Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის მოქალაქეებს რომ უამრავი კითხვა დაუგროვდათ საქართველოს პრეზიდენტთან, ეს ამ რამდენიმე დღის წინ დადასტურდა,

როცა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” მსმენელმა მიხეილ სააკაშვილს 1 500 კითხვით მიმართა. გაზეთ ”იზვესტიას” ცნობით, საქართველოს პირველ პირთან საუბარს განსაკუთრებულ პიკანტურობას მატებდა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს, ჟურნალისტ ვიტალი დიმარსკისთან ერთად, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი სოფიკო შევარდნაძეც უძღვებოდა. გაზეთის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ კეთილგანწყობილად ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე, თუმცა დასძინა, რომ ”არ ესმის, რა შემხვედრ ნაბიჯებს ელის მოსკოვი თბილისისგან.”
ის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები დღემდე უფრო მეტ კითხვას იწვევს, ვიდრე პასუხი არსებობს, ამაში ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომის” ერთი პუბლიკაციაც დაგარწმუნებთ.

”არის თუ არა საქართველო ჩვენი კუბა” - ასეა დასათაურებული პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ერთაშორისი ურთიერთობების განყოფილების უფროსის სერგეი მარკედონოვის სტატია, რომელსაც ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომი” აქვეყნებს. რუსი პოლიტოლოგი ამტკიცებს, რომ რუსეთი არ აანალიზებს თავის პოლიტიკას მეზობელი საქართველოს მიმართ და ხშირად მოქმედებს არა სტრატეგიული გეგმით, არამედ მხოლოდ ემოციით. შესაბამისად, გაურკვეველია, რა შინაარსი დევს მოსკოვისა და თბილისის განცხადებებში ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ, ანუ გაურკვეველია, ვინ რას გულისხმობს ამ გაუმჯობესებაში: ”ურიგო არ იქნებოდა, 2006 წელს რუსეთ-საქართველოს ცივი ომის შედეგების შეფასება მოგვესმინა. სამწუხაროდ, დღემდე გაურკვეველია, რამ გამოიწვია ურთიერთობების დათბობის აუცილებლობა. რას ნიშნავს ეს - რომ საქართველოს მიმართ დაწესებულმა სანქციებმა არ გაამართლა? თუ გაამართლა და ახლა კრემლი სხვა ხერხს ანიჭებს უპირატესობას?”

სერგეი მარკედონოვის აზრით, კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავ ხასიათს ატარებდა - მაგალითად, ქართული ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვას წლის ბოლოს ცხინვალიდან მანდარინის რუსეთში შეტანის აკრძალვა მოჰყვა, რამაც, ავტორის თქმით, პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქე ოსები დააზარალა. მარკედონოვს არც ენერგომატარებლების პოლიტიკა მიაჩნია გააზრებულად. ფაქტია, რომ ქართულმა ფაქტორმა თავისი როლი შეასრულა ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაციებაშიო, - წერს ის და მკითხველს შეახსენებს, რომ მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ბაქომ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო საქართველოს ენერგეტიკულ ბლოკადაში, რუსეთმა ბაქოსაც გაუძვირა გაზის საფასური.

და მაინც, არსებობს თუ არა სფეროები, სადაც რუსეთ-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა შესაძლებელია? - კითხულობს მარკედონოვი და თავად უასუხებს ამ კითხვას: შესაძლებელია თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერება. “მოკლედ, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისე უნდა დაიცვას, თითქოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სხვა პრობლემა არ არსებობდეს. ამავე დროს, აუცილებელია სხვა საკითხებთან დაკავშირებით ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება, თითქოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არსებობდეს.”

თავად კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით კი რუსი ექსპერტი ასეთ რჩევას აძლევს როგორც ქართულ, ისე რუსულ მხარეს: საჭიროა უარის თქმა ილუზიაზე, თითქოს ცხინვალი და სოხუმი რუსეთის კარნახით მოქმედებდეს. ”ამ რეჟიმებს თავიანთი ინტერესი აქვთ და რაც სწრაფად აღიქვამს ამ რეალობას მოსკოვიც და თბილისიც, მით მალე გახდება შესაძლებელი შედეგიანი მოლაპარაკებების წარმოება,” - დაასკვნის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ერთაშორისი ურთიერთობების განყოფილების უფროსი სერგეი მარკედონოვი, რომლის სტატიასაც, შეგახსენებთ, ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომი” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG