Accessibility links

პრესა


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და კონფლიქტები დღესაც ქართული პრესის მთავარ თემებად რჩება.

გთავაზობთ რამდენიმე პუბლიკაციის მიმოხილვას.

”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის მკრთალი კონტურები” - ”24 საათი” წერს, რომ ”ბოლო პერიოდში რუსეთის და დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნდა პუბლიკაციები იმის შესახებ, რომ კრემლი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის სხვადასხვა ვარიანტს ამუშავებს. 23 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხაილ კამენინმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი მტკიცებით, გავრცელებული ხმები ”მეტისმეტად გაზვიადებულია”. როგორც რუსი დიპლომატი შენიშნავს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირების პროცესის მხოლოდ ბოლო სტადიაზე იქნება განხილული. კამენინის განცხადებით, ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში აჩქარება სასურველი არ არის და ასეთი ნაბიჯების გადადგმას კამენინი არც სხვებს ურჩევს”, - წერს ”24 საათი”.

კონფლიქტების საკითხს ცოტა სხვა კუთხით აშუქებს ”რეზონანსი” და პუბლიკაციას ასეთი სათაურით აქვეყნებს: ”სოხუმის ცნობით, მერაბიშვილი გალში 1500 კაციან არმიას ქმნის”. გაზეთი წერს: ”აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ქართული სპეცსამსახურების მიერ პარტიზანული მოძრაობის შექმნაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. უფრო მეტიც, გალის რაიონის აფხაზური მილიციის თანამშრომლებმა ამ იდეის ავტორიც და შემსრულებლებიც უკვე ღიად დაასახელეს. თვითაღიარებული რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ხელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისკენ იშვერენ, პარტიზანული მოძრაობის უშუალო ხელმძღვანელებად კი ზაზა კაკულიას, კობა ახვლედიანს და ბაკურ ბულესკირიას ასახელებენ. გალის რაიონში პარტიზანული მოძრაობის არსებობას ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს”, - წერს ”რეზონანსი”.

იგივე გაზეთი სვამს კითხვას: ”სად მიდის 175 მილიონი, რომელიც ”ენერგო-პროს” ბიუჯეტში უნდა შეეტანა?” და მკითხველს შეახსენებს: ”შვიდთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ჩეხური კომპანია ”ენერგო-პრო” ენერგოობიექტებს იმაზე გაცილებით იაფად ჩაიგდებს ხელში, ვიდრე ეს თავიდან იყო გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ, არსებული შეთანხმებით, ჩეხურ კომპანიას რამდენიმე ენერგოობიექტში 307 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა, გუშინ კი გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ”ენერგო-პრო” 132 მილიონზე მორიგდნენ. სად მიდის დარჩენილი 175 მილიონი დოლარი?..” - ”რეზონანსი” წერს, რომ, ექსპერტების ვარაუდით, ”ენერგო-პროსთან” შეთანხმების უკან კორუფციული გარიგებები ან რუსული ინტერესები დგას.

”ახალი თაობა”, სხვა საკითხების გარდა, ვეტერანებთან დაკავშირებულ თემას აშუქებს და წერს: ”ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ღებულობდნენ დახმარებებს და შეღავათებს, ამ ხელისუფლებამ უარი უთხრა. დევნილები ამ ხელისუფლებას გენოციდში ადანაშაულებენ, ხოლო ვეტერანები კი - ცოცხლად დამარხვაში. ცხოვრება გაძვირდა, რეალობა კი თანდათან გაუსაძლისი ხდება. ადამიანთა უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამ დროს ხელისუფლებამ ამ ადამიანებს საბოლოოდ უარი უთხრა ყოველგვარ სოციალურ შეღავათზე.”
ამავე თემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი იმავე გაზეთში ასეთ განმარტებას იძლევა: ”2005 წლიდან დღემდე ვეტერანებს ხელისუფლებამ ჩამოართვა 39 სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება და შეღავათი. დარჩათ მხოლოდ ორი შეღავათი, რომელიც შეიძლება ითქვას, არც კი ჩაითვლება შეღავათად. 15 იანვრიდან სხვადასხვა კატეგორიის ვეტერანებს აეკრძალათ მუნიციპალურ ტრანსპორტზე უფასოდ გადაადგილების უფლება. ამ ბოლო შეღავათის გაუქმებამ აღაშფოთა ვეტერანები. დღეს თუ 2 ათასი კაცი გამოვიდა, ხვალ 5 ათასი და მეტი იქნებიან ისინი...”
XS
SM
MD
LG