ფართო გამოხმაურება მოჰყვა, რომელსაც ორშაბათს დაემატა კიდევ ერთი: “ალ-ყაიდის” ლიდერთაგანის, აიმან ალ-ზავაჰირის განცხადება.

ალ-ზავაჰირი ერაყში აშშ-ის ახალი გეგმის შეფასებას გამოთქვამს ვიდეომიმართვაში, რომელიც ორშაბათს გამოჩნდა ერთ-ერთ ვებსაიტზე.

[ალ-ზავაჰირის ხმა] “ბუში ბოდავს თავის ბოლო გამოსვლაში და ამ ბოდვის ნაწილია გეგმა ერაყში 20 000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. მე კი მას მივმართავ შეკითხვით: რატომ მარტო 20 000 კაცი? რატომ არ აგზავნის 50 000 ან 100 000 კაცს? არ იცით, რომ ერაყში ძაღლები კბილებს ილესავენ თქვენი ჯარისკაცების გვამებისთვის? ასე რომ, გააგზავნეთ თქვენი მთელი არმია, რათა ის მოჯაჰედებმა ამოწყვიტონ და მსოფლიო თქვენი და მათი ბოროტებისაგან იხსნან, რადგან ერაყს - ხალიფატისა და ჯიჰადის მიწას - 10 თქვენნაირი არმიის დამარხვის უნარი შესწევს ალაჰის ძალითა და შეწევნით”. ასე ჟღერს მუქარა, რომელიც “ალ-ყაიდის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ოსამა ბინ-ლადენის მარჯვენა ხელად მიჩნეულმა აიმან ალ-ზავაჰირიმ გამოთქვა.

ამასობაში კი, გასული კვირის მიწურულს, დამატებითი ამერიკელი ჯარისკაცების პირველი ტალღა ჩავიდა ბაღდადში: 3200 კაცი. სულ კი 17000-მა დამატებით ჩასულმა ჯარისკაცმა უნდა იზრუნოს უსაფრთხოებაზე დედაქალაქში.

ჯორჯ ბუშმა გასულ კვირაში, 16 იანვარს გამოთქვა რწმენა, რომ ამერიკელი სამხედროები შეძლებენ წესრიგის აღდგენას: [ბუშის ხმა] “ვითარება იცვლება - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯარისკაცებს არ ვაგზავნი ისეთ სიტუაციაში, რომ საკმარისი ცვლილება არ იყოს მომხდარი და დარწმუნებული არ ვიყო, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა”.

იუწყებიან ასევე, რომ ამერიკელი ჯარისკაცები განთავსდებიან იმ უბნებში, რომელთა დაცვაც დაევალებათ. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ერაყში ამერიკული ჯარების ახალ სარდლად წარდგენილმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა. მის კანდიდატურაზე დღეს უნდა იმსჯელონ აშშ-ის სენატში. გენერალი პეტრეუსი როგორც განმარტავს, ამერიკელი სამხედროები, ერაყის არმიის შენაერთებთან ერთად, ბაღდადს გაწმენდენ მეამბოხეებისა და ექსტრემისტებისაგან.
XS
SM
MD
LG