Accessibility links

logo-print

საკრებულოების თავმჯდომარეებსა და გამგებლებს ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის გამო სთხოვენ პასუხს


საკრებულოების თავმჯდომარეებსა და გამგებლებს ადგილობრივი ბიუჯეტისადმი დამოკიდებულებას უმოწმებენ.

პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრაზე ზოგიერთი რაიონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. ” ყველა თანამდებობის პირი, ვინც ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს პირადი კეთილდღეობისა და კაბინეტების კომფორტისთვის იყენებს, თანამდებობიდან უნდა წავიდეს,”- აღნიშნა პრეზიდენტმა და გამგებლებისა და საკრებულოების თავმჯდომარეების გათავისუფლებაც დაიწყო.

საბიუჯეტო თანხით ძვირად ღირებული ავტომანქანის შეძენის გამო თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა პირველებს ხონის, წყალტუბოსა და სამტრედიის საკრებულოების თავმჯდომარეებს მოუხდათ. გავრცელებული ცნობით, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა მამაცაშვილიც მათსავით მოიქცა. არსებობს ინფორმაცია, რომ გასულ წელს, როცა მამაცაშვილი თელავის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა, ბიუჯეტის თანხით გამგებლისა და სხვა ადგილობრივი მაღალჩინოსნების კაბინეტებში ძვირად ღირებული რემონტი ჩატარდა. ასევე, შეძენილ იქნა ძვირად ღირებული ინვენტარი. მსგავს ქმედებათა გამო თანამდებობის პირების გათავისუფლება გრძელდება. ადგილობრივ ბიუჯეტთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელმძღვანელების მიერ დაშვებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა დავით კირკიტაძემ მიაწოდა. მანვე განმარტა, რომ დარღვევები გამოვლენილია ხონის, ონისა და ქარელის რაიონის საკრებულოებსა და გამგეობებში. უკვე 28 იანვარს კირკიტაძე , ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში ჩავიდა და პარტიის საქალაქო ორგანიზაციაში იმერეთის სამხარეო რწმუნებულს შეხვდა. შეხვედრაზე მერებისა და გამგებლების საქმიანობის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიების შექმნის საკითხი განიხილეს, 29 იანვარს კი ქუთაისის საკრებულომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ ქუთაისის მერის ბაკურ ბალანჩივაძის განცხადების განხილვა დაიწყო. მას საბიუჯეტო თანხებით 48 ათას ლარად ღირებული ავტომანქანის შეძენის გამო მოუწია განცხადების დაწერა. ”ვითვალისწინებ რა პრეზიდენტის შენიშვნას, მივდივარ თანამდებობიდან,” - ასეთი შინაარსის არის ეს განცხადება.

[ელისო კილაძის ხმა] ”წყალტუბოსა და ხონის რაიონში შესაბამისმა პირებმა უკვე დაწერეს განცხადებები. მათ საკრებულოები უახლოეს დღეებში განიხილავს. რაც შეეხება ქუთაისის მერს, მასაც მიეცა რეკომენდაცია,” -

განმარტავს პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ელისო კილაძე.
საინტერესოა რას ფიქრობს იმერეთის მხარეში გამოლენილ დარღვევებზე რწმუნებულის მოადგილე შალვა დათუაძე და რას ფიქრობს ხალხი:

[შალვა დათუაძის ხმა] ” აქ ლაპარაკია არა ღირბულებაზე, არამედ იმაზე, რომ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ თავიანთი რაიონებისთვის, თავისი ამომრჩევლისთვის და პირველი რიგის ამოცანად დააყენეს საკუთარი კომფორტი, საკუთარი კეთილდღეობა. ”(სტილი დაცულია)

[ქუთაისელების ხმები] ”ჯერ ხალხისთვის უნდა მიეხედათ.”

”სირცხვილია ამ დროს ასეთი მანქანების ყიდვა. ”

“საქმით უნდა დაიწყონ და მერე ყველაფერი თავისთავად მოვა. ”

”მანქანა რომ სჭირდებათ , შეიძლება მაინცდამაინც ძვირად ღირებულში არ ჩასხდნენ.”

ქუთაისის საკრებულომ ბაკურ ბალანჩივაძის განცხადება დააკმაყოფილა, დაინიშნა ქუთაისის მერის მოვალეობის დროებითი შემსრულებელიც.
XS
SM
MD
LG