Accessibility links

logo-print

ირანი განიხილავს ელ-ბარადეის წინადადებას


გაერო ირანს სთავაზობს, რომ გარკვეული პერიოდით შეაჩერებს მის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მოქმედებას, თუკი თეირანი შეწყვეტს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, მუჰამად ელ-ბარადეის ამ წინადადების საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ განიხილავს ამ წინადადებას. რამდენად არის მოსალოდნელი ირანის ბირთვულ პროგრამასთან არსებული კრიზისის განმუხტვა?

ირანმა თავშეკავებით უპასუხა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის წინადადებას სანქციების მოქმედების დროებით შეწყვეტის თაობაზე.

ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებში ირანის მთავარი წარმომადგენლის, ალი ლარიჯანის თქმით, თეირანი განიხილავს ამ წინადადებას.

[ლარიჯანის ხმა] "ირანს დრო ესაჭიროება ამ ინიციატივის შესასწავლად და იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ამ გზით ირანის ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება."

ეს განცხადება ლარიჯანიმ კვირას გააკეთა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე. იმავე პრესკონფერენციაზე გამოვიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იგორ ივანოვი. მან ირანს მოუწოდა, გულდასმით განიხილოს ელ-ბარადეის წინადადება. ივანოვის თმით, ტაიმაუტმა შეიძლება მხარეებს მოლაპარაკებების საშუალება მისცეს.

ირანის საკითხების სპეციალისტის, ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომლის, მარკ ფიცპატრიკის თქმით, ელ-ბარადეის ინიციატივა ძველი დიპლომატიური ხრიკია, რომელსაც მიმართავენ ხოლმე, როცა ჩიხში მოქცეული დაპირისპირების განმუხტვა სურთ.

[ფიცპატრიკის ხმა] "წინადადება, რომ ორივე მხარემ ერდროულად შაეჩეროს თავისი პირობები, გავრცელებული დიპლომატიური საშუალებაა, როცა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები ჩიხში ექცევა და ისინი ერთმანეთს რამის გაკეთებას სთხოვენ. თუკი ერთდროულად დაიხევენ უკან, ეს ხშირად იძლევა ჩიხიდან ღირსეულად გამოსვლის საშუალებას."

თეირანში გამოსვლის დროს ივანოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის მოგვარება წარმოუდგენელია სამხედრო გზით. ამ აზრს იზიარებენ ელ-ბარადეი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაუქათ აზიზიც. მათი თქმით, ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას მთელი რეგიონისთვის კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ამ განცხადებების ფონზე შეერთებულ შტატებს სპარსეთის ყურეში შეჰყავს მძიმე სამხედრო გემები, რათა "შეახსენოს" ირანს, რომ არ შეეგუება თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას. ირანი კატეგორიულად აცხადებს, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ავითარებს.

დაჰყვება თუ არა ირანის მკაცრი კურსის მომხრე ხელისუფლება ელ-ბარადეის წინადადებას? აქამდე ირანი თავდაპირველად ავლენდა ხოლმე კომპრომისითვის გარკვეულ მზადყოფნას, მაგრამ შემდეგ ან დროს აჭიანურებდა, ანდა უარს ამბობდა შეთავაზებაზე. ირანის ხელისუფლების გენერალური კურსი იმაში მდგომარეობს, რომ ირანმა უნდა განაგრძოს ურანის გამდიდრების პროცესი რადაც უნდა დაუჯდეს ეს. იგულისხმება საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლაცია.

მაგრამ ფიცპატრიკის აზრით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დეკემბერში მიღებული სანქციები უკვე ახდენს გარკვეულ ზემოქმედებას და თავად ირანიშიც გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ დაშვებული შეცდომების თაობაზე.

[ფიცპატრიკის ხმა] "ეკონომიკის სფეროში მის შეცდომებთან ერთად, თეირანში ბევრს აუხილა თვალი იმ ფაქტმა, რომ უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრმა ერთხმად მისცა ხმა ირანის წინააღმდეგ."

იკმარებს თუ არა ეს პოლიტიკური კურსის შესაცვლელად, ძნელი სათქმელია. ფიცპატრიკის თქმით, გაეროს სანქციები არ არის ძალიან მკაცრი - ისინი ირანისთვის ბირთვული ტექნოლოგიის მიწოდებას კრძალავს. მაგრამ ამავე დროს სანქციებით ნებადართულია, ცალკეულმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად ან კოლექტიურად დაუწესონ ირანს ფინანსური აკრძალვები. ასეთი ზომები უკვე მოქმედებს და უკვე დიდ ზარალს აყენებს ირანის ეკონომიკას.
XS
SM
MD
LG