Accessibility links

ვეტერანები საპროტესტო გამოსვლებს არ წყვეტენ


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, კვლავ განახლდა ვეტერანთა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორები ითხოვენ


ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლადო ჭიპაშვილის გადადგომას, სოციალური შეღავათების მონეტიზაციის გაუქმებასა და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას. ვეტერანების გარდა, აქციაში მონაწილეობას იღებენ აფხაზეთიდან დევნილები, უმუშევრად დარჩენილი გარე მოვაჭრეები და მცირე ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებმაც, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აქტიურობის წყალობით, უძრავი ქონება დაკარგეს. მინდა დაწვრილებით გიამბოთ იმის შესახებ, თუ რას ითხოვენ და რას აპირებენ პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები.

2007 წლის 31 იანვარს პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები მთავრობის წევრთა მხოლოდ კრიტიკას არ დასჯერდნენ. მომიტინგეებმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, თუმცა მეორე ჯგუფის ინვალიდმა დავით თურმანიძემ, ვიდრე ხელს მოაწერდა, პეტიციის გაცნობა მოითხოვა:

[დავით თურმანიძის ხმა] „უკიდერესად აღშფოთებული ვართ ხელისუფლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული ანტისახალხო პოლიტიკის გამო და მოვითხოვთ ლადო ჭიპაშვილის გადაყენებას... მაგრამ, მე მგონი, მარტო ლადო ჭიპაშვილის გადადგომა კი არ უნდა მოვითხოვოთ, არამედ მთელი მთავრობისა... ან გამოასწორონ მდგომარეობა.“(სტილი დაცულია)

მდგომარეობის გამოსწორებაში დავით თურმანიძე სოციალური შეღავათების ძველი სისტემის აღდგენას გულისხმობს, თუმც, როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამბობს, მთავრობა არ აპირებს შეღავათების მონეტიზაციაზე უარის თქმას. ლადო ჭიპაშვილის მტკიცებით, ფულადი დანამატების მიღებით ყველაზე მეტად იხეირებენ რეგიონებში მცხოვრები ვეტერანები, რომლებიც ძველი სისტემის პირობებში უსამართლოდ იჩაგრებოდნენ:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] „არ შეიძლება მხოლოდ დედაქალაქის მცხოვრები რამდენიმე ათასი ადამიანისთვის სასათბურე პირობების შექმნა და დანარჩენი საქართველოს უყურადღებოდ მიგდება. ის თანხა, რომელიც გაგვაჩნდა, სამართლიანად გადავანაწილეთ მთელ საქართველოზე.“

ლადო ჭიპაშვილის თქმით, ინვალიდი ვეტერანები, პენსიაზე დანამატის სახით, ყოველთვიურად ორმოცდაოთხ ლარს, ხოლო არაინვალიდი ვეტერანები ოცდაორ ლარს მიიღებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნიკა მახაშვილის თქმით, სოციალური შეღავათების მონეტიზაციით მთავრობამ ვეტერანები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო:

[ნიკა მახაშვილის ხმა] „ხელისუფლებამ მარტივი არჩევანის წინაშე დააყენა ეს ადამიანები, სიკვდილისა და სიცოცხლის არჩევანის წინაშე, და თან გვაძალებს, რომ ავირჩიოთ სიკვდილი. არ გამოვა, ბატონო, ჩვენ ავირჩიეთ სიცოცხლე. ამიტომ იძულებული ვართ ჩვენი უფლებებისათვის ვიბრძოლოთ.“

უფლებებისათვის ბრძოლის გზაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაც მოითხოვეს:

[აქციის მონაწილის ხმა] „პრინციპში, თითქოს არ არიან წინააღმდეგი, რომ შეგვხვდნენ, მაგრამ ვინაიდან დღის წესრიგი აქვს გადატვირთული, არ იცის როდის შეგვხვდება.“ (სტილი დაცულია)

ვეტერანები ამბობენ, რომ საპროტესტო გამოსვლებს შეღავათების ძველი სისტემის აღდგენამდე არ შეწყვეტენ, თუმცა აქციის მონაწილეთა შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პრეზიდენტს პრობლემის გადაჭრის სულ სხვა გზას სთავაზობენ:

[მამაკაცის ხმა] „პრეზიდენტმა ნამდვილად არ იცის, რა მდგომარეობაში ვართ. მინდა ვუთხრა, რომ 10-15 პროცენტი არეულობის დროს რომ გახდა მილიონერი, იმათ შეაწეროს ფული და ჩვენნაირ გაჭირვებულ ადამიანებს მისცეს.“
XS
SM
MD
LG