Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ოპოზიციური ”იაბლოკო” სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივი არჩევნებიდან მოხსნეს


რუსეთში ოპოზიციურ პარტია ”იაბლოკოს” სანკტ-პეტერბურგში დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.

საარჩევნო სტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიამ წინასაარჩევნო კანონი დაარღვია. ”იაბლოკოს” ლიდერები კი ფიქრობენ, რომ პარტიის არჩევნებიდან მოხსნა მათმა ოპოზიციურმა შეხედულებებმა განაპირობა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოთხშაბათს, 31 იანვარს, ასეთი განცხადებით გამოვიდა:

[პუტინის ხმა] ”წელს გაიმართება რეგიონული საკანონმდებლო ორგანოებისა და სახელმწიფო დუმის მორიგი არჩევნები. ეს სახელმწიფო მმართველობის ფორმირებაში უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული მექანიზმია; საუბარია პასუხისმგებელ მმართველობაზე, რომელიც ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის პირობებშია არჩეული.”

ორშაბათს კი, 29 იანვარს, კრემლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა - აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 100-მა ადამიანმა მიიღო. ამ ადამიანების აზრით, რუსეთში არსებული წინასაარჩევნო გარემო ”ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისგან” საკმაოდ შორს დგას:

[საპროტესტო აქციის მონაწილეები] ”დაუბრუნეთ არჩევნები ხალხს! ძირს პოლიციური სახელმწიფო!”

აქციის მონაწილეთა აღშფოთება სანკტ-პეტერბურგში 11 მარტს დანიშნული ადგილობრივი არჩევნებიდან ბლოკ ”იაბლოკოს” მოხსნამ გამოიწვია.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ “იაბლოკოს” მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიებში ხელმოწერების თითქმის 12 პროცენტი ბათილად იქნა ცნობილი. რეგისტრაციის გავლისთვის კი ხელმოწერების მხოლოდ 10 პროცენტშია დასაშვები უზუსტობა.

თუმცა ”იაბლოკოს” ლიდერებისთვის ეს არგუმენტი მიუღებელია.

პარტიის სანკტ-პეტერბურგის ფილიალის ხელმძღვანელი მაქსიმ რეზნიკი ამბობს, რომ აკრძალვა ”იაბლოკოს” მხრიდან სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის ვალენტინა მატვიენკოსთვის გაწეულ სისტემატურ ოპონირებაზე შურისძიებას წარმოადგენს. მატვიენკო პრეზიდენტ პუტინის ახლო მოკავშირედ ითვლება.

რადიო ”თავისუფლების” რუსულ სამსახურთან საუბარში, ”იაბლოკოს” ლიდერმა გრიგორი იავლინსკიმ მატვიენკოც და მთლიანად კრემლიც გავლენიანი ოპოზიციონერის თავიდან მოშორების მცდელობაში დაადანაშაულა:

[იავლინსკის ხმა] ”ეს გადაწყვეტილება სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა მიიღო კრემლთან შეთანხმებით. ვფიქრობ, ვალენტინა ივანოვნას პირადი ანტიპათია ამოძრავებს მაქსიმ რეზნიკის მიმართ იმის გამო, რომ რეზნიკი ამ წლების განმავლობაში სულ აქტიურობდა და სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდა. ჩვენ უკვე 14 წელია ხელმოწერებს ვაგროვებთ და კარგად ვიცით, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.”

”იაბლოკოს” თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი მიტროხინმა სააგენტო ”როიტერს” უთხრა, რომ მის პარტიას პრობლემები კორპორაცია ”გაზპრომისთვის” გაწეული წინააღმდეგობის გამოც შეექმნა. ”იაბლოკო” კლასიკური არქიტექტურით ცნობილ სანკტ-პეტერბურგში “გაზპრომის” მიერ 300 მეტრის სიმაღლის კოშკის აშენების პერსპექტივას ეწინააღმდეგება:

[მიტროხინის ხმა] ”სანკტ-პეტერბურგში “იაბლოკო” მატვიენკოს ერთადერთი პოლიტიკური ოპონენტი იყო. ჩვენი პარტიის წევრებმა გუბერნატორად მისი დანიშვნის ინიციატივის წინააღდმეგ მისცეს ხმა. “იაბლოკო” პროექტ “გაზპრომ-სიტის” წინააღმდეგაც გამოდის, ვინაიდან ეს სანკტ-პეტერბურგის ისტორიულ იერსახეს ამახინჯებს. “იაბლოკო” სანკტ-პეტერბურგის არჩევნებიდან სწორედ ამ ფაქტორების გამო მოხსნეს.”

”იაბლოკომ” - ერთ დროს წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ - პრეზიდენტ პუტინის მმართველობის პერიოდში თითქმის მთლიანად დაკარგა პოლიტიკური გავლენა. პარლამენტის ქვედა პალატაში - სახელმწიფო დუმაში - ”იაბლოკომ” ყველა ადგილი დაკარგა. თუმცა პარტიამ ადგილობრივ ორგანოებში შეძლო რამდენიმე ადგილის შენარჩუნება - ამ ორგანოთა შორის აქამდე სანკტ-პეტერბურგის საკრებულოც იყო.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG