Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ სასარგებლო წიაღისეულის 14 საბადო საინვესტიციოდ მოამზადა


29 იანვარს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ იმ საბადოების პრეზენტაცია მოაწყო, რომლებიც საქართველოს მთავრობამ საინვესტიციოდ მოამზადა.

პირველი თებერვლიდან აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება სასარგებლო წიაღისეულის 14 მსხვილი საბადოს ლიცენზია. საბადოების ლიცენზიების საწყისი ფასი 15-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს. უკვე შესწავლილია სხვადასხვა სახეობის 1550 საბადო, რომლებსაც აუქციონზე თანმიმდევრობით გამოიტანენ. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რომელი საბადოების ინვესტირება იგეგმება საწყის ეტაპზე და რა პირობებით.

[ისმის სარეკლამო რგოლის ხმა] ”... დააბანდე წიაღისეულში.”

მოუწოდებს ინვესტორებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სარეკლამო ვიდეორგოლი. აუქციონზე გასაყიდად მომზადდა 14 მსხვილი საბადოს ლიცენზია. მათ შორისაა: მარნეულის თიხა, ლუხუმის დარიშხანი, უწერის მინერალური წყალი და სხვ. აუქციონები 1 თებერვლიდან დაიწყება, მანამდე კი გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით ”დააბანდე წიაღისეულში”.

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] ”რას ნიშნავს ეს პროექტი ჩვენი საზოგადოებისათვის? ეს ნიშნავს გაჩერებული საწარმოების ამოქმედებას, ახალი საწარმოების გახსნას, დამატებით შემოსავლებს ბიუჯეტში და, რაც მთავარია, ათასობით დასაქმებულ ადამიანს. რამდენიმე თვეში, აუქციონების ჩატარების შემდეგ, ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრენი გავხდებით ჩვენს ქვეყანაში.”

ეს არის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი. მისი სამინისტროს მიერ მომზადდა აუქციონზე გასატანი საბადოების დეტალური ინფორმაცია, ელექტრონული სახითა და შესაბამისი სამგანზომილებიანი რუკით, რაც უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ასათვისებელი საბადოს მდებარეობასა და განვითარების პერსპექტივას. ამ პროექტის დაწყება პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ჩატარებული სამუშაო ინვესტორების მოზიდვის საფუძველს იძლევა.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ ვთავაზობთ საქართველოში ნორმალურ და გაუმჯობესებულ საინვესტიციო გარემოს, რომელმაც უკვე მოიზიდა შარშან ორი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია, ერთი - გერმანული და მეორე -ბრიტანული. კიდევ ერთხელ ჩვენ ვთავაზობთ წიაღისეულ სიმდიდრეს, რომელიც საქართველოშია. ჩვენ ვთავაზობთ საინვესტიციო გარემოს და, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მივიღებთ საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციებს ამ სფეროში.”(სტილი დაცულია)

იმის გასარკვევად, თუ როგორ აფასებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივას თავად ბიზნესმენები, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელ მდივანს გიორგი ისაკაძეს გავესაუბრე. მისი აზრით, საბადო უფუნქციოდ არ უნდა იყოს და მოგება უნდა მოჰქონდეს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ საბადო მისმა მფლობელებმა სხვა კომპანიებს მიჰყიდონ:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ვერც ტრაგიკულს ვხედავ იმაში, რომ მოხდეს სხვა კომპანიებზე გადამისამართება მათ მიერ კუთვნილ აქტივებში, სხვა ქვეყნებში. ყველა შემთხვევაში ვერავინ ამ საბადოს ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერ გაიტანს საქართველოდან.”(სტილი დაცულია)

წინასწარი ინფორმაციით, სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე ლიცენზია 40 წლით და უფრო მეტი ვადით გაიცემა. თუ რა პირობებით, ეს უფრო კონკრეტულად აუქციონების დაწყების შემდეგ გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG