Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


მამუკა არეშიძე ამჯერად "თავისუფლების" დღიურის ავტორია

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე.

21 იანვარი, კვირა
გუშინ დამირეკეს - მომავალი კვირის დღიური გააკეთეო. ამან ჩემი ყმაწვილობის პერიოდის ანეკდოტი გამახსენა: ნორჩმა კვალმაძიებლებმა ტყეში პარტიზანის დღიური იპოვეს, სადაც ეწერა: პირველი დღე - ბრძოლით დავიკავეთ მეტყევის სახლი. გავყარეთ გერმანელები. მეორე დღე - მოვიდნენ გერმანელები და გამოგვყარეს. მესამე დღე - მივუხტით და ისევ გავყარეთ. მეოთხე დღე - მოვიდნენ გერმანელები და ა.შ. მოკლედ: კვირა დღე - მოვიდა მეტყევე და გამოგვყარა ჩვენც და გერმანელებიც.
დღე ისე მიილია, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. საღამოს ქართულ და რუსულ არხებზე საკვირაო შემაჯამებელ გადაცემებს ვუყურე. საბოლოო შთაბეჭდილება ასეთია: მეტყევის სახლში ყველა გადასარევად გრძნობს თავს - მომხდურიც, დამხდურიც, მეტყევეც, რუსებიც, გერმანელებიც... ცოტა ანგელა მერკელი ნერვიულობს ევროპის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ქართველებიც კარგად გრძნობენ თავს, განსაკუთრებით - მთავრობაში. მხოლოდ ჩვენ ვართ გამოყრილები. ჩვენ ვინა ვართ, ალბათ, გასაგებია.

22 იანვარი, ორშაბათი
დილიდან ნერვიულობს სრულიად საქართველო. მიზეზი - ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხის განხილვაა. საერთოეროვნული ნერვიულობა განსაკუთრებით დილის საინფორმაციო გადაცემებში იგრძნობა. წამყვანი ისეთი აღელვებული ჩანდა, საშუალება რომ მქონოდა, ვეტყოდი: ნუ ღელავ, არაფერიც არ მოხდება-მეთქი. დღეს კომუნალური გადასახადების გადახდის დღე მაქვს: ჩემი ბინის, მშობლების ბინის, ოფისის... იმდენი გადავიხადე, ცოტაც რომ დამემატებინა, ალბათ ერთ ბინასაც ვიყიდდი. ნაშუადღევს ოფისში მოვიდნენ ინგილოები. მოყვნენ მთისას და ბარისას. შორიდან მოუარეს: შენ კახში კულტურის ცენტრის გახსნაში რომ მოგვეხმარე, ის ცენტრი კარგად მუშაობსო; ჩვენი ანსამბლისთვის ჩოხები რომ შეაკერინე, ის ჩოხები გაცვდაო; შენ რომ პატარა ეთერი მოგვინათლე, კარგად არისო. ჰოდა, იმ ეთერის დაბადების დღეზე რომ მოხვალ, ახალი ჩოხების შეკერვაზეც იქ ვილაპარაკოთო. დავპირდი, მოვალ-მეთქი. საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს დაეტყო, რომ სტრასბურგში მთლად კარგად ვერ იყო საქმე. საქართველოს დელეგაციის წევრები კი ბაქიბუქობდნენ, ესა და ისა ვქენითო, მაგრამ რიხი აღარ ეტყობოდათ.
საღამოს ინგილოების წვეულებაზე ვიყავი. თამადა იყო რაღაცნაირი - მოკლე და სასაცილო. სულ ბორისს ვეძახდით. თურმე, ოთარი ჰქვიებია. ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა და ამით ძალიან მოჰქონდა თავი. ისევ თავისიანებმა "მოსვეს" ადგილზე. იყო დიდი ხვევნა-კოცნა და საქართველოს სადიდებელი სადღეგრძელოები. ჩოხების ამბავიც გადაწყდა.

23 იანვარი, სამშაბათი
პახმელია არა მაქვს. მხოლოდ ამ შემთხვევაში კი არა, საერთოდ. გუშინდელი წამყვანი დრეს ყურებჩამოყრილი გამოიყურებოდა. ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც ყოველთვის, თეთრს შავად ასაღებდნენ. თუმცა, ამას ხომ უკვე შევეჩვიეთ. ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ?!..
ლევ გუმილიოვმა კითხვაზე, ხართ თუ არა ინტელიგენტი, უპასუხა, ღმერთმა დამიფაროსო! შესაძლოა, მართალიც იყო გუმილიოვი. საშიში სიტყვაა. ვისაც ჩვენ ვუწოდებთ ინტელიგენციას, ნაჩუქარი ბინებიდან გამოყარეს. ამ ამბავს კვირის "დროებაში" კი მოვკარი ყური, მაგრამ დღეს ზუსტად გავეცანი საქმის ვითარებას. გამოყრილთა შორის რამდენიმე ჩემი ახლო მეგობარია. არა, სანერვიულო არ დაგელევა კაცს. სულ რომ არ გინდოდეს, ძალით გაგხდიან საზოგადო მოღვაწედ. ისე, ხუმრობა იქით იყოს და საქმე იქით მიდის, რომ შეიძლება ჩემი ნაქირავები ბინიდანაც გამომაგდონ. ამასობაში ფოსტაც მივიღე - ხაჯიმბა გლანძღავსო. გადავხედე "აფსნი-პრესის" მასალებს და რას ვხედავ?! ტყუის ექსპერტი არეშიძე, არ არის დაპირისპირება აფხაზეთში ჩვენსა და სომხებს შორისო; ძმები ვართ ერთმანეთისო. ჩვენს შორის რამე თუ მოხდა, მაგის ბრალი იქნებაო. რა ვქნა, კაცო - აქ ესენი არ მაყენებენ, იქ კი - ხაჯიმბა. ისე, კი იძახდა მოვლადი უდუგოვი, Мамука не прав-ო, მაგრამ ვინ არის не прав - კი გამოჩნდა ბოლოს.
მამაჩემი წავიყვანე ექიმთან. იმდენი ელაპარაკა, რომ ბოლოს ვინ იყო პაციენტი, ვინ - მკურნალი, ვერ გაარჩევდა კაცი.
საღამოს იმ წიგნის პრეზენტაციაზე გახლდით, რომლის მეორე გამოცემისთვისაც იწერება ეს დღიური. მილეთის ხალხი ირეოდა. იყო დიდი ხვევნა-კოცნა და მოკითხვა. დარბაზი იყო გაყოფილი "წიგნში შეყვანილებად" და "წიგნში შეყვანის კანდიდატებად". მეც დავენახე ხალხს. ყველანი კმაყოფილი დავრჩით. მხოლოდ მეტყევე არ ჩანდა არსად. ორმა რამემ გამახარა: დიდი ხნის უნახავი დათო კაკაბაძის ხილვამ და გორსკის ფანტასტიკურმა ფოტოებმა. ყოჩაღ, მამუკა! ხაზარაძეს ვგულისხმობ. საღამოს ჩავუჯექი პლატონოვს. პლატონოვზე გამახსენდა: სად დაიკარგა ნეტა პუტინის გამოგზავნილი ელჩი კოვალენკო?

24 იანვარი, ოთხშაბათი
იმ წამყვანმა, გუშინწინ რომ აჟიტირებული ჩანდა, გუშინ კი -ყურებჩამოყრილი, დაკარგული კოვალენკოს გამოჩენა გვახარა. დღეს რთული დღე მაქვს - ლექციებია. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სხვადასხვა საგანს ვკითხულობ. ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდები ჩემგან იგებენ ტელესაქმის, პროდიუსინგის და კონფლიქტოლოგიის ანაბანას. ისე, როგორი სპექტრია? ხანდახან მეშინია, არ ამერიოს და მომავალ პროდიუსერებს კონფლიქტოლოგიაზე არ დავუწყო ლაპარაკი, კონფლიქტოლოგებს კი - ტელემონტაჟზე. ისე, ჩვენი განათლების სისტემის პირობებში ყველაფერი მოსულა. ყველა ლექციას საკუთარ ოფისში ვატარებ, აქაოდა, აუდიტორიები არ გვყოფნისო. ხშირად, ამ ბავშვების ნაწერებს რომ ვკითხულობ, გული მტკივა. აშკარაა, ნიჭიერები არიან, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ სასკოლო განათლება საერთოდ არ მიუღიათ, წიგნის კითხვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბოლო ლექცია იმ ჯგუფთან მქონდა, რომელიც უმეტესად არაქართველებითაა დაკომპლექტებული. ძალიან მონდომებულები არიან. ერთი სომეხი სტუდენტი მყავს - მარი ჰქვია. ქართული პოეზიის ისეთი ცოდნა გამოამჟღავნა, რომ გამიკვირდა და გამეხარდა. შემდეგ საიათნოვაზე ვილაპარაკეთ, შემდეგ - სომხურ პოეზიაზე. იმასაც გაეხარდა და გაუკვირდა. ამასობაში ალიც მოვიდა, აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. "სამხრეთკავკასიური სამკუთხედიც" შეიკრა! ალიმ ბაქოს გაზეთ "ზერკალოში" გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუ მომიტანა. ეს ის ალია, სასტუმრო "ივერიის" წინ დადგმულ დავით აღმაშენებლის ძეგლს რომ იყო გადაფარებული და წაღების საშუალებას არ აძლევდა მერიის თანამშრომლებს. თან იქიდან გაუთავებლად მირეკავდა, უგულავას ჩვენი მეფე მიაქვსო. ეჰ, რა იცოდა დავით მეფემ, ალის დასაცავად რომ გაუხდებოდა საქმე!
ამასობაში ჩერქეზი ლიანაც მოვიდა, ოსი მარინაც გამოჩნდა თავისი ქართველი მეუღლითურთ და კავკასიური სახლის იდეის რეალიზაციაც შედგა ჩემს პატარა ოფისში. გული იმაზე მწყდება, რომ ამ სახლის მშენებლობის მაგივრად, სახლობანას ვთამაშობთ და არავის არ სჭირდება არც კავკასიური სახლი და არც კავკასია. ვერავის ვერ გავაგონე, რომ კავკასიელების გარეშე ვერც აფხაზებთან მოვილაპარაკებთ და ვერც ოსებთან.
P.S.: ისე, ალის მაინცდამაინც სომეხი მარი მოეწონა ყველაზე მეტად. ვის ახსოვდა ყარაბაღი?!
საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს ვუყურე. ფრონტის ხაზზე მეგონა თავი. აქეთ გარე მოვაჭრეების დაწიოკება, იქით - დევნილების გამოყრა დროებითი საცხოვრებლიდან, კიდევ იქით - უკანონო მშენებლობების დანგრევა და ა.შ. თანაც, ამ ყველაფერს ისეთი ენით გვიყვებოდნენ, რომ ჩემი სტუდენტები შემეცოდა. ერთმა წამყვანმა გაუთავებლად იძახა სიტყვა "კარდონი", მეორემ - "ბასეინი". მერე დაიწყო "რეალიტი-შოუები". დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! ამას რომ უყურებს და უსმენს ჩვენი ახალგაზრდობა, სწორედ ამიტომ გახდა დავით აღმაშენებელი ალის დასაცავი.

25 იანვარი, ხუთშაბათი
დღეს დილით პარლამენტის წინ გამართულ ვეტერანთა აქციას ვუყურებდი. ნეტა, რამდენი დარჩა ცოცხალი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომ მათთვის შეღავათის მიცემა სალაპარაკო გახდა? ისე როგორ უნდა გაამწარო 80 წელს გადაცილებული ადამიანი, რომ ქუჩაში სიცივეში იდგეს და პროტესტს გამოთქვამდეს? თუნდაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები ავიღოთ...
პუტინმა, ეტყობა, მარტო კოვალენკო კი არ დაგვიბრუნა, მას რუსი ჟურნალისტებიც დაადევნა. საჰაერო სივრცის გახსნასაც დაგვპირდა. რუსეთში ღვინის დაბრუნებაზეც ვილაპარაკოთო. მოკლედ, თქვენ ჩვენს ლანძღვა-გინებას მოეშვით და ყველაფერი კარგად იქნებაო. ამასობაში, სადეპორტაციოდ გამზადებული კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა რუსეთში...
ხვალ მრგვალი მაგიდა ეწყობა ქართველი და ამერიკელი პოლიტოლოგების მონაწილეობით. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე უნდა ვიმსჯელოთ. სასაცილო ის არის, რომ ამერიკელი პოლიტოლოგი ეროვნებით რუსია. თანაც, ცოტა ხნის წინ ემიგრირებული ამერიკაში, გვარად ზლობინი. ესე იგი, ერთდროულად ამერიკის პოზიციასაც გავიგებთ და რუსეთისასაც.
არ ვიცი, ხაჯიმბას ლანძღვამ იმოქმედა თუ კოვალენკოს ჩამოსვლამ, მაგრამ დღეს ჩემთან გასაუბრების მსურველ ჟურნალისტთა რიცხვმა იმატა. ნაშუადღევს მექა ხანგოშვილი გვეწვია. საქართველოდან ევროპასა და ამერიკაში გადახვეწილი ჩემი მეგობარი ჩეჩნების ამბავი მომიტანა. ბათუმში დაპატიმრებული ორი ჩეჩნის ამბავში გარკვევა მთხოვა. დავრეკეთ. ველაპარაკეთ. გავარკვიეთ.
ამერიკელი ჟურნალისტები მოვიდნენ. კომენტარი მთხოვეს კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით. როგორც მივხვდი, ვითარების აზრზე არ იყვნენ და ამბის გაგება ჩემგან უნდოდათ. მიკვირს, ასეთ ხალხს რატომ აგზავნიან. ეს შეხვედრა იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ერთ-ერთი ჩემს კატას ჰგავდა. კატა მყავს - კატის უნახავს გაგხდის! იშვიათი ჯიშისაა - შოტლანდიურის. პასპორტი აქვს ისეთი, კაცს შეშურდება. ახლა სახელი იკითხეთ - ჯოზეფ დილაილა მეოთხე! ოჯახში კისის ვეძახით. ხალხს ვიცნობ, კატას დასანახად ვერ იტანს. ასეთი ადამიანები ჩემთან სტუმრად რომ მოდიან, კატას ხელიდან ვეღარ ვბრდღვნი. ერთი მეგობარი მყავს, გაგა ნიჟარაძე. სხვათა შორის, "დღიურების" პირველ წიგნშია შესული. კისის სანახავად დადის საგანგებოდ. რაც არ უნდა ცუდ გუნებაზე ვიყოთ მე და ჩემი მეუღლე, ჯოზეფ დილაილა მეოთხის შემხედვარეთ, ხასიათი გვიკეთდება. ამდენს კატაზე არ ვილაპარაკებდი, მაგრამ დღეს ის შემთხვევაა, როცა კისის დახმარება დაგვჭირდა. ისე, ძაღლიც მყავს, სახელად აიაქსი. მაგრამ მასზე - სხვა დროს. აიაქსზე იაზონი გამახსენდა. იაზონზე - მედეა. მედეაზე - ბათუმის მერი თავართქილაძე. ბათუმის თავზე არწივი არ მინდა, მედეა მინდაო. ეტყობა, ფოთის მერი ჰქონია თავი.

26 იანვარი, პარასკევი
იმ წამყვანმა, ხან ზედმეტად აჟიტირებული რომ არის და ხან - ყურებჩამოყრილი (პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე), დღეს გვამცნო, რომ მრგვალი მაგიდა იმართება ქართველი და ამერიკელი პოლიტოლოგების მონაწილეობით. ჩვენც წავედით და მივიღეთ მონაწილეობა. ამერიკელმა პოლიტოლოგმა გადასარევი რუსულით აგვიხსნა, რომ ცუდად ვიქცევით, რომ რუსეთთან კონფრონტაციით ჩვენს პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, რომ დიდ პოლიტიკაში თამაშის წესები შეიცვალა და რომ ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენც ვუპასუხეთ, რომ ამას ყველაფერს ვითვალისწინებთ და ყოველივე ეს ვიცით. ხუმრობა იქით იყოს და საქმე რომ სერიოზულადაა, ეს გინდა ამერიკელის და გინდა რუსი პოლიტოლოგის გარეშეც ვიცით. ერთი რამ უნდა ითქვას: ნიკ ზლობინს ჩვენი ქვეყნის მიმართ უაღრესი კეთილგანწყობა ეტყობოდა. ამასთან, ისიც გვაგრძნობინა, რომ მისი პირით ამერიკის პოლიტელიტა გვაფრთხილებდა. ჩემთვის გავიფიქრე: ჩვენთან ამის საუბარს ხელისუფლებასთან საუბარი აჯობებდა-მეთქი. როცა გავიგე, რომ იმავეს თქმას ქვეყნის პირველ პირებთან დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებდა, გულზე მომეშვა. ვიფიქრე, ვინაიდან მავანთ ჩვენი არ ესმით, მისი ნათქვამი მაინც შეისმინონ-მეთქი. მრგვალი მაგიდის მიმდინარეობას ბევრი ჟურნალისტი ესწრებოდა, რაც მესიამოვნა, ვინაიდან ყველაფერი საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი.
საღამოს, ქართული ტრადიციისამებრ, რომლის ერთგული მიმდევარი ჩვენი სტუმარიც აღმოჩნა, უფრო მოხერხებულ ადგილას გავაგრძელეთ საუბარი. აბა, იქ ვილაპარაკეთ, თუ ვილაპარაკეთ! განსაკუთრებით მას მერე, რაც "Эхо Москвы"-ს კორესპონდენტი ვიტალი დიმარსკი შემოგვიერთდა. ის საქართველოს პრეზიდენტისაგან მოდიოდა. ეჰ, რა ვიცი... ეშველება ჩვენი ლაპარაკით ამ საქმეს რამე? თორემ ვინ ოხერი, სულ არ გამოვალ იმ მოხერხებული ადგილიდან. ვილაპარაკებთ და ვილაპარაკებთ. აი, ეგ კი გვეხერხება!

27 იანვარი, შაბათი
მთელი დღე ვაცილებდით ვიტალი დიმარსკის. მთელი დღე ელოდა ნიკ ზლობინი ძლიერთა ამა ქვეყნისა ადმინისტრაციიდან დაპირებულ ზარს. ვისხედით და ველოდით მოხერხებულ ადგილას. ვისხედით და ველოდით...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG