Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”მოსკოვსა და თბილისს შორის ”ატომური სკანდალი” იწყება” - ასეთი სათაურის სტატიას პარასკევს გამოსული ”რეზონანსი” ბეჭდავს.


რადიაქტიური მასალა, რომელიც ვლადიკავკაზელ ოლეგ ხინცაგოვს დაახლოებით ერთი წლის წინათ აღმოუჩინეს, მისი ლაბორატორიული გამოკვლევისა და წარმომავლობის დადგენისათვის რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა. სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ, რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, გამდიდრებული ურანის წარმომავლობის დადგენა შეუძლებელია, მაშინ როცა, ამერიკელი ექსპერტების აზრით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ რუსი მოქალაქის ქურთუკის ჯიბეში აღმოჩენილი ურანი სწორედაც რომ რუსეთის ტერიტორიაზე იყო წარმოებული.

საგულისხმოა, რომ რუსეთის მოქალაქის ხინცაგოვის დაპატიმრების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს აცნობა და მის წარმომადგენელს დაკავებულთან შეხვედრაც შესთავაზა, მაგრამ რუსეთის საელჩო ხინცაგოვის ბედით საერთოდ არ დაინტერესებულა.

”რეზონანსი” შეგვახსენებს, რომ ეს რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ურანის კონტრაბანდის პირველი შემთხვევა არ არის. 2003 წლის 26 ივნისს სოფელ სადახლოში ქართველმა სამართალდამცავებმა სომხეთის მოქალაქე ვინმე გარიკ დადაიანი დააკავეს და 170 გრამი გამდიდრებული ურანი აღმოუჩინეს. დაკავებულის თქმით, რადიაქტიური ნივთიერება მან ქალაქ ნოვოსიბირსკიდან ჩამოიტანა. გამოძიების მასალების თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურებმა დაადასტურეს, რომ, საქართველოში ჩამოსვლამდე, დადაიანმა ორჯერ იმგზავრა მატარებლით მარშრუტზე მოსკოვი-ნოვოსიბირსკი.

ქართულ-რუსულ ურთიერთობაში 2 საგანგებო მომენტს ხედავს ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, რომელიც პარასკევს გამოსული ”ახალი თაობის” რესპონდენტია. პირველი და ობიქტური მომენტი, მისი თქმით, არის ის, რომ რუსული სახელმწიფო თავისი არსით იმპერიაა და ის ძალიან მძიმედ შეეგუება საქართველოს დამოუკიდებლობას, მის სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ. მეორე მომენტი კი, ზურაბიშვილის აზრით, არის ის, რომ ”ჩვენმა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა არა იმდენად სტრატეგიაში, არამედ - ტაქტიკაში, როდესაც არაკორექტულად მოიქცა.” დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაკორექტული გამონათქვამებით უკვე გაღიზიანებული რუსეთი კიდევ უფრო გააღიზიანა ”ჯაშუშების სკანდალის”
ხმაურით რეკლამირებულმა შოუმ, რომლის თანმხლები ბაქიბუქა განცხადებები ქართულმა მხარემ ვერ შეასრულა - ”ვიძახეთ, გავასამართლებთ და ციხეში ჩავსვამთო, მაგრამ ვერ ჩავსვით.” კიდევ ერთ კომპრომისად ზურაბიშვილი რუსეთის გაზის 235 დოლარად შესყიდვას ასახელებს, მით უმეტეს, რომ წინ ამ პროცესსაც საწინააღმდეგო შინაარსის ხმამაღალი განცხადებები უძღოდა. დეპუტატი მეტად ცუდი შედეგის მომტან პრაქტიკად მიიჩნევს ხელისუფლების მიერ ერთის თქმას და მეორის გაკეთებას. მისი დასკვნით, ”როდესაც რუსეთისგან დაწოლა ძლიერდება და შენ დათმობაზე მიდიხარ, ეს რუსეთს იმის განცდას უქმნის, რომ ასე მკაცრად ილაპარაკოს.”

”ახალი ვერსია” ყურადღებას ამახვილებს პანიკაზე, რომელიც უძრავი ქონების საკუთრებას შეეხება. ”კომუნალურ ბინებში მცხოვრები მოქალაქეები შიშობენ, რომ ხელისუფლებამ თბილისში არსებული ბინების პრივატიზების პროცესი სამუდამოდ შეაჩერა და რომ მომავალში მათ საკუთრების უფლება აღარ მიეცემათ,” - წერს გაზეთი. ექსპერტი საკონსტიტუციო საკითხებში ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ მოსახლეობის ასეთი შიში საფუძველს მოკლებული არ არის, რადგანაც ”ბოლო პერიოდში კერძო საკუთრების ჩამორთმევის არაერთი შემთხვევა ვნახეთ.” ექსპერტი ამბობს, რომ ”ამ ქვეყანაში კერძო ქონების ჩამორთმევის სხვადასხვა ფორმა არსებობს,” თუმცა ექსპერტი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ამჯერად ამას არ გააკეთებს.
XS
SM
MD
LG