Accessibility links

logo-print

ნიკიტა მაგალოვი


ნებისმიერ სოლიდურ მუსიკალურ ენციკლოპედიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ:

[მუსიკალური ჩანართი, ლისტი, საკონცერტო ეტიუდი]

ჯორჯ ბალანჩინი – რუსი ამერიკელი ქორეოგრაფი; ალექსანდრ ბოროდინი – რუსი კომპოზიტორი; ვერნონ დიუკი (ნამდვილი სახელი და გვარი ვლადიმერ დუკელსკი) – შოუბიზნესის ცნობილი მოღვაწე, ამერიკელი კომპოზიტორი; ნიკიტა მაგალოვი – ფრანგი პიანისტი.

კეთილსინდისიერი და გულმოდგინე მკვლევარი, ალბათ, სხვა გამოჩენილ პიროვნებებსაც აღმოაჩენს, რომელთა სისხლსა და ხორცში ქართული გენია გამჯდარი. ჯორჯ ბალანჩინის მამა ქართული კლასიკური ოპერის დამაარსებელი მელიტონ ბალანჩივაძე იყო; გამოჩენილი კომპოზიტორი ალექსანდრ ბოროდინი თავად გედევანიშვილის უკანონო შვილი გახლდათ; ვერნონ დიუკი თუმანიშვილების შთამომავლებს მიეკუთვნებოდა.

ცნობილი პიანისტი ნიკიტა მაგალოვი 1912 წელს პეტერბურგში, თავად დიმიტრი მაღალაშვილის ოჯახში, დაიბადა და ბავშვობის წლები ჩრდილოეთის პალმირაში გაატარა. მუსიკალური კარიერის დაწყებისთანავე მან შეამოკლა საკუთარი გვარი და, გარკვეულწილად, ევროპულ სტანდარტს მოარგო. ჭაბუკის მუსიკალურმა ნიჭმა პირველად ცნობილი მუსიკოსისა და პედაგოგის ალექსანდრ ზილოტის ყურადღება მიიპყრო (ზილოტი ლისტის საყვარელი მოწაფე და რახმანინოვის ბიძაშვილი და ახლო მეგობარი იყო). გამოჩენილმა პიანისტმა ბავშვს რამდენიმე გაკვეთილი მისცა. ნიკიტაზე დიდი გავლენა მოახდინა აგრეთვე მშობლების მეგობარმა სერგეი პროკოფიევმა. მუსიკალური განათლება მაგალოვმა პარიზის კონსერვატორიაში, სახელგანთქმული ფრანგი პედაგოგის, ფილიპის კლასში მიიღო. 17 წლის კურსდამთავრებულმა პიანისტმა თვით მორის რაველის მაღალი შეფასება დაიმსახურა: “მაგალოვის სახით უნიჭიერესი, თვალსაჩინო პიანისტი დაიბადა”.

რაველის წინასწარმეტყველება მალე გამართლდა. 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან მაგალოვი ფართო საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა, ომის შემდგომ პერიოდში კი მისი სახელი მთელ მსოფლიოში პოპულარული ხდება. 1947-დან 1950 წლამდე პიანისტი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად ჟენევაში გადადის. ჟენევის კონსერვატორიაში მაგალოვს მემკვიდრეობით ერგო გამოჩენილი პიანისტის დინუ ლიპატის თანამდებობა – ფორტეპიანოს კლასის ხელმძღვანელობა.

[მუსიკალური ჩანართი, ლისტი, საკონცერტო ეტიუდი]

მაგალოვი სამართლიანად ითვლებოდა შოპენის უზადო შემსრულებლად, ცნობილ შოპენისტად. ამ გარემოებას თვითონაც აღნიშნავდა და ხაზს უსვამდა იმას, რომ თავის დროზე ჟორჟ მატისთან სწავლობდა, ეს უკანასკნელი კი შოპენის მოწაფე იყო. მაგალოვმა ბევრ ქვეყანაში დაუკრა ციკლი, რომელშიც პოლონელი გენიოსის ყველა ნაწარმოები შევიდა. პიანისტის ინტერპრეტაციები ხასიათდებოდა ლირიზმით, ფრაზირების რელიეფურობით, კანტილენის გამომხატველობით. ეს თვისებები განსაკუთრებით შოპენის მინიატურების შესრულების დროს მჟღავნდებოდა: თითოეული პრელუდია, ეტიუდი, ნოქტიურნი ცოცხალ პოეტურ სურათს წარმოადგენდა. რაც შეეხება დიდი ფორმის ნაწარმოებებს, კრიტიკოსები ზოგ შემთხვევაში ტემპების არასტაბილურობას, დინამიკური გრადაციების თვითნებობას, გარკვეულ სალონურობას აღნიშნავდნენ.

[მუსიკალური ჩანართი, შოპენი, ნოქტიურნი #2]

შოპენის მეორე ნოქტიურნი, ნიკიტა მაგალოვის შესრულებით, კომპოზიტორის სამშობლოში, პოლონეთში, პიანისტის არაჩვეულებრივი პოპულარობის დამაჯერებელ ილუსტრაციად გამოდგება. საერთოდ კი, მაგალოვს საკმაოდ ფართო რეპერტუარი ჰქონდა. მუსიკოსი წარმატებით ასრულებდა სკარლატის, ბახის, ჰაიდნის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტის, შუმანის, რაველის, სტრავინსკის ნაწარმოებებს. 1992 წელს გარდაცვლილმა ხელოვანმა თანამედროვე პიანიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მართალია, ზოგიერთ სპეციალისტს მაგალოვი ძველი სკოლის “ექსპონატად” მიაჩნდა, მაგრამ ამ მოსაზრების საპირწონედ ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური კრიტიკოსის მოსაზრება მინდა მოვიყვანო: “ძველმა ეპოქამ თავის დროზე ორი ტიპის ვირტუოზები აღზარდა – პოეტები და მშრომელები; მაგალოვი პოეტია”. ეს შეფასება შემთხვევითი როდია: ბედის ტრიალის მიუხედავად, ყველა ქართველი ხომ პოეტად რჩება.

[მუსიკალური ჩანართი, ლისტი, საკონცერტო ეტიუდი]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG