Accessibility links

logo-print

არსებობს თუ არა საქართველოში ფრინველის გრიპის გავრცელების რეალური საფრთხე


მეზობელ რუსეთში, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მახლობლად, კრასნოდარის მხარის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონში,

გრიპის ვირუსით რამდენიმე ათეული ფრთა შინაური ფრინველის დაღუპვას
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროც გამოეხმაურა. ქართველი ვეტერინარები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ქათმის გრიპის გავრცელების რეალური საფრთხე არ არსებობს, თუმცა, ამგვარი დამაიმედებელი ინფორმაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, მაინც ახორციელებს ,,ფრინველის გრიპის კონტრო¬ლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტს".

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ჯერჯერობით შინაური ფრინველის მასშტაბური დაცემის ფაქტები არ დაფიქსირებულა, გარეულ ფრინველთა დაღუპვის მიზეზებს კი სპეციალურად შექმნილი საველე სადგურები იკვლევენ, თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ ლაბორატორიაში განგვიცხადეს, მოცემულ ეტაპზე მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს:

[ლაბორატორიის თანამშრომლის ხმა] „ბუმი იყო შარშან, იანვრის თვეში. წელს არ რეკავენ, ათასში ერთხელ შეიძლება დარეკონ და გამოგვიძახონ, მაგრამ, როგორც წესი, მოსახლეობის შიში და ეჭვები არ მართლდება.“

თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოს მახლობლად, კრასნოდარის მხარეში, შინაური ფრინველი გრიპის ვირუსით იხოცება, ქართველი მედიკოსების შეშფოთებას იწვევს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმით, ვირუსის გადამტანი გარეული ფრინველები საფრთხეს საქართველოსაც უქმნიან, მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ საფრთხეს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ამცირებს:

[პაატა იმნაძის ხმა] „ჩვენთან რისკი ცოტა ნაკლებია, ვიდრე ყირიმსა ან კრასნოდარის მხარეში, იმიტომ რომ კავკასიონზე პირდაპირ ვერ მოფრინავენ, მაინც ზღვის ნაპირს მიჰყვებიან ხოლმე გადამფრენი ფრინველები. ისე, ჯერ ვეტერინარიის საზრუნავია, რომ თუ სადმე იქნება გარეული ფრინველის დაცემა, საჭიროა მყისიერი რეაგირება, რათა არ გადავიდეს შინაურ ფრინველზე.“(სტილი დაცულია)
შინაურ ფრინველზე ზრუნვა, როგორც უკვე ითქვა, ვეტერინარებს ევალებათ. შედარებით კეთილსაიმედო მდგომარეობის მიუხედავად, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას მაინც ,,ფრინველის გრიპის კონტროლის, პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების სახელმწიფო პროგრამის" მოთხოვნათა შესაბამისად მოქმედებს. ჯამბულ მაღლაკელიძე, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე, განმარტავს:

[ჯამბულ მაღლაკელიძის ხმა] „ჩვენ ვფლობთ სიტუაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. არ ყოფილა შემთხვევა, სადაც ვეტერინარიის დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეციალისტები არ იყვნენ ჩართული. ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა ფრინველის გრიპისგან თავისუფალია.“(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, საქართველოს ხელისუფლება ვირუსის გავრცელებას არ ელოდება და მოქმედებს პანდემიისათვის მზადყოფნის ეროვნული გეგმით, რომელიც, თავის მხრივ, ანტივირუსული პრეპარატების, მათ შორის, „ტამიფლუს“ სახელმწიფო მარაგის შექმნასაც ითვალისწინებს. პაატა იმნაძის კომენტარი:

[პაატა იმნაძის ხმა] „100 ათას ადამიანზე „ტამიფლუს“ მარაგი უკვე გაგვაჩნია. შევიძინეთ ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ექიმებისთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები შევიძინეთ. ერთი თვის წინ ჯამრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები იყვნენ და ჰოსპიტლების მზადყოფნის გეგმების შესამუშავებლად ტრენინგები ჩატარდა.“(სტილი დაცულია)

დაბოლოს, პაატა იმნაძე შეგვახსენებს, რომ ფრინველის გრიპის ვირუსით დაავადებას იწვევს ცოცხალ, დაავადებულ შინაურ ფრინველთან მჭიდრო კონტაქტი ანტისანიტარიულ პირობებში ან თერმულად დაუმუშავებელი ფრინველის საკვებად მიღება.
XS
SM
MD
LG