Accessibility links

logo-print

გასულ კვირას სტამბულში სამხრეთ კავკასიის პირველი


გასულ კვირას სტამბულში სამხრეთ კავკასიის პირველი

საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის დასკვნითი სხდომა ჩატარდა. ჟიურიმ, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონია წარმოდგენილი, სამშვიდობო ფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა. გაგახსენებთ, რომ ჰაინრიჰ ბიოლისა და ფონდ “ღია საზოგადოების” ერთობლივი პროექტი გაზაფხულიდან უნდა განხორციელდეს – ფესტივალი, სახელწოდებით “მე, ადამიანი”, ითვალისწინებს სამშვიდობო და ადამიანის უფლებათა თემაზე გადაღებული ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, კონფლიქტოლოგების, სოციოლოგების, ფსიქოლოგების მოხსენებებს. გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე კერძო პირებს, საინიციატივო ჯგუფებს სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონიდან. ფესტივალის დირექციის სახელზე შემოვიდა ასამდე პროექტი. სტამბულში შეირჩა 25 საუკეთესო – უმრავლესობა საქართველოდან – იყალთოდან, ახმეტიდან, ზუგდიდიდან, მარნეულიდან, ბათუმიდან, სოფელ ნუკრიანიდან, ახალციხიდან, ქუთაისიდან, ახალსოფლიდან, ოზურგეთიდან. გაიმარჯვა, აგრეთვე, გაზეთ “კახეთის ხმის” პროექტმა, რომელიც ფესტივალის ჩატარებას, ერთდროულად, კახეთის 8 ქალაქსა და სოფელში ითვალისწინებს. ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო პროექტი, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან იყო წარდგენილი (სხვათა შორის, ამ რეგიონის სამივე განაცხადი ფინალში გავიდა) – ცხინვალის უნივერსიტეტის პედაგოგის, ჟურნალისტ ირინა კოლეხსაევას განაცხადი. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ფესტივალის შედეგებზე კომენტარი ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციის, ცხინვალის “რესურსცენტრის” ხელმძღვანელს ლირა ცხოვრებოვას, რომელიც, ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის მშვიდობის კინოფესტივალის ჟიურის წევრიც გახლავთ.

[ლირა ცხოვრებოვას ხმა. თარგმანი] “ჩემი აზრით, ფესტივალი ძალიან საინტერესო გამოვა და შედეგი ის იქნება, რასაც ჩვენ ველით. კარგად ორგანიზებული დისკუსიით შესაძლებელი გახდება დავაფიქროთ ადამიანები იმაზე, რომ აუცილებელია მივაგნოთ გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან, მივაგნოთ კონფლიქტის გადაწყვეტის კონცეფციებს – შეიძლება სხვა ხალხის გაჭირვების ხილვა კარგი მაგალითი გახდეს ამისთვის, შეიძლება დისტანციიდან უკეთ მივაგნოთ კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებებს.”

გაგახსენებთ, რომ სამშვიდობო ფესტივალის “მე, ადამიანის” ჟიურიმ გასულ წელს აირჩია ადამიანის უფლებებზე გადაღებული ბოლო დროის საუკეთესო დოკუმენტური ფილმები. საერთაშორისო კინოფორუმების პრიზებით აღნიშნული ფილმების ავტორები დათანხმდნენ სამხრეთ კავკასიაში ჩამოსვლასა და დისკუსიაში მონაწილეობის მიღებაზე. მარტის პირველი რიცხვებიდან სექტემბრამდე სტეფანაკერტში, სოხუმში, ცხინვალში, ჯავაში, სუმგაითში, ერევანში, იყალთოში – სულ, სამხრეთ კავკასიის 25 ქალაქსა და სოფელში, მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს, როგორი შედეგებით დასრულდა ომი და შეუწყნარებლობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რა გააკეთეს ადამიანებმა სიძულვილისა და სისასტიკის გავრცელების შესაჩერებლად.

[ლირა ცხოვრებოვას ხმა. თარგმანი] “ადამიანებმა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ ფესტივალში, ნახავენ ამ ფილმებს, უნდა გააცნობიერონ, რომ ყველა თანასწორია, რომ ყველას ერთნაირად უყვარს, ყველა ერთნაირად კვდება და ჩვენზე უკეთ საკუთარ თავს ვერავინ დაეხმარება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, მივაგნოთ გადაწყვეტის გზებს და, რაც მთავარია, პატივი ვცეთ საკუთარ თავს, პატივი ვცეთ სხვის გაჭირვებას, თანავუგრძნოთ სხვას, რათა თანაგვიგრძნონ და პატივი გვცენ ჩვენ.”

ლირა ცხოვრებოვა ცხინვალში ცხოვრობს და მესამე სექტორის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წარმომადგენლად ითვლება. ოპონენტებთან დიალოგზე იგი არასდროს ამბობს უარს. ქალბატონ ლირას თქმით, სრულიად უცხო ადამიანის ტკივილის განცდა და, რაც მთავარია, ამ განცდაზე მსჯელობა, დისკუსია, აუცილებლად განაპირობებს კათარზისს. შესაძლებელია, ეს იყოს, ასე ვთქვათ, “მოკლევადიანი კათარზისი”, შესაძლებელია, რამდენიმე ადამიანის ცნობიერება შეცვალოს, მაგრამ, როგორც წესი, მთელ მსოფლიოში სწორედ უმცირესობა გამოდის ხოლმე სამშვიდობო ინიციატივებით. მით უმეტეს, რომ, ლირა ცხოვრებოვას თქმით, ამ რეგიონებში მხოლოდ სამშვიდობო პრობლემები არაა გადასაწყვეტი:

[ლირა ცხოვრებოვას ხმა. თარგმანი] “ჯავა ის რეგიონია, რომელიც ძალიან დაზარალდა. და დააზარალა არამარტო ომმა. 1991 წლის მიწისძვრამ თითქმის მთლიანად დაანგრია აქაურობა. აქ ცხოვრობს ხალხი, რომელსაც ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სჭირდება. თუმცა ამ ფილმების ჩვენებას არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ საინფორმაციო, საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. კონფლიქტები, რომელიც ამ ფილმებშია ნაჩვენები, ყველას ეხება, ამიტომ მოსახლეობისთვის, შემეცნებითი თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს.”

სამშვიდობო ფესტივალის დასკვნითი ტურის ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი ქართველ მშვიდობისმომხრეთა აქტიურობაა. ფესტივალის ორგანიზატორთა სახელზე საქართველოს რეგიონებიდან იმდენი განაცხადი შემოვიდა, რომ ჟიური იძულებული გახდა კვოტირების სისტემა დაეწესებინა. ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” კოორდინატორს, მიხეილ მირზიაშვილს ვკითხეთ, ქართული მესამე სექტორის ეს გამარჯვება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე აქტიურად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ.

[მიხეილ მირზიაშვილის ხმა] “მე მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოში უფრო აქტიურები არიან, მჯეროდეს, რომ საქართველოში უფრო აქტიურია სამოქალაქო საზოგადოება...”

თუმცა, მიხეილ მირზიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი როლი აქ ქართულმა მედიამაც ითამაშა. სამშვიდობო ფესტივალს გამოეხმაურა საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელმაც სარეკლამო კლიპები დაამზადა, დაეხმარა გაზეთი “24 საათი” და რადიო “თავისუფლება”.

[მიხეილ მირზიაშვილის ხმა] “სანამ ეს აპლიკაციები არ შემოვიდოდა, დარწმუნებული არ ვიყავი რამდენად სჭირდება ეს ჩვენს რეგიონს. უფრო სწორად, მე კი ვთვლიდი, რომ სჭირდება ეს ფესტივალი სამხრეთ კავკასიას, მაგრამ რამდენად აუბამდა მხარს საზოგადოება, არ ვიცოდი. ამ აპლიკაციებმა, შინაარსმა, ავტორების ხედვამ, იმან, რომ ავტორებმა მართლაც გაიზიარეს ეს იდეა, უცხოეთში გადაღებული ფილმების საშუალებით იმსჯელონ საკუთარ პრობლემებზე, ამ გაზიარებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სწორი იყო ამ ფესტივალის ჩატარების იდეა.”

პირველი ნაბიჯი გადადგმულია. სულ მალე სამხრეთ კავკასიის რეგიონებს ეგრეთ წოდებული “მოძრავი ფესტივალი” შემოივლის. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზატორები ფესტივალის ღონისძიებებს ფირზე აღბეჭდავენ – ე.ი. სოხუმში, ჯავაში ნახავენ, მაგალითად, როგორ მსჯელობენ მშვიდობასა და ადამიანის უფლებებზე ზუგდიდსა და ნუკრიანში... სტეფანაკერტში ნახავენ და მოუსმენენ სუმგაითელებს, კანკარანში – ჩამბარაკელებს... ის, რაც ვერ შეძლო პოლიტიკამ, კულტურამ, კინომ უნდა განახორციელოს.
XS
SM
MD
LG