Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმა საქართველოში


კავშირი „სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის“ - ასე ჰქვია დამოუკიდებელ საზოგადოებრივ გაერთიანებას,

რომელიც 2006 წლის ნოემბერში დაფუძნდა და რომლის რიგებშიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული. ორიოდე თვის წინ დაარსებული ორგანიზაციის წესდებიდან ირკვევა, რომ მეცნიერები, პედაგოგები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიზნად ისახავენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეცნიერებისა და განათლების სისტემის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას, სათანადო კონცეფციის შექმნასა და მის განხორციელებას. საინტერესოა, როგორ აფასებენ კავშირის წევრები უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმას.

კავშირმა „სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის“ პირველი კონფერენცია, რომელიც თეატრის მოღვაწეთა კავშირის შენობაში გაიმართა, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმას მიუძღვნა.

[მამაკაცის ხმა] „მობრძანდით, იწყება, იწყება...“

კონფერენციის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ კავშირი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმის მოწინააღმდეგეთა გაერთიანებაა, ხოლო ორგანიზაციის ძირითად ბირთვს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები შეადგენენ. ფიზიკის ფაკულტეტის ყოფილმა დეკანმა ჯემალ მებონიამ ყურადღება სასწავლო პროცესის ხარვეზებზე გაამახვილა:

[ჯემალ მებონიას ხმა] „სპეციალობები გააუქმეს და მიმართულებებად გადააკეთეს. სასწავლო პროგრამები შეკვეცეს და გადააკეთეს ისეთი სახით, რომ ჩვენ არ გვეყოლება ძალიან მნიშვნელოვან დარგებში სპეციალისტები. მაგალითად, აღარ გვეყოლება სპეციალისტები ფუნქციათა თეორიაში, ალგებრა-ტოპოლოგიაში, ბირთვულ ფიზიკაში... სპეციალისტები არ გვეყოლება აზია-აფრიკის ისტორიაში, რუსეთის ისტორიაში, კავკასიის ისტორიაში...“

თუმცა კონფერენციის მონაწილენი მხოლოდ სასწავლო პროცესის კრიტიკით არ შემოფარგლულან, პროფესორმა გრანი ქანთარიამ ხელისუფლების მიერ არჩეული განათლებისა და მეცნიერების განვითარების გზა დაიწუნა:

[გრანი ქანთარიას ხმა] „კვდება განათლება - უკვე მკვდარია, თუ ასე გაგრძელდა. ასეთი მძიმე პერიოდი საქართველოს ისტორიაში რამდენჯერმე იყო. განსაკუთრებით მონღოლთა შემოსევებმა გაანადგურა საქართველო. მთავარი დანაშაული რა არის? არასრულფასოვნებას უნერგავენ ახალგაზრდობას, რომ საქართველოში არ შეიძლება კონკურენტუნარიანი განათლების მიღება.“

ამ ბრალდების პასუხად ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოს განათლების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს ესწრაფვის. ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა ორიოდე თვის წინ, რეფორმის შედეგებზე საუბრისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ:

[ალექსანდრე ლომაიას ხმა] „ხელისუფლების, მთელი ქართული საზოგადოების ამოცანაა, ქართული უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტანდარტებამდე აყვანა და ამ ამოცანის შესასრულებლად უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები: ინსტიტუციური აკრედიტაცია, ერთიანი ეროვნული გამოცდები, კორუფციასთან ბრძოლა, ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცესთან შეერთება... ამ გზიდან ჩვენ არც ერთი ნაბიჯით არ გადავუხვევთ.“

თუმცა ალექსანდრე ლომაიას ოპონენტები მაინც იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებას იძულებულს გახდიან გადაუხვიოს არჩეული კურსიდან. ადვოკატი მალხაზ პატარაია კი ამბობს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის მოწინააღმდეგე პროფესორებს მოქმედი სასამართლო სისტემის პირობებში წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ:

[მალხაზ პატარაიას ხმა] „პროფესორ-მასწავლებლებისთვის სასამართლო გზა პრაქტიკულად გადაკეტილია, იმდენად რამდენადაც სასამართლოები არ იხილავენ მათ სარჩელებს, თუმცა, ამავე დროს, დაჩქარებული წესით იხილავენ მათ საწინააღმდეგოდ შეტანილ სარჩელებს და სანქციებსაც აკისრებენ.“

ამგვარი ვითარების მიუხედავად, წევრები კავშირისა „სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის“ დარწმუნებულები არიან, რომ, სამოქალაქო სექტორის აქტიური მხარდაჭერით, ხელისუფლებას უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში გატარებული პოლიტიკის კორექტირებას აიძულებენ, თუმცა პირველი ეტაპის ამოცანად კავშირის წევრები აკადემიურ წრეებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყებას მიიჩნევენ. საინტერესოა, რას ფიქრობს ყოველივე ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინისტრის მოადგილის ბელა წიფურიას კომენტარი:

[ბელა წიფურიას ხმა] „დიალოგს ყოველთვის აქვს ფასი, უბრალოდ, ჩვენ იოლად არ დავთმობთ ჩვენს პოზიციას, რომლის სისწორეშიც დარწმუნებული ვართ და რომლის განხირციელების პოლიტიკური ნებაც გაგვაჩნია.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG