Accessibility links

ვინ არის და რას შეცვლის ეროვნული გვარდიის ახალი სარდალი


გასულ კვირაში საქართველოს ახალმა თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთი ვაკანტური თანამდებობა დააკომპლექტა.


18 იანვარს საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსად პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაინიშნა, რომლის ბიოგრაფია ისეთივე წინააღმდეგობრივია, როგორიც ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესი. საკმაოდ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნიკოლოზ ჯანჯღავამ მოასწრო ამერიკის რამდენიმე პრესტიჟული სასწავლებლის დამთავრება, სპეცდანიშნულების ბრიგადის მეთაურობა, სამხედრო ამბოხის ჯერ ჩახშობა და შემდეგ არანაკლებ სკანდალური პროტესტის ორგანიზება. ეროვნული გვარდიის ახალი დეპარტამენტის უფროსის ბიოგრაფიის დეტალებსა და მისი დანიშვნის მოტივაციაზე მინდა გესაუბროთ.

პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ისევე როგორც ბევრი მისი კოლეგა, არ იძლევა ინტერვიუებს და არ ჩნდება წინა პლანზე. თუმცა იყო დრო, როცა ჯანჯღავას ყოველდღე აჩვენებდნენ ტელეეკრანიდან - თავდაპირველად როგორც გმირ ოფიცერს, რომლის სპეცდანიშნულების ნაწილმა 2001 წლის გაზაფხულზე თბილისთან ახლოს პროტესტის ნიშნად დაბანაკებული ეროვნული გვარდიის ამბოხის ლოკალიზებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, ამ ამბიდან ზუსტად ერთი წლის თავზე კი ჯანჯღავა ანტიგმირად იქცა, რომელმაც, ოფიციოზის თქმით, უღირსი საქციელი ჩაიდინა და საჯაროდ გამოხატა პროტესტი არმიაში გამეფებული მანკიერი მმართველობის წინააღმდეგ. აი, როგორ ხსნიდა 4 წლის წინ საკუთარ საქციელს რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ვიცე-პოლკოვნიკი ჯანჯღავა:


[ვიცე-პოლკოვნიკი ჯანჯღავა] ” ჩვენი ჯარი ჯერჯერობით შექმნილია პარტიზანული, ფეოდალური პრინციპით, ანუ მეთაური არის ლოკალური ფეოდალი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ძალა და ხელისუფლება ან ამ კორუფციულმა ჯაჭვებმა შექმნეს ის, რომ, ფაქტიურად, ჯარი არის დაქუცმაცებული.” [სტილი დაცულია’]

ნიკოლოზ ჯანჯღავა ამის შემდეგ სამხედრო საქმეს ჩამოსცილდა. სცადა ჩაწერილიყო ცნობილ ფრანგულ ”უცხოურ” ლეგიონში. დასავლეთის პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლებში მიღებული ცოდნა, კარგი ფიზიკური მონაცემები, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა საკმარისი იყო დადებითი პასუხის მისაღებად. მაგრამ ერთ წელიწადში საქართველოში ”ვარდების რევოლუცია” მოხდა. ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა იმ რამდენიმე სამხედრო ექსპერტსა და პოლიტიკოსთა შორის აღმოჩნდა, რომლებიც ხელისუფლებას ერთგვარ რეკომენდაციებს სთავაზობდნენ და მომავალი სამხედრო სტრუქტურის კონტურებზე სხვადასხვა ეთერის საშუალებით ბევრს საუბრობდნენ.

[ნიკოლოზ ჯანჯღავას ხმა] ”მომავალ თავდაცვის სამინისტროში, სამოქალაქო ბლოკში, იქნება გაერთიანებული შემდეგი განყოფილებები: საფინანსო, შესყიდვები, იურიდიული განყოფილება, საგარეო ურთიერთობებისა და, რა თქმა უნდა, გენერალური ინსპექცია. ანუ გენერლები თავის თავს აღარ შეამოწმებენ და იმას, თუ რას აკეთებენ. სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის აპარატი შეამოწმებს გენერალიტეტს, თუ რაზე იხარჯება ფული, თუ როგორ აცვიათ ჯარისკაცებს და რას აკეთებენ.”[სტილი დაცულია]

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ნიკა ჯანჯღავას პირით ლაპარაკობდა ახალი ხელისუფლება და პრეზიდენტი სააკაშვილი, რის გამოც პროგრესული იმიჯისა და უმწიკვლო ბიოგრაფიის ოფიცერს გენერალური შტაბის უფროსობას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა თავად პოლკოვნიკი ჯანჯღავა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საკმაოდ მოკრძალებულად აფასებდა საკუთარ შანსებს:

[ნიკოლოზ ჯანჯღავას ხმა] ”მე არასოდეს არ მინდოდა რაღაც თანამდებობის დაკავება, მე ყოველთვის ვაკეთებდი საქმეს. თანამდებობა ჩემთვის არის მეორადი და მესამეხარისხოვანი.”


ვიმეორებთ, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავასთან ეს ინტერვიუ 2003 წლის ბოლოს არის ჩაწერილი. შემდეგ ოფიცერი დაბრუნდა სამხედრო სტრუქტურაში და, როგორც სამხედრო სუბორდინაცია მოითხოვდა, პრესასთან ურთიერთობა შეწყვიტა. თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი კარიერა ზიგზაგისებურად წარიმართა: 2005 წლის იანვარში ყოფილი სპეცდანიშნულების ძალების სარდალი ირაკლი ოქრუაშვილმა სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტს - J-7-ს - ჩაუყენა სათავეში, იმავე წლის ნოემბერში კი დააქვეითა და მე-4 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურად დანიშნა - ბრიგადისა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე არადისციპლინებულ და რთულ სამხედრო ნაწილად ითვლებოდა შეიარაღებულ ძალებში. ამ ბრიგადაში პოლკოვნიკმა ჯანჯღავამ ორი წელი დაყო, უჩუმრად და უპრეტენზიოდ. ოფიცერს, რომელიც 2002 წელს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლასაც არ დაერიდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში სიტყვაც არ დაუძრავს არც საეჭვო საორგანიზაციო ექსპერიმენტებზე, არც კორუფციასა და სამხედრო უწყების მაღალ თანამდებობებზე, პირადი ერთგულებისა და კუთხურობის ნიშნით, არასამხედრო ბიოგრაფიის ადამიანების დანიშვნაზე. თუმცა ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ, დუმილის მიუხედავად, პოლკოვნიკმა ნიკა ჯანჯღავამ სახეც შეინარჩუნა და პრინციპული მეთაურის იმიჯიც.. ახალი თავდაცვის მინისტრის მიერ მისი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნა კი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანით არის ნაკარნახევი:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”ფსონი ამ შემთხვევაში გაკეთდა იმაზე, რომ რეზერვისტთა მომზადების პირველ ეტაპზე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ყოფილიყო ისეთი პირი, რომელიც განსაკუთრებული კონტროლისა და დისციპლინის პირობებში გაუძღვებოდა და საფუძველს ჩაუყრიდა რეზერვის მომზადებას.”

ნიკა ჯანჯღავაზე ”ფსონის” ჩამოსვლას სხვა მოტივაციაც აქვს. ზუსტად ერთი წლის წინ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სარდლად სამოქალაქო პირი, იმერეთის მხარეში პრეზიდენტის ამჟამინდელი რწმუნებული, აკაკი ბობოხიძე დაინიშნა, რამაც ძალიან გააკვირვა საქართველოს დასავლელი პარტნიორები და, კერძოდ, ამერიკელები, რომლებიც შეფობას ახორციელებენ ეროვნულ გვარდიაზე. გარდა ამისა, შესუსტდა გვარდიის ორგანიზაცია, რის გამოც რეზერვისტთა ბოლო რამდენიმე ნაკადის მომზადებით თავად საქართველოს პრეზიდენტიც უკმაყოფილო დარჩა. გაზაფხულზე საქართველოს მასშტაბით რეზერვისტთა პირველი სავალდებულო გაწვევა დაიწყება, რომლის ორგანიზების ძირითადი ტვირთი სწორედ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტზე გადავა. შესაბამისად, პოლკოვნიკმა ნიკა ჯანჯღავამ და მისმა თანამებრძოლებმა ეროვნული გვარდია რეზერვისტთა ახალი თაობების სამჭედლოდ უნდა აქციონ, რისთვისაც მათ, ”რკინისებური ხელის” გარდა, რკინის ნერვებიც დასჭირდებათ.
XS
SM
MD
LG