Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


სალომე მეხუზლა დღეს თავის დღიურებს გაგვაცნობს სალომე მეხუზლა

– თსუ-სა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ერთობლივი სამაგისტრო კურსის მეორე კურსის სტუდენტი.

14 იანვარი, კვირა
საერთოდ, ეს დღე ყველაზე მეტად მიყვარს კვირის დღეებს შორის ერთი მარტივი მიზეზით: ბოლოს და ბოლოს, გამოვიძინებ! თანაც, დღეს ისევ ახალი წელია, რომლის დადგომასაც გუშინ მეგობრებთან ერთად გვიანობამდე აღვნიშნავდი და ამიტომ დღეს 5 საათზე გავიღვიძე. მგონი, მაინც ვერ გამოვიძინე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, როცა გვიანობამდე მძინავს, მერე მთელი დღე გაბრუებული დავდივარ აქეთ-იქით. მაგრამ ახლა გაბრუების დრო არ არის: ახალი წელია და, თანაც, ჩემი კარგი ამხანაგის დაბადების დღეა. ახლა კი წავედი – სათანადოდ ხომ უნდა მოვემზადო!
...არ დამპატიჟა. არა უშავს. სიმართლე რომ ვთქვა, გარეთ გასვლა ძალიან მეზარებოდა. თანაც, იქ რომ წავსულიყავი, სახლში გვიან მოვიდოდი და ხვალ სამსახურისათვის ვეღარ გამოვიძინებდი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კვირა მელის: სამსახურში გავარკვევ, ხელშეკრულებას მიგრძელებენ თუ არა. სასურველია, ხელფასიც ერთიორად გამიზარდონ. ასევე, მაგისტრატურის არდადეგები მიმთავრდება და ხუთშაბათს სწავლას გავაგრძელებ. ამიტომაც, ახლა უკვე ლოგინში ვარ და ჯორჯ კენანის ცნობილი “გრძელი ტელეგრამის” წაკითხვას ვაპირებ ძილის წინ. ეს ერთ-ერთია იმ სტატიათაგან, რომლებიც წინა სემესტრში უნდა წამეკითხა და ვერ მოვასწარი.

15 იანვარი, ორშაბათი
დილით სამსახურში მთელი საათით დავაგვიანე. ამიტომაც გადავწყვიტე, მომეტყუებინა, თითქოს უნივერსიტეტში გავიარე და იქიდან მოვდიოდი. მაგრამ, რა თქმა უნდა, სამარშრუტო ტაქსში დამემგზავრა თანამშრომელი, რომელიც ასევე პლატოზე ცხოვრობს, და გეგმები ჩამიშალა.
პირველ წარუმატებლობას მეორეც მოჰყვა: სამსახურში ხელშეკრულება გამიგრძელეს, მაგრამ როცა კონტრაქტს ხელმოწერისას გაფართოებული თვალებით ჩავხედე, იგივე ხელფასი ამოვიკითხე. ძალიან გავბრაზდი! უფროსთან შევედი დასალაპარაკებლად, მაგრამ იქით მომიხდა მისი დაწყნარება და საკუთარ თავზე კიდევ უფრო გაბრაზებული გამოვედი მისი კაბინეტიდან. მართლა მჯერა, რომ დაფინანსების სიმცირის გამო ვერ მიზრდიან ამჯერად ხელფასს, თორემ ჩემნაირ თავდადებულს ვერსად იპოვის უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი – სამცხე-ჯავახეთში თვეში ორჯერ მაინც რომ დადის და, თანაც, სიხარულით!
დღეს ერთ ვაკანსიაზე შევიტანე განცხადება: ჰაინრიხ ბიოლის ფონდი ევროკავშირის დაფინანსებით იწყებს პროექტს, რომელიც, ძირითადად, დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას და, რაც მთავარია, უმცირესობათა საკითხებს ეხება. თუმცა, ჩემს გარდა, ჩემმა თანამშრომელმა მედეამ და კიდევ დაახლოებით 150-მა კაცმა შეიტანა საბუთები, ვაკანსია კი ერთია. ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება უკვე მაქვს და, იმედია, გამიმართლებს. რეგიონებში ხშირი გასვლები რომ არ იყოს პროექტით გათვალისწინებული, განაცხადს, ალბათ, არც შევიტანდი – ისე შემიყვარდა ეს ხეტიალი. ან შევიტანდი ანაზღაურების ხათრით, მაგრამ – ნაკლები ენთუზიაზმით. არა, გიჟი არ ვარ; უბრალოდ, მიყვარს გარემოს ხშირად შეცვლა და ახალ ხალხთან ურთიერთობა.
ახლა ძილის წინ წიგნის წაკითხვის დროა. ტონი ანდერსონის წიგნი მათხოვა ჩემმა უფროსმა. ავტორის მოგზაურობას ეხება საქართველოს მთებში, მაგრამ, ამავე დროს, საინტერესო ჩართვები აქვს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აწმყოსა და წარსულზე, რაც ჩემთვის საინტერესოა ერთი მარტივი მიზეზით: მაგისტრატურაში სამხრეთ კავკასიის რეგიონული პოლიტიკის სპეციალობაზე ვსწავლობ.

16 იანვარი, სამშაბათი
გუშინ გავიგე, რომ სამსახურში ჩვენი თანამშრომლების ყოველკვირეული შეხვედრა 10 საათის მაგიერ 12-თვის გადაიდო, რის გამოც დილის ტკბილი ძილი ცოტათი გავიგრძელე და კარგ გუნებაზე მივედი ოფისში. შეხვედრაზე ჩვენს უფროსს ანგარიშს ვაბარებთ ხოლმე და მომავალი საქმიანობის გეგმებსაც ვაცნობთ. გადავწყვიტეთ, ჯავახეთში 29 იანვარს წავიდეთ მიწის პრივატიზაციის შესახებ საინფორმაციო სესიების ჩასატარებლად. და ვინაიდან იურისტი ვერ მოგვყვება, ჰედვიგმა კი არც ქართული იცის, არც რუსული და არც სომხური, სესიების ჩატარება მე მომიწევს. თანაც, ჩვენი დაწერილი ბროშურები უნდა დავარიგოთ. შესაბამისად, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი და საინტერესო დროსტარება გველის. საინტერესო იმიტომ, რომ ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის რეაქცია მაინტერესებს მას შემდეგ, რაც ამ დღეებში საბოლოოდ გადაწყდა ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. ეს ამბავი კი სომხეთს არ უნდა ახარებდეს. გარდა ამისა, თებერვალში ქვემო ქართლის დალაშქვრასაც ვაპირებთ, რადგან მასალები უნდა შევაგროვოთ სამუშაო მოხსენებისათვის. საერთოდ, მე და ჰედვიგს, ჩემს შვედ მეგობარსა და თანამშრომელს, ასეთი სამსახური გვაქვს: სამუშაო დროის დიდ ნაწილს გზაში ვატარებთ. თავდაპირველად ჩვენი ახალქალაქელი მძღოლი გვატარებდა – რაფიკი. დროთა განმავლობაში ჰედვიგი ეზიარა საქართველოს გზების თავისებურებებს და ბოლო ხანებში თბილისიდან მიგვყავს სამსახურის მანქანა ჩვენს ე.წ. მივლინებებში. ჰედვიგი საჭესთან ზის, მე კი – მის გვერდით. რაც მთავარია, სიმღერები ჩავწერე სპეციალურად ჩვენი მოგზაურობებისათვის, რაც გზაში გვახალისებს. ამის გაკეთება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც რაფიკმა პირველი მგზავრობისას სომხური შანსონის არაჩვეულებრივი ჰანგებით დაგვატკბო.
სახლში მოვედი. დაღლილი ვარ. ერთადერთი, რაც მინდა, ის არის, რომ წერას მოვრჩე და ძილის წინ ჩემი წიგნი წავიკითხო. კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ წიგნებს ძილის წინ მხოლოდ ამიტომ არ ვკითხულობ. ძალიან მეოცნებე ადამიანი ვარ და რომ დავწვები, თუ ოცნებებს მივყევი, დილამდე ვერ დავიძინებ; ხოლო როგორც კი წიგნს დავიჭერ ხელში, განსაკუთრებით – თუ სამეცადინო მაქვს, უმალ მეძინება. დარწმუნებული ვარ, ძილის წამლის დალევა არასდროს დამჭირდება.

17 იანვარი, ოთხშაბათი
დღეს ნუცუბიძის პლატოზე დასავლეთის ქარი ქროდა. ალბათ, 50 მეტრი წამში. დილით, გაჩერებაზე რომ ვიდექი, ქარმა ლამის ჰაერში ამიტაცა. ხერხი სჯობია ღონესაო, ნათქვამია; ჰოდა, მეც “მოვიგონე” ერთი “ხერხი” ასეთი შემთხვევებისათვის: ქუჩის აქეთა მხარეს ვდგები, სადაც, საბედნიეროდ, რამდენიმე ხეა ამოსული, რომელიც ქარისაგან მიცავს. როცა იქითა მხარეს მომავალ სამარშრუტო ტაქსს დავინახავ, ჩემი თავშესაფრიდან თავს გამოვყოფ, ქუჩაზე გადავრბივარ და თან ხელს ვუქნევ მძღოლს, რომ არ გამასწროს. ასე მოვიქეცი ამ რამდენიმე თვის წინ და ამდენი რთული მოქმედების ერთდროულად განხორციელებამ დამაბნია, წავიქეცი და ხელიც მოვიტეხე. დღეს გადავრჩი! მაგრამ პლატოს ქარს ბარშიც ჩაუღწევია, ელექტროსადენები დაუზიანებია და 5 საათამდე შუქი არ გვქონდა ოფისში.
მოგვიანებით ჩემს ჯგუფელებს – ანას, ნინოს და ზაზას შევხვდი. ერთ-ერთ საგანში ჩვენ ოთხმა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის თაობაზე პროექტი უნდა დავწეროთ. ჩვენ უნდა გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების, მთავრობების წარმომადგენლებმა თუ სხვა ექსპერტემბა ვერ მოაგვარეს, თანაც – სასურველია – შაბათამდე! შაბათს ხომ ჩაბარების ბოლო ვადაა...
ახლა კი ღამის 4 საათია. ტელევიზორთან შემოვრჩი გვიანობამდე. არადა, ხვალ ადრე უნდა ავდგე. არა, სამსახურის გამო არა: უბრალოდ, დღეს მაგისტრატურაში ჩემი არდადეგების ბოლო დღეა.

18 იანვარი, ხუთშაბათი
დღეს ისტორიული დღეა! ბოლოს და ბოლოს დაიბეჭდა ბროშურა მიწის პრივატიზაციის შესახებ, რომლის ერთ-ერთი ავტორიც მე ვარ. მთელი დღის განმავლობაში სიხარულითა და სიამაყით აღვსილი ვაჩვენებდი ჩემს ნაშრომს ყველა ნაცნობს, მაგრამ, რატომღაც, ისეთივე აღფრთოვანება ვერავის თვალებში ვერ ამოვიკითხე. არა უშავს, რაც მთავარია, მე მიხარია. და კიდევ: სასურველია, იმ ხალხს მოეწონოს და გამოადგეს, ვისთვისაც არის განკუთვნილი დასარიგებლად.
დილიდან ორ ლექციაზე ვიყავი, შემდეგ სამსახურში გავედი. დღის ბოლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მქონდა შეხვედრა იურისტთან, რომელიც გვეხმარებოდა ბროშურის დაწერაში.
საღამოს სახლში საზეიმო ვითარებაში ავუფრიალე ოჯახის წევრებს ჩემი ნაშრომი. მოგვიანებით კი გავიგე, ბებიაჩემი როგორ უყვებოდა თავის მეგობარს ჩემს მიერ “წიგნის” დაწერის ამბავს. თან შეპირდა, რომ 100-მდე ეგზემპლარს მომატანინებდა სახლში მეგობრებისა და ნათესავებისთვის დასარიგებლად. ბევრი ვეცადე, ამეხსნა მისთვის, რომ ეს წიგნი კი არა, უბრალოდ, კანონის საფუძველზე დაწერილი ბროშურაა, რომელიც მეგობრებსა და ნათესავებს კი არა, რეგიონებში მიწის პრივატიზების მსურველ მოსახლეობას უნდა დაურიგდეს. მთელი საათის ახსნა-განმარტებების შემდეგ ბებიაჩემმა ყველაფერი გაიგო და დამეთანხმა; უბრალოდ, მთხოვა, წიგნზე ხელის მოწერა არ დამვიწყებოდა.
ჩემი ბებიები განსაკუთრებული ხალხია, განსაკუთრებული მოთხოვნებით. ერთი ბებია, რომელიც ჩემი ბროშურის “დისტრიბუციით” არის დაკავებული, ოცნებობს, შვილიშვილის დოქტორობას მოესწროს. მეორეს, რა თ
ქმა უნდა, სურს, რომ დოქტორი გავხდე, მაგრამ უფრო პრიორიტეტულად ჩემი გათხოვების საკითხი მიაჩნია. მე ორივეს აღვუთქვი უახლოეს მომავალში ოცნებების ასრულება, მაგრამ ჯერ არც მაგისტრატურა დამიმთავრებია და არც სასიძოების რიგს შეუფერხებია მოძრაობა პლატოზე.

19 იანვარი, პარასკევი
დღეს ნათლისღებაა. საქართველოში ოფიციალურად დასვენებაა, მაგრამ ლექციაზეც ვიყავი და სამსახურშიც შევიარე ცოტა ხნით. ოფისიდან მალე წამოვედი. გადავწყვიტე, მეგობრები მენახა: ჯერ ნინისთან გავიარე, მერე – თათიასთან, სადაც მაიკოც დამხვდა. ნინი ჩემი ბავშვობის მეგობარია. მასთან საკმაოდ ხშირად დავდივარ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძეზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა, ნინისთან სახლში მისვლა ერთგვარ თავგადასავლად იქცა. მარშრუტის სამი ვარიანტი შევიმუშავე. სასურველია, ტაქსის ფული მქონდეს; თუ არ მაქვს, არა უშავს: რუსთაველამდე ავტობუსით მივდივარ და მერე ან “ივერიასთან” სამარშრუტო ტაქსით ვაგრძელებ გზას, ან მეტროთი. დღეს მესამე ვარიანტი ავირჩიე, მაგრამ ჩემი დღის ბიუჯეტი სწორად ვერ გავთვალე. ამიტომაც, ავტობუსის უკანა კარიდან ჩამოვხტი და უკანმოუხედავად გავიქეცი. თანაც, ცისფერი შარფი მოვიხსენი იმ იმედით, რომ თუ მძღოლი დამედევნებოდა, ვერ მიცნობდა მის გარეშე.
ნინისთან ბევრი ვიჭორავეთ. არავინ დაიჯეროს, გოგოები რომ ამბობენ, ბიჭებს უფრო უყვართ ჭორაობაო! თუმცა, მეც ყოველთვის ამას ვამტკიცებ. ჩვენი მეგობარი ანა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიოდა, რის გამოც მე და ნინიმ ნახევარი საათი მოვანდომეთ ტელეფონით მის დარიგებას. მოგვიანებით თათიასთან გავიარე და ბოლოს სახლამდეც მოვაღწიე. მივესვენე ლოგინში და ახლა წიგნის კითხვას უნდა შევუდგე.

20 იანვარი, შაბათი
გუშინ მოვრჩი წიგნის კითხვას. გვიანობამდე არ მეძინა და დღეს ძლივს გავიღვიძე. სამსახურში შევირბინე. შაბათობით არ ვმუშაობ, უბრალოდ, რაღაცის წამოსაღებად გავიარე. 4 საათზე ლექცია მქონდა. თანაც, მაჰმადიანი მესხების პროექტი უნდა ჩაგვებარებინა ლექტორისათვის, მაგრამ ვერ მოვასწარით და ყველაზე მარტივი გამოსავალი ვიპოვეთ: დამალვა. მე მოვიტყუე, ჯავახეთში ვარ და ვერ მოვალ-მეთქი. სხვებმა არ ვიცი, რა მოიფიქრეს. ახლა რადიო “თავისუფლებაში” უნდა გავიარო – საქმე მაქვს. მერე დეიდაშვილთან ვაპირებ გავლას: ბავშვები მომენატრა. დღეს, მგონი, საკმაოდ მშვიდი დღე მექნება. პლატოზე დასავლეთის ქარიც კი არ ქრის...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG