Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზეზების გამო დაიწყო რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება


საქართველოს საელჩომ რუსეთის ფედერაციაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ოფიციალური წერილი მიიღო.

მოსკოვი თბილისს მოლაპარაკებებზე იწვევს პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის აღდგენის საკითხების განსახილველად. რუსეთში ქართულ ღვინოზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებაზეც ალაპარაკდნენ. პარალელურად კი ჟენევაში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები გაიმართა ”ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში” რუსეთის გაწევრიანების თაობაზე. რა კავშირია ამ მოვლენებს შორის, ანუ ხდება თუ არა ეკონომიკური სანქციების გაუქმება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ?


თანახმად რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილისა, რომელიც მოსკოვში საქართველოს საელჩომ მიიღო, ორმხრივი საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესახებ მოლაპარაკება 5-6 თებერვალს გაიმართება. ამ წერილით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უპასუხებს საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელ კომისიას, რომელიც18 იანვარს მოლაპარაკების დაწყების ინიციატივით გამოვიდა.

[ალექსანდრე ჩხიკვაძის ხმა] ”უმრავლესობა ჩვენი კომპანიებისა მზად არის, რუსეთის მხრიდან ნებართვის შემთხვევაში, 10 დღის შემდეგ დაიწყოს ფრენა.”

ეს არის საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ჩხიკვაძე. როგორც ცნობილია, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტით საქართველოს კომპანიებთან ერთად რუსეთის ავიაკომპანიებმაც იზარალეს.

მოსკოვის მხრიდან დაწესებული ეკონომიკური ბლოკადა ყველაზე მეტად ქართულ მეღვინეობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეეხო. საქართველოს ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ღვინის გასაღების ბაზრის თითქმის 70 პროცენტი დაკარგეს. ქართული ალკოჰოლური სასმელების რუსეთის ბაზარზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ამ დღეებში რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო ალაპარაკდა.
მისი განცხადებით, ქართული ღვინოები გამოსწორების გზას დაადგნენ, ამ ეტაპზე კი რუსეთის მოთხოვნებს მხოლოდ აფხაზეთში ჩამოსხმული ღვინო აკმაყოფილებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პეტრე ცისკარიშვილის კომენტარი:

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] ”იქიდან შეტანილი ღვინო, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რა ხარისხის იქნება...”

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით რუსეთში არაფერი შეცვლილა ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად.

[გიორგი არველაძის ხმა] ”არ ხდება ქართული პროდუქციის დაშვება რუსეთის ბაზარზე...”

საქართველო-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ორი ქვეყნის დელეგაციები ამ დღეებში ჟენევაში მსჯელობდნენ. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობს.

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”...”

ასეთი იყო თამარ კოვზირიძის პოზიცია ჟენევაში გამგზავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

როგორც ცნობილია, ჟენევაში მხარეები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხებს განიხილავდნენ. საქართველო, მხარდაჭერის სანაცვლოდ, რუსეთისგან მოითხოვს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, კრძოდ, მოახდინოს როკისა და ფსოუს სასაზღვრო და საბაჟო პუნქტების ლეგალიზება.
მოლაპარაკებათა შედეგის შესახებ სხვა ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ რუსული მხარე კეთილგანწყობით გამოირჩეოდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე კი ირწმუნება, რომ საქართველოს პოზიცია პრინციპულია. თბილისში არ აპირებენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, მოლდავეთის მსგავსად, მხარი მხოლოდ ღვინის ემბარგოს გაუქმების გამო დაუჭირონ.
XS
SM
MD
LG