Accessibility links

logo-print

გავლენიანი ადამიანების რეიტინგი: ვინ არის პირველი?


გასულ ხუთშაბათს გაზეთ “ჯორჯიან თაიმსში” გამოქვეყნდა საქართველოს გავლენიან ადამიანთა რეიტინგი, რომელიც ექსპერტული გამოკითხვის შედეგად დადგინდა.

გამოკითხვაში ჟურნალისტები, პოლიტოლოგები და მედიის მკვლევარები მონაწილეობდნენ - სულ 27 ადამიანი. მინდა “ჯორჯიან თაიმსის” ექსპერიმენტის შედეგებზე გესაუბროთ.

საქართველოში გაზეთების ტირაჟი დაბალია და “ჯორჯიან თაიმსს” მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი კითხულობს. სამაგიეროდ, ბევრი ადამიანი უყურებს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო პროგრამებს. რაკი “ქრონიკაშიც” და “დროებაშიც” თითო სიუჟეტი მიეძღვნა გავლენების რეიტინგს, ესე იგი ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა უკვე იცის, რომ, ექსპერტების აზრით, საქართველოს ხელისუფლებაში, პრეზიდენტის შემდეგ, ყველაზე გავლენიანი ადამიანი გიგა ბოკერიაა. მხოლოდ მეორე ადგილზეა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვლი, მესამეზე - გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.

გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომ მისმა ავტორებმა და რესპონდენტებმა უსიტყვოდ გაუგეს ერთმანეთს: ერთნიც და მეორენიც გულისხმობდნენ არალეგიტიმურ, არაკანონიერ გავლენას - უფრო კონკრეტულად, გავლენას, რომელიც რაც შეიძლება შორს სცილდება ამა თუ იმ პირის საპასუხისმგებლო სფეროს. ამიტომ ნუსხაში მოკრძალებულად არის წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საერთოდ არ ჩანს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კახა ლომაია. უნდა ვიგულისხმოთ, რომ პირველის გავლენა კანონიერად ვრცელდება ბევრ სფეროზე, მეორე კი თავისი სფეროთი კმაყოფილდება და, ასე ვთქვათ, სხვების საქმეებში არ ერევა.

არალეგიტიმური გავლენები, დიდწილად, ფარულ ხასიათს ატარებს. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც მთაში წაქცეული ელექტრობოძის დასათვალიერებლად შინაგან საქმეთა მინისტრი წასულა ჟურნალისტების თანხლებით და საზოგადოებისთვის პირობაც მიუცია, შუქი ამდენ და ამდენ დღეში გექნებათო. ასეთი ფაქტი, რომელიც ცხადყოფს ერთი მინისტრის გავლენას მისი ოფიციალური ფუნქციისგან სრულიად დაშორებულ სფეროზე, ცოტაა. ეს ბუნებრივია, რადგან არალეგიტიმური გავლენის ყოველი საჯარო დადასტურება პოლიტიკურ შეცდომად შეიძლება შეფასდეს. არალეგიტიმური გავლენის მაგალითია პროკურატურისა და სასამართლოს ურთიერთობაც. ოპოზიცია სასამართლოს პროკურატურის ნოტარიუსს უწოდებს, რადგან სასამართლო ხელისუფლება, როგორც წესი, ეთანხმება პროკურატურის გადაწყვეტილებებს, რასაც სახალხო დამცველის მოხსენებებში წარმოდგენილი სტატისტიკა ადასტურებს.

მთლიანობაში, სახელისუფლო სივრცისგან შორს მყოფი ადამიანებისთვის ძნელი დასადგენია, რომელი პოლიტიკური ფიგურის გავლენა რად ფასობს. ექსპერტებმა ყველაზე გავლენიანად ის ადამიანი აღიარეს, რომელიც ყველაზე ხშირად ჩანს ტელეეკრანზე სახელისუფლო გადაწყვეტილებების გამხმოვანებლისა და დამცველის როლში. სინამდვილეში, გავლენა უნდა გავიაზროთ როგორც საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების უფლება, პლუს სხვების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების უნარი. ამიტომ ძალიან უცნაურია, ყველაზე მეტი გავლენა მივაწეროთ პირს, რომელიც ერთ-ერთი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა: არალეგიტიმური გავლენა ხომ მით მეტია, რამდენადაც მნიშვნელოვანია ლეგიტიმური გავლენის სფერო.

ჩამოუყალიბებელი დემოკრატიის ქვეყნებში ყველაზე გავლენიანი ადამიანები, როგორც წესი, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები არიან - ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ისაა, რომ უკანონო სახელისუფლო გავლენები, ძირითადად, განუვითარებელი დემოკრატიის ქვეყნებს ახასიათებს; მეორეც, ძალოვანები ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებს აკონტროლებენ ლეგიტიმურად და ამიტომ სხვა სფეროებზეც სხვებზე მეტი გავლენა აქვთ.

გასაკვირია, მაგრამ გიგა ბოკერია იმიტომ აღმოჩნდა გავლენიანი პირების სიის სათავეში, რომ ტელევიზიით მერაბიშვილსა და ადეიშვილზე ხშირად ჩანს და მათზე დალაგებულად საუბრობს. იგი, მართლაც, შესანიშნავი პოლემისტია, ჭკვიანია და ოპონენტებს ადვილად უსწორდება. ამ და სხვა უნარების გამო, გიგა ბოკერია სახელისუფლო ბანაკის ერთ-ერთი უდავო ლიდერია. მაგრამ ყველაზე გავლენიანი ვერ იქნება, სანამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მნიშვნელოვან თანამდებობაზე არ დანიშნავენ. არც არის, თუნდაც იმიტომ, რომ მთელმა საქართველომ ნახა, როგორ შეიტყო მან ჟურნალისტებისგან ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენების ამბავი. ვის შეუთანხმა პრეზიდენტმა ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება? და, საერთოდ, ვის აქვს მინიჭებული ან მოპოვებული უფლება, ჩაერიოს კოლეგების საქმეებში და ფორმალურად ჰორიზონტალური კავშირები არაფორმალურ ვერტიკალურ დაქვემდებარებაში მოაქციოს? ვინ არის ის, ვინც ხუთშაბათს “ჯორჯიან თაიმსი” გადაშალა და ღიმილით გაიფიქრა: “გიგა ბოკერია ბრძანდებით? მაშინ ჩემს შემდეგ იქნებით!”

ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. გამოკითხვისთვის შერჩეული ექსპერტები მათ შორის ნამდვილად არ აღმოჩნდნენ.
XS
SM
MD
LG