Accessibility links

logo-print

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა


ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ამბავი შეიტყო.

"გაერთიანებული ქართული ბანკის" თანამშრომელი სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 27 იანვარს, გვიან ღამით, ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს, მისი დასახიჩრებული სხეული კი 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად, ხევში იქნა ნანახი. გამოძიების მასალებიდან გაირკვა, რომ გატაცებამდე რამდენიმე წუთით ადრე სანდრო გირგვლიანი შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარში ეკამათა მეგობარ გოგონას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს, თაკო სალაყაიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს გურამ დონაძეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს დათა ახალაიასა და მის მოადგილეს ოლეგ მელნიკოვს ახლდა. მკვლელობიდან ერთი წლის განმავლობაში, დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით, არაერთი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა, ჩატარდა მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი, თუმცა სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღემდე აცხადებენ, რომ სამართალი არ აღსრულებულა, რომ სასჯელს მხოლოდ დამნაშავეთა ნაწილი იხდის.

ერთი წლის წინ მომხდარმა მკვლელობამ, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, საზოგადოების რიგითი წევრებიც აღაშფოთა, მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაკავება მხოლოდ ხმაურიანი და ხალხმრავალი საპროტესტო აქციების შემდეგ მოხერხდა. მკვლელობიდან ორი თვის თავზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დანაშაულში მხილებული პოლიციელების გვარები დაასახელა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „ესენი არიან: გია ალანია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, და ამავე დეპარტამენტის ოფიცრები: ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე. ჩვენ მოვიპოვეთ ნივთმტკიცებები, რომ სწორედ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ეს დანაშაული.“

ის, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გიორგი ჩემიას გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, თუმცა მოკლულის დედა ირინე ენუქიძე დარწმუნებულია, რომ მთავარი დამნაშავეები დაუსჯელები არიან:

[ირინე ენუქიძის ხმა] „ერთი წელი სრულდება სანდროს დაღუპვის დღიდან. ჩემთვის სასტიკი დღეა ხვალ... ხვალ კი არა, ყოველი დღე ასეთია ჩემთვის, მაგრამ ეს დაუსჯელობა კიდევ უფრო მეტი სისასტიკეა, რასაც ხელისუფლება ჩვენი ოჯახისადმი იჩენს.“

ირინე ენუქიძე დარწმუნებულია, რომ მკვლელობის ორგანიზატორებს ხელისუფლება მფარველობს, სახალხო დამცველ სოზარ სუბარს კი სასამართლო პროცესის ნაჩქარევი დასრულება აეჭვებს:

[სოზარ სუბარის ხმა] „ზოგადად მე ჩქარი მართლმსაჯულების მომხრე ვარ, მაგრამ როცა 6 პროცესში მთავრდება ასეთი გახმაურებული საქმე, რაღაც ეჭვები ჩნდება, მით უმეტეს, რომ უამრავი შუამდგომლობა არ არის დაკმაყოფილებული, როცა მათი დაკმაყოფილება, ჩემი აზრით, საინტერესო იქნებოდა.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების ობიექტურობაში ეჭვი ეპარება სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს შალვა შავგულიძესაც, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე ასკვნის:

[შალვა შავგულიძის ხმა] „ხელისუფლების თითქმის ყველა შტო -აღმასრულებელი საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლება - ერთად ცდილობს დანაშაულის დაფარვას და დამნაშავე პირებისათვის პასუხისმგებლობის აცილებას.“

მაინც ვინ არიან დამნაშავე პირები? „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, პროკურატურისა და სასამართლოსაგან განსხვავებით, იზიარებს ვერსიას, რომლის თანახმადაც, გირგვლიანის მკვლელობას დამკვეთი, უფრო სწორად კი, ორგანიზატორი ჰყავს:

[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა] „გასაგებია, ორგანიზატორებში ვის ვგულისხმობ: იმ ავბედით სუფრას, რომელსაც უსხდნენ სალაყაია, დონაძე, მელნიკოვი, ახალაია და სანოძე... აქედან, როგორც მინიმუმ, ერთი არის უშუალოდ ორგანიზატორი, დანარჩენები კი თანამონაწილეები.“

სწორედ ამ თანამონაწილეებისა და დამკვეთების დასჯის იმედი აქვთ სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრებს, რომლებმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. ირინე ენუქიძე იმედს არ კარგავს და მკვლელობიდან ერთი წლისთავზე პრეზიდენტს შემდეგი სიტყვებით მიმართავს:

[ირინე ენუქიძის ხმა] „მე მინდა მას ვუთხრა: დღეგამოშვებით შადრევნების ლენტს ჭრის. ერთხელაც ამ ტრაგედიის ლენტიც გაჭრას იქნებ. მე ბრძოლას არ ვწყვეტ! ვიმედოვნებ, რომ 2007 წელს ყველას დავსჯი.“
XS
SM
MD
LG