Accessibility links

logo-print

ტელეპროექტი ”შემდეგი გაჩერება ნატო” და უპასუხო შეკითხვები


ნატოსთან დასაახლოებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების მიუხედავად,

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დანიშნულებისა და მიზნების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი კვლავ დაბალია. ამის თაობაზე საუბარი იყო 31 იანვარს რუსთაველის სახელობის კინოთეატრში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივების” მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი, სათაურით ”შემდეგი გაჩერება ნატო”, აღწერს იმ მარშრუტს, რომელიც გასული წლის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა და უცხოელმა დიპლომატებმა გაიარეს, რათა ახალგაზრდობა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის მიზნებში გაერკვიათ.


თელავი, გორი, ქუთაისი, აბაშა, ბათუმი და რუსთავი - ასეთი გახლდათ მარშრუტი, რომლითაც ნატოს შესახებ ქართულ ენაზე დაბეჭდილი ბროშურებით, თვალსაჩინოებით, პროექტორებითა და სპეციალური პრეზენტაციებით აჭღურვილი სპეციალური აგიტბრიგადა ნოემბრის თვეში გაემგზავრა. საგანმანათლებლო მისია ყველაზე ელემენტარული - შეიძლება ითქვას, პრიმიტიული - ინფორმაციის გადაცემით იწყებოდა:

[ჩართვა] ”ნატოში გაწევრიანებულია 26 ქვეყანა. არსებობს პარტნიორი და ხმელთაშუაზღვის დიალოგის სტატუსის მქონე ქვეყნები.”

გზადაგზა თემები და შეკითხვები რთულდებოდა, რაზეც, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა- ახალი ინიციატივების” წარმომადგენლების გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე პასუხობდნენ.

[შეკითხვა ფილმიდან] ”რას ელის ნატო საქართველოსგან?”

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ვინაიდან ეს არის ორმხრივი გზა, ვინაიდან ნებისმიერი ორგანიზაცია, მოგეხსენებათ, არის არა რაღაც კონკრეტული, რასაც იღებ, არამედ რასაც გასცემ.”(სტილი დაცულია)

[შეკითხვა ფილმიდან] ”რაზეა დამოკიდებული ნატოში საქართველოს გაწევრიანება და როდის შეიძლება ეს მოხდეს?”

[გიოგრი ბარამიძის ხმა] ”მომავალი წლის ბოლომდე მაინც უნდა შევძლოთ მივიღოთ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რაც უკვე გაგვიყვანს ფინიშის სწორზე.”


თუკი გაისად ქვეყანა უკვე ალიანსში გაწევრიანების გეგმის მოპოვებას ესწრაფვის, შეიძლება ვინმემ იკითხოს, ნატოს შტაბბინის ადგილმდებარეობასა და მის როლზე საუბარი ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის. მაგრამ, როგორც პროექტის ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივების” დირექტორი, კოკი იონათამიშვილი ამბობს, მოსახლეობაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები პარადოქსულ შეუთავსებლობას ადასტურებს:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ”74 პროცენტი უჭერს მხარს ნატოში ინტეგრაციას და, ამავე დროს, 71 პროცენტს არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია.”

თუმცა ზოგჯერ დამაჯერებელი პასუხი ახალგაზრდობის შეკითხვაზე არც იმ პოლიტიკოსებს ჰქონიათ, რომლებიც ნატოში გაწევრიანების მთავარ პირობად ქვეყნის დემოკრატიულობის მაღალ ხარისხს ასახელებენ.

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ” როდესაც ჩვენმა სპიკერმა განაცხადა, ნატოს წევრობას მხოლოდ დემოკრატიული და ღია საზოგადოების მქონე სახელმწიფო მიიღებსო, კითხვა გაჩნდა: რატომ მიიღეს თურქეთი 55 წელს? რომელი დემოკრატიის სავანე ის იყოო.”(სტილი დაცულია)

შეიძლება ამის გამოც იყო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტ ნათია ანასტასიადს, დოკუმენტური ფილმი ”შემდეგი გაჩერება ნატოში” რომ ნახა, გაუჩნდა სურვილი, მომდევნო სააგიტაციო ტურში სტუდენტები ჩაერთონ:

[ნათია ანასტასიადის ხმა] ”რომ სტუდენტებმა სტუდენტებს გააცნონ ეს საკითხი და თანატოლებმა - თანატოლებს. იმიტომ რომ პოლიტიკოსები და ისინი, ვინც უფრო მცოდნეა, იმ ენაზე ესაუბრებიან, რომ შეიძლება ვერ გაიგოს ყველამ.”[სტილი დაცულია]

და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის არა იმდენად ის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, თუ სად მდებარეობს ნატოს შტაბბინა და რამდენი სახელმწიფოა ალიანსის წევრი, არამედ ის, თუ რას შეცვლის თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებაში ამ კლუბში გაწევრიანება, როგორ აისახება ნატოში გაწევრიანება ყოფიერებაზე, ცნობიერებასა და კულტურზე. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად კი ანალოგიურ აგიტბრიგადაში, რომელიც ცოტა ხანში კვლავ გააგრძელებს თავის მარშრუტს საქართველოს ქალაქებში, სრულიადაც არ არის საკმარისი მხოლოდ მომღერალ სოფო ხალვაშის, ლექსენისა და მსახიობ შონზოს ყოფნა.
XS
SM
MD
LG