Accessibility links

logo-print

ვეტერანები ხელისუფლებისგან შეღავეთების აღდგენას ითხოვენ


ომის, შრომისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანები მთავრობას შეღავათების გაუქმების, უფრო ზუსტად კი, სოციალური შეღავათების მონეტიზაციის გამო აკრიტიკებენ.

ვეტერანები მეორე დღეა პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის წინ იკრიბებიან და გულისწყრომას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამოხატავენ. რას ითხოვენ ვეტერანები და რა არგუმენტებითაა გამაგრებული მთავრობის პოზიცია?

სოციალური შეღავათების მონეტიზაციამ ქუჩაში გამოიყვანა 80 წელს მიტანებული გიორგი პაპოიანი, თბილისელი ვეტერანი, რომლის შრომითი ბიოგრაფია გასული საუკუნის ორმოციან წლებში დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში დაიწყო.

[გიორგი პაპოიანის ხმა] „1942 წელს მამაჩემი წაიყვანეს ფრონტზე, მე ვიყავი 15 წლის, მას შემდეგ სად არ მიმუშავია...ბოლოს უკვე ტრანსპორტში ვმუშაობდი და იქ მივიღე მე შრომის ვეტერანობა. მთელი ცხოვრება ტრანსპორტის სფეროში გავატარე და ახლა უფლება არა მაქვს ისე ჩავჯდე, რომ 20 თეთრი არ გადავიხადო. სწორი გაგებაა, შვილო?“

გიორგი პაპოიანი ამბობს, რომ მონეტიზაციამდე, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის გარდა, მისი ოჯახი გათავისუფლებული იყო სხვადასხვა სახის კომუნალური გადასახადისაგან, თუმცა, როგორც ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ნუკრი ცაგარეიშვილი განმარტავს, "სოციალური დახმარების სისტემის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შემდეგ, ვეტერანები, შეღავათების ნაცვლად, ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას იღებენ:

[ნუკრი ცაგარეიშვილის ხმა] „ინვალიდი ვეტერანი მიიღებს 44 ლარს, ჩვეულებრივი ვეტერანი - 22 ლარს. მონეტიზაციის განხორციელების შემდეგ ასეთი შეღავათები შემოვიღეთ.“

ნუკრი ცაგარეიშვილი ასევე ამბობს, რომ სახელმწიფო შეუზღუდავად ვეღარ დაეხმარება ვეტერანებს, რომლებიც, თუ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავესესხებით, სხვა პენსიონერებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ლადო ჭიპაშვილი განმარტავს:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] „ვეტერანები წარმოადგენენ პენსიონერთა პრივილეგირებულ ჯგუფს, რომლებიც იღებენ 3-4-ჯერ მეტ პენსიას, ვიდრე ჩვეულებრივი პენსიონერები და, გარდა ამისა, ჩვენ მათ, ახალი პოლიტიკის მიხედვით, ვაძლევთ საკმაოდ სერიოზულ დანამატს, მონეტიზაციის სახით. უარს ვამბობთ შეუზღუდავი შეღავათების არსებობაზე და ამ კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გადავდივართ მონეტიზაციის პრინციპზე, რაც მიღებულია მთელ ციპილიზებულ მსოფლიოში.“(სტილი დაცულია)

თუმცა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეს განმარტება არ აკმაყოფილებთ ვეტერანებს, რომლებიც რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

[ვეტერანის ხმა] „...იქ კომუნალური გადასახადი იყო, იქ ტელეფონის გადასახადი... ამ უსინდისოებმა მგზავრობა, რომელიც 20 თეთრი ღირს, გაგვიყვეს და ათ თეთრს გვახდევინებენ... თქვან, თუ ასე ძალიან უჭირთ, და იქნებ მთელ პენსიას ვუთმობთ.“

[ვეტერანის ხმა] „თვითონ 5 ათასიანი მანქანები იუკადრისეს და 35 ათასიანები იყიდეს და საწყალი, გაჭირვებული ხალხისთვის 20 თეთრიანი ავტობუსები მოსპეს. ეს მთავრობაა?“

სოციალურად დაუცველი ადამიანების პროტესტს მყისიერად გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიები, რომელთა წარმომადგენლები ვეტერანთა აქციაზე ხმის გამაძლიერებლებით მივიდნენ.

[აქციის მონაწილის ხმა] „ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ყველაფერი გამოსცადეს. მათთან თამაში ცეცხლთან თამაშია. გაფრთხილებთ, დროზე მოეგეთ გონს და ამ ადამიანებს დაუბრუნეთ ის, რაც მათ ეკუთვნით. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ტყვიას მიუშვირეს შუბლი და არასოდეს არ შეშინებიათ, მათ არც თქვენი ეშინიათ...“

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლების გარდა, პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ მიტინგებზე ასევე მივიდნენ ახალი მემარჯვენეების, სახალხო ფორუმისა და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, თუმცა, მათი მხარდაჭერის მიუხედავად, 80 წლის გიორგი პაპოიანს არა აქვს იმედი, რომ ხელისუფლება დათმობს და კანონებს ვეტერანების სასარგებლოდ შეცვლის. ბატონი გიორგი მთავრობის წევრთა გასაგონად ამბობს:
[გიორგი პაპოიანის ხმა] „განა რამდენი დარჩენია ამ ხალხს ცხოვრების წლები და ამ წლებსაც უმწარებთ! თუ ჩვენ უკვე მოვაბეზრეთ თავი სახელმწიფოს, მთავრობას, მაშინ ყველა მოგვაგროვონ, ჩაგვსვან გემში, გაგვიყვანონ ზღვაში და ჩაგვძირონ. ორივე მხარე დაისვენებს, ისინიც და ჩვენც.“
XS
SM
MD
LG