Accessibility links

logo-print

ინტერვიუ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელ პეტერ სემნებისთან


ბოლო დროს რუსულ მედიაში სულ უფრო ხშირად ხდება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის, პეტერ სემნების, გამონათქვამების ინტერპრეტაცია.

საქმე ეხება მის განცხადებებს საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ. გასულ კვირაში ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა, “რუსულ წყაროზე” დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, თითქოს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სოხუმში ბოლო ვიზიტისას აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სტატიის ავტორმა თავისივე გაზეთში დაბეჭდილი სიტყვასიტყვით ჩაუკითხა სემნების და განმარტება სთხოვა. პასუხად შვედმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს და ისიც დასძინა, რომ მისი გამონათქვამების გამოგონებისა თუ არაზუსტი ინტერპრეტაციის არაერთი შემთხვევის მოწმე გამხდარა. ყველა მაგალითს ვერ ჩამოვყვებით, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ინტერესი სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების თაობაზე ევროკავშირის პოზიციის მიმართ მაღალია. პეტერ სემნების მე თბილისში ვესაუბრე და ინტერვიუ სწორედ სემნების “ციტატების” თემით დავიწყე:

-
ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ხდება თქვენი გამონათქვამების სხვადასხვა სახით ინტერპრეტაცია. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს?

-
იმიტომ რომ ყველა საკითხი, რომელზეც აქ ვმუშაობ, ძალიან მგრძნობიარეა და მათზე მხარეებს ძირეულად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. არ მიკვირს, რომ სხვადასხვა პირი, სხვადასხვა მედია ცდილობს სხვადასხვაგვარად წარმოაჩინოს ის, რასაც მე ვამბობ. იმედი მაქვს, რადიო “თავისუფალი ევროპა”/რადიო “თავისუფლება” ობიექტურად და ნეიტრალურად წარმოაჩენს ჩემს ნათქვამს.

-
იქნებ, ეს ნიშნავს, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციის მიმართ დიდი ინტერესია? თითქოს, თითოეულ მხარეს სურს ევროკავშირი თავის მომხრედ იხილოს. რა შეიტყვეთ კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან შეხვედრებისას ამჯერად?

-
ვფიქრობ, კითხვას თავადვე გაეცით პასუხი, რომ ყველა მხარე დაინტერესებულია ევროპასთან ურთიერთობის განვითარებით. სულ უფრო მეტად ხდება იმის გააზრება, რომ ევროკავშირს უზარმაზარი ტრანსფორმაციული ძალა აქვს და ამიტომაც როგორც, ერთი მხრივ, თბილისის, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებისა და მოსახლეობის მხრიდან არის სურვილი არ ჩამორჩნენ პროცესებს და ეს მე ჯანსაღ სურვილად მიმაჩნია.

-
აპირებს თუ არა ევროკავშირი პოლიტიკურად უფრო გააქტიურდეს ამ კონფლიქტების მოგვარების პროცესში? კერძოდ, ვგულისხმობ თქვენს მანდატს. მოსალოდნელია მისი მნიშვნელოვანი შეცვლა თუ დარჩება ისე, როგორც არის? შეგიძლიათ ამიწეროთ თქვენი მანდატი? რა მოვალეობას ასრულებთ რეგიონში?

-
ჩემი მანდატი, სინამდვილეში, ძალიან ფართოა, ისეთი ფართო, რომ მე იძულებული ვარ ზოგიერთ საკითხზე გავაკეთო კონცენტრაცია. არსებითად მე აქ ევროკავშირის ხმასა და სახეს წარმოვადგენ. მე აქ იმის უზრუნველსაყოფად ვარ, რომ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ღონისძიებები ემსახურებოდეს ზოგად პოლიტიკურ მიზანს და სწორედ ამას ემსახურებოდა ბოლო ერთი კვირის მუშაობაც. გარდა ამისა, ჩემი მანდატი პირდაპირ უკავშირდება კონფლიქტების მოგვარებას. ეს მანდატი ჩემი დანიშვნისას, ფაქტობრივად, გაძლიერდა მასში რამდენიმე სიტყვის შეცვლით. მანდატის შემდგომი ცვლილების პერსპექტივას ვერ ვხედავ...

-
მაპატიეთ, რას შეეხებოდა ეს რამდენიმე სიტყვა?

-
აი, მაგალითად, თუკი ჩემს წინამორბედს ”ხელი უნდა შეეწყო” კონფლიქტების მოგვარებისთვის, მე ”წვლილი უნდა შევიტანო” ამ პროცესში. ეს დიდ პრაქტიკულ ცვლილებად არ მოგეჩვენებათ და, მართლაც, რეალურად ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს პოლიტიკური სიგნალია.

-
როგორია თქვენი სტატუსი მოლაპარაკებებზე, როცა კი ესწრებით მათ?

-
მოლაპარაკებებზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შეეხება (როგორც ბრძანეთ, როცა - ან თუკი - ისინი ტარდება), ევროკავშირს რაიმე ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. ეს შეიძლება ცოტა უცნაურად ჩანდეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირი რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს. თუმცა ეს ფაქტი ასახავს იმ ძალიან განსხვავებულ რეალობას, რომელიც დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ, კონფლიქტების დაწყების დროს, იყო. მიუხედავად ამისა, იმ ღონისძიებების გათვალისწინებით, რომლებსაც ევროკავშირი ახორციელებს, მას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.

-
მოდით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთის როლზე ვილაპარაკოთ: ყველა თანხმდება, რომ რუსეთი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ამ კონფლიქტებში (როგორც მათ არსებობაში, ისე მოგვარების თვალსაზრისითაც). სწორედ აქ ხედავს უმთავრეს პრობლემას საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთი წარმოადგენს მთავარ საგარეო პარტნიორს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებისთვის. მაგალითად, გასულ კვირაშიც ბატონი ლავროვი ედუარდ კოკოითის შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე კოკოითი არ იწოდება ”ეგრეთ წოდებულ” ან ”დე ფაქტო” ლიდერად, არამედ ის არის ”სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი”. როდესაც თქვენ ხვდებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეხებით თუ არა იმ ტიპის საკითხებსაც, რომელიც ამ წუთას ვახსენე?

-
რა თქმა უნდა. კონფლიქტებს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. რასაკვირველია, კონფლიქტების თემა წამყვანია ჩემი და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებზე.

-
ამახვილებთ თუ არა ყურადღებას იმაზე, რომ ისინი კოკოითის ”სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად” მოიხსენიებენ, რაც, საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, არასწორია, თუ ამის ხაზგასმას უმნიშვნელოდ მიიჩნევთ?

-
ამ მოლაპარაკებებზე მრავალი საკითხი იხილება და არ მსურს ახლა დეტალებზე ვისაუბრო. ზოგადად თუ ვიტყვით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რუსეთი ითამაშებს უფრო აქტიურ როლს კონფლიქტების გადაჭრის გზების მოძიებაში. კონფლიქტის გადაჭრის ნებისმიერი გზა უნდა იყოს მშვიდობიანი და შეთანხმებული. გარდა ამისა, კონფლიქტის გადაჭრაში ამა თუ იმ სახით ჩართული უნდა იყოს რუსეთი. ბოლო თვეების მანძილზე რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ სანქციების, ბლოკადის დაწესების გამო კონფლიქტების მოგვარების საკითხებიდან აქცენტი საქართველო-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებზე გადავიდა. ამ ფაქტორმაც დააკნინა რუსეთის როლი, რომლის შესრულებაც მას კონფლიქტების მოგვარების გზების ძიებაში შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ფრთხილი, პოზიტიური ნაბიჯი, რომელსაც რუსეთი საკუთარი ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით დგამს, დადებით ზეგავლენას იქონიებს რუსეთის შესაძლებლობებსა და მცდელობებზე კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

-
რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ადამიანები, რომლებიც განდგომილ რეგიონებში ცხოვრობენ და რუსეთის პასპორტები აქვთ? გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უმრავლესობას იქ რუსეთის პასპორტები აქვს. ვინ არის ეს ხალხი?

-
ეს სერიოზული საკითხია, რომელიც ასევე უნდა იქცეს ნებისმიერი მოლაპარაკების თემად. პრობლემა ის არის, რომ ამ რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობისთვის მოქალაქეობის (რუსეთის პასპორტების) მინიჭებით რუსეთი, გარკვეულწილად, წინასწარ წყვეტს მომავალი მოლაპარაკებების ბედს.”

-
ბატონო ელჩო, რეალურად ან საჭიროდ მიგაჩნიათ თუ არა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების (სინამდვილეში კი, რუსი მშვიდობისდამცველების) ჩანაცვლება?

-
არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ მომენტში ამის გაკეთება მოტივირებული იყოს. თუმცა მშვიდობისდამცველთა ჩანაცვლებას მე უმთავრეს პრიორიტეტად არ განვიხილავ. მხარეების უმთავრესი პრიორიტეტი ურთიერთნდობის აღდგენისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება უნდა იყოს. უამრავი რამ არსებობს, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია იმისათვის, რომ ძლიერი პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს განდგომილი რეგიონების მოსახლეობას.

-
როგორ?

-
ეს შეიძლება გაკეთდეს ზოგად პოლიტიკურ დონეზე, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ უმცირესობათა უფლებების პოლიტიკურ პრიორიტეტად წარმოჩენით. ვფიქრობ, ეს ძლიერი პოზიტიური სიგნალი იქნებოდა. რაოდენ რთულიც უნდა იყოს, უნდა გაკეთდეს ყველაფერი რიგითი მოქალაქეების დონეზე კონტაქტის დამყარების პირობების შესაქმნელად. მოლაპარაკებათა არსებული ფორმატების შეცვლამდე ისინი უნდა გამოვიყენოთ. უნდა გამოვიყენოთ ამ ფორმატების სრული პოტენციალი და უნდა გამოვიყენოთ კეთილსინდისიერად.

-
საინტერესოა, ხედავთ თუ არა რაიმე საფუძველს იმისა, რომ მომავალში შესაძლებელი გახდეს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარება? თუკი ვერ ხედავთ, რით შეიძლება პირდაპირი ურთიერთობის ხელშეწყობა?

-
მე მგონია, რომ რაღაც კონტაქტები - შედარებით დაბალ დონეზე, მაგრამ მაინც - არსებობს. ნებისმიერი კონტაქტი მისასალმებელია.

-
არის თუ არა რაიმე საუბარი ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის სამშვიდობო ფორმატის შეცვლის თაობაზე?

-
საქართველოს მთავრობა მრავალგვარი წინადადებებით მოგვმართავს, რომელთაც ჩვენ, რასაკვირველია, ვისმენთ და ვაანალიზებთ. როცა საქმე ეხება ევროკავშირის მიმართ არსებულ მოლოდინს, ის რეალისტური უნდა იყოს. საფუძველს მოკლებულია აზრი, რომ ევროკავშირი რაიმე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ახალი სამშვიდობო ძალების ფორმირებაში. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს არ მოხდება და ვიტყოდი, რომ არც ახლო მომავალში. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს. მზად ვართ საქართველოს მთავრობას და კონფლიქტის სხვა მხარეებსაც შევთავაზოთ ჩვენი სამსახური - მათ შორის, ექსპერტებისა და მრჩევლების სახით - მოლაპარაკებებისთვის შესაფერი ფორმის მოსაძებნად. ევროკავშირს ბევრის გაკეთება შეუძლია. ჩვენ გვაქვს სხვა ინსტრუმენტებიც - ეკონომიკური, ფინანსური, რითაც ხელს შევუწყობთ მოლაპარაკებათა პროცესს. ასე რომ, ევროკავშირს ბევრის გაკეთება შეუძლია მოლაპარაკებათა პირობების გასაუმჯობესებლად. ღრმად მწამს, რომ ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია უსაფრთხოებისთვის ხელის შესაწყობად, რაც უმთავრესი პრობლემაა და რასაც არსებული მშვიდობისდამცველების მიმართ საქართველოს მთავარი პრეტენზია უკავშირდება.

-
რა მექანიზმებით შეიძლება უსაფრთხოების ხელშეწყობა, მაგალითად, გალის რეგიონში? იყო საუბარი გაეროს მიერ იქ სამოქალაქო პოლიციური ძალების განლაგების შესახებ.

-
არ მინდა ახლა დეტალებზე საუბარი. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში სამშვიდობო პროცესზე პასუხისმგებელი, უპირველესად, გაეროა. ამას გარდა, ვიდრე რაიმე დეტალებზე ვისაუბრებდე, უნდა შევისწავლოთ ჩვენი ახლანდელი მისიის შედეგები.

-
დასასრულ, მინდა გკითხოთ: რა უდევს საფუძვლად ევროკავშირის ამგვარ პოლიტიკას? თქვენ მზად ხართ ყველაფრისთვის, მაგრამ არა ისეთი ნაბიჯებისთვის, რომლებიც უფრო პოლიტიკური ხასიათის იქნებოდა, იმავე აქტიურობისთვის სამშვიდობო ფორმატის შესაცვლელად და ა.შ. რა არის ამის მიზეზი? არსებობს აზრი, რომ ამის მიზეზი რუსეთია და რომ ამ კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირი ყველაზე წინ რუსეთს ხედავს. ასეა, რუსეთია ამის მიზეზი?

-
ჩვენ არ გვსურს აქ რაიმე ნაჩქარევი ცვლილება მოხდეს. არ გამოვრიცხავთ, რომ ცვლილებები იქნება, მაგრამ ისინი უნდა ემყარებოდეს თანდათანობით მზარდ და მოწესრიგებულ პროცესს.
XS
SM
MD
LG