Accessibility links

logo-print

საერთაშორისო თანამეგობრობა ირანს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის აკრიტიკებს


ორშაბათს, 29 იანვარს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.

ამ დღის აღნიშვნის თაოსანი, გაერო, იმედს გამოთქვამს, რომ ნაცისტების ხელით დახოცილი მილიონობით ებრაელის ხსოვნისთვის პატივის მიგება მომავალში თავიდან აგვაცილებს ახალ ხოცვა-ჟლეტას. რამდენიმე დღით ადრე, 26 იანვარს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰგმობს ჰოლოკოსტის ნებისმიერი სახით უარყოფას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა ხმის უფლების მქონე ყველა სახელმწიფომ გარდა ირანისა, რომელიც კენჭისყრას არ დასწრებია.

ვიდრე ირანის პოზიციის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე ვისაუბრებდეთ, შეგახსენებთ, რომ ამ თვენახევრის წინათ თეირანში ჰოლოკოსტის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილენი ეჭვქვეშ აყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტების მიერ ექვსი მილიონი ებრაელის გაჟლეტის ფაქტს. ირანის ხელისუფლებას მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, რომ ჰოლოკოსტი მხოლოდ მითია და სხვა არაფერი. საერთაშორისო თანამეგობრობამ იმთავითვე კატეგორიულად დაგმო კონფერენციის ჩატარების ფაქტი, ახლა კი, გაეროს ნიუ იორკის შტაბ-ბინაში, ავსტრიის თაოსნობით, ჩატარდა სემინარი სახელწოდებით "ადამიანის უფლებები და ჰოლოკოსტის უარყოფა".

მისმა მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სულ უფრო აშკარად შეინიშნება ანტისემიტური ტენდენციები, რასაც მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებები. სემინარზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ოლსი ჰეისტინგსმა, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბოლო ერთ წელიწადში თეირანმა ზედიზედ უმასპინძლა ორ კონფერენციას, რომელთა მონაწილეები ეჭვქვეშ აყენებდნენ ჰოლოკოსტის მასშტაბს.

ოლსი ჰეისტინგსის ხმა "მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, მეორედ ჩაატაროს ეს ამაზრზენი ანტისემიტური კონფერენცია, საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ, ერთხმად გამოხატა საკუთარი პოზიცია. და დეკემბერში, აშშ-ის ძველი მოწვევის კონგრესის ბოლო რამდენიმე საათში მე გახლდით თაოსანი წარმომადგენელთა პალატაში გამართული იმ კენჭისყრისა, რომელმაც ერთხმად დაგმო ირანის განზრახვა, ასეთი კონფერენცია ჩაატაროს."

ირანის პრეზიდენტი ჰოლოკოსტს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, "მითს" უწოდებს. მისივე თქმით, ისრაელი, როგორც სახელმწიფო, უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. ამგვარ განცხადებებს ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს ნიუ იორკში გამართული სემინარის კიდევ ერთი მონაწილე, გაეროში გერმანიის ელჩი თომას მატუსეკი.

თომას მატუსეკის ხმა "ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტ აჰმადინეჟადის განცხადებები მიუღებელია. ჩვენს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ხერხით ირანს უნდა ავუხსნათ, რა არის მისაღები და რა - არა. დღესაც და მომავალშიც მტკიცედ აღვუდგებით წინ ჰოლოკოსტის უარყოფის ან მისი სხვაგვარად შეფასების ნებისმიერ ცდას, წინ აღვუდგებით მცდელობას, ეჭვქვეშ დადგეს ისრაელის არსებობის მართებულობა."

თომას მატუსეკმა იქვე დასძინა, რომ მისი თაობა - ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში დაბადებული გერმანელები - ჰოლოკოსტის გამო თავს დამნაშავედ არ გრძნობენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გერმანელებს თავიანთი წინაპრების დანაშაულისთვის საერთო პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდეთ.

სემინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჰოლოკოსტის უარყოფის ან მისი მასშტაბის ხელახლა შეფასების ნებისმიერ ცდას უარყოფითი შედეგები მოჰყვება ბევრი თვალსაზრისით. ჯერ ერთი, ის აღვივებს ზიზღს ებრაელი ხალხის მიმართ, ხელს უწყობს ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი შუღლის გაღვივებას, და ნიადაგს უმყარებს შეთქმულების თეორიებს ებრაელთა მსოფლიო ბატონობის შესახებ.
XS
SM
MD
LG