Accessibility links

logo-print

როგორი საინვესტიციო კლიმატია შექმნილი მსოფლიო ბანკის მიერ ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარებულ საქართველოში


როგორც ცნობილია, გასულ წელს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად გამოცხადდა.

ასეთ შედეგს საქართველომ 2005-2006 წლებში ბიზნესის წარმოების გასამარტივებლად გადადგმული ნაბიჯებით მიაღწია. ორიოდე დღის წინ თბილისში ამ გამოკვლევის ავტორი სიმეონ დიანკოვი იმყოფებოდა. იგი საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და, საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მდგომარეობასთან ერთად, სხვა ცვლილებებითაც დაინტერესდა. რა ცვლილებები გააცნო ნომერ პირველმა რეფორმატორმა ქვეყანამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს?

შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველომ ბიზნესის წარმოებისათვის საჭირო ათი სფეროდან 6-ის რეფორმირება შეძლო და 75 ადგილით წინ გადაინაცვლა 175 ქვეყნის მონაცემებისგან შედგენილ რეიტინგში.

[სიმეონ დიანკოვის ხმა] ”მთელ მსოფლიოში ასეთი რეფორმების გატარება ასოცირდება უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნასთან. კონკრეტულად, საქართველომ გასულ წელს 85 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა კერძო სექტორში და ეს არის განხორციელებული რეფორმების შედეგი. რა თქმა უნდა, არის ძალიან მაღალი მოლოდინი საზოგადოების მხრიდან. საქართველოს ამ მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ საზოგადოება კიდევ უფრო მეტს მოითხოვს.”

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის სიმეონ დიანკოვის ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე თვის თავზე საქართველოში - ძირითადად კი, თბილისში - კერძო საკუთრების ჩამორთმევისა და დანგრევის რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა. დედაქალაქის მერის გიგი უგულავას 31 იანვრის განცხადებით კი, დაინგრევა ყველაფერი ის, რაც უკანონოდაა აშენებული და დასანგრევია:

[გიგი უგულავას ხმა] ”თქვენ რომ აიღოთ თბილისის რუკა...”

იმის გასარკვევად, თუ როგორ აისახება კერძო საკუთრების მიმართ მისი და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დამოკიდებულება საქართველოს პოზიციაზე მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ რეიტინგში, რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ვახტანგ ლეჟავას გავესაუბრე.
მასთან ერთად სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ორიოდე დღის წინ მსოფლიო ბანკის ექსპერტი სიმეონ დიანკოვი შეხვდა. ვახტანგ ლეჟავას კომენტარი:

[ვახტანგ ლეჟავას ხმა] “ეს არ არის პერსეფშენებზე დამყარებული გამოკითხვა...”

ვახტანგ ლეჟავას თქმით, კერძო საკუთრების პრობლემატიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრი მსოფლიო ბანკის ”ბიზნესის წარმოების” რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე ნაკლებად აისახება. ექსპერტების შეფასებით, ამ რეიტინგზე დადებით გავლენას უსათუოდ მოახდენს გაკოტრების კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს. საქართველოს მიერ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებებით მოპოვებულ აღიარებას ეჭვის თვალით უყურებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ვერაფერი ბედენაა, თუკი ხაფანგში კარს დიდად გაგიღებენ...”

ნიკო ორველაშვილის გარდა, საქართველოში კერძო საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების გამო საინვესტიციო გარემოს გაუარესების პროგნოზს ეკონომიკის სხვა ექსპერტებიც აკეთებენ, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში მარტ ლაარიც. ექსპერტთა შეფასებების მიუხედავად, 2007 წლის მანძილზე საქართველოში ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG