Accessibility links

logo-print

საქართველოში კერძო საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები გახშირდა


ბოლო დროს საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრობლემამ. ამის მიზეზი კი გახდა

ქმედებები დედაქალაქის მერიისა, რომლის სამსახურებმა არაერთი კერძო მესაკუთრის უძრავი ქონება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაანგრიეს. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო, უსაკუთრებოდ დარჩენა ემუქრებათ მწერალთა, კომპოზიტორთა და სხვა სფეროს შემოქმედებით კავშირებსაც. ეს, იმის მიუხედავად, რომ კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითაა გარანტირებული.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში წერია, რომ ”საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.” უზენაესი კანონის ამ მოთხოვნისა და მესაკუთრეთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წინააღმდეგობის მიუხედავად, 30 იანვარს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ ”დელისთან” მდებარე სავაჭრო ცენტრის სამსართულიანი შენობა ნახევრად მაინც დაანგრია.

[გიორგი კანდელაკის ხმა] ”პატრული გამოვიძახე და ვთხოვე დოკუმენტი ეჩვენებინათ, უარი მითხრეს.”

ეს არის მეტრო “დელისთან” დანგრეული შენობის ერთ-ერთი მესაკუთრე, გიორგი კანდელაკი.

კერძო საკუთრების ნგრევას მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. ამ სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს ტარიელ ავალიანს მოვუსმინოთ:

[ტარიელ ავალიანის ხმა] ”ნებართვა იყო გაცემული ღია ტიპის კაფეზე, სინამდვილეში არ იყო ღია ტიპის კაფე... ეს შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს?”

ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს კონსტიტუციაშია, რომელიც ამბობს, რომ საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში ან კიდევ სასამართლოს გადაწყვეტილებით. როგორც ცნობილია, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთრების ჩამორთმევისა თუ დანგრევის შესახებ. სახალხო დამცველის სოზარ სუბარის კომენტარი:

[სოზარ სუბარის ხმა] ”თუ უკანონოა, ანუ არ არსებობს არავითარი ნებართვა, მაშინ მერიას უფლება აქვს დაანგრიოს, ოღონდ ამ შემთხვევაშიც კი მან დადგენილება უნდა გამოიტანოს და 2 კვირიანი ვადა მისცეს...”

გაცილებით რადიკალურად აფასებენ ხელისუფლების ქმედებებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ”დემოკრატიული ფრონტის” ერთ-ერთ ლიდერს, ზვიად ძიძიგურს, მოვუსმინოთ:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ეს არის ძალადობა ჩვეულებრივი, რომელსაც აკეთებდა ბოლშევიკური პარტია, როდესაც შენობებსაც ართმევდნენ და, საერთოდ, ქონებასაც. და ახლა ჯერ ძროხების წართმევაზე არ არიან გადასულები, საბედნიეროდ, მაგრამ არ ვიცი, როდის დადგება ის დრო, როდესაც 2 ძროხაზე მეტი ვისაც ეყოლება, მოჰკიდებენ ხელს და წაიყვანენ თავისთან.”(სტილი დაცულია)

30 იანვარს საპარლამენტო ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტში” ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იმ შემოქმედებითი კავშირების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც საკუთრების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგნენ.

პარლამენტის მიერ ახლახან განხორციელებული ცვლილების თანახმად, შემოქმედებითი გაერთიანების შესახებ კანონიდან ის მუხლი ამოვარდა, რომელიც მათ ბალანსზე არსებული ქონების საკუთრების უფლებას განსაზღვრავდა. შესაბამისად, იმ ორგანიზაციებმა, რომლებმაც ამ ცვლილებამდე ვერ მოასწრეს უძრავი ქონების საჯარო რეესტრში გაფორმება, საკუთრების გარეშე დარჩნენ. მათ შორისაა მწერალთა კავშირიც. კავშირის თავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის კომენტარი:

[მაყვალა გონაშვილის ხმა] ”ბათუმში მიწა გვქონდა, მიწა, რომელიც რეესტრში გავატარეთ, წაგვართვეს და გვიყიდიან ამას. ანუ მე რა იმედი მქონდეს, როდესაც რეესტრში გატარებული ქონება გაგვიყიდეს. ჩვენ შეშინებულები ვართ, აღარ დამთავრდა ეს მარადიული ქაოსი.”(სტილი დაცულია)

საკუთრების უფლების დაცვის საკითხს რადიო “თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში შეეხო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტ ლაარიც:

[მარტ ლაარის ხმა] ”მაგალითად, თუკი რომელიმე ობიექტის პრივატიზაციაში ადგილი ჰქონდა დანაშაულს, მათზე დაიწყება გამოძიება და, რასაკვირველია, საქმეს სასამართლო გაარკვევს და არა ისე, რომ ვიღაცამ აიღოს და სახელმწიფოს აჩუქოს ესა თუ ის ობიექტი. ამგვარმა შემთხვევებმა შეიძლება მყისიერი ზეგავლენა მოახდინოს ინვესტიციებზე, ვინაიდან, როდესაც ბიზნესმენები შემოდიან ქვეყანაში, ყიდულობენ რაიმეს, მათ აინტერესებთ ვინ არის ქონების მფლობელი. თუკი მან არ იცის, რა მოხდება ხვალ, ეს მისთვის პრობლემაა. მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე საქართველოს სჭირდება საგანგებო გადაწყვეტილება პარლამენტის დონეზე. ბიზნესმენებსა და სხვა წრეების წარმომადგენლებთან ჩემს შეხვერებზე ეს განხილვის უმთავრესი საგანი გახდა და მას ნათელი უნდა მოეფინოს. თუკი ეს ასე არ მოხდება, დიდი, დიდი პრობლემა წარმოიშვება.”
XS
SM
MD
LG