Accessibility links

logo-print

რამდენად ცვლის სამხედრო ბალანსს საქართველოდან სომხეთში გატანილი რუსული შეიარაღება და ტექნიკა


2006 წლის ნოემბერში რუსეთმა ვადაზე ადრე დაასრულა დარჩენილი ბაზების კუთვნილი ტექნიკისა და შეიარაღების ნაწილის გატანა საქართველოდან.

ფუნქციონირება შეწყვიტა რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბმაც. ამ ფაქტს მიესალმნენ ევროსაბჭო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა ის ფაქტი, რომ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბინა სომხეთში დაიდო და არ გაიზიდა რუსეთში, კვლავ წარმოადგენს რისკს და, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სახიფათოდ არღვევს სამხედრო ძალთა ბალანსს გაყინული კონფლიქტების კერებით მოფენილ სამხრეთ კავკასიაში. რამდენად მართებულია ეს მოსაზრება?


აზერბაიჯანული ახალი ამბების სააგენტო ”აპასთან” საუბარში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში რობერტ სიმონსმა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გატანაზეც შეაჩერა ყურადღება. სიმონსის თქმით, საქართველოდან რუსული ტექნიკისა და შეიარაღების გატანა და შენახვა სომხეთში საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებს შეესაბამება და არ არღვევს სამხედრო ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, სომხეთს, მართლაც, აქვს უფლება, თავის ტერიტორიაზე დროებით განალაგოს რუსული სამხედრო ტექნიკა. თუმცა აზერბაიჯანელი ექსპერტი ილგარ მამედოვი შიშობს, რომ სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, შესაძლოა, სომხეთის არმიის ხელში გადავიდეს:

[ილგარ მამედოვის ხმა] ”არის იმის ალბათობა, რომ ამ შეიარაღების ნაწილი აღმოჩნდეს მთიანი ყარაბახის კონფლიქტში აზერბაიჯანის მოწინააღმდეგის, სომხეთის რესპუბლიკის, საკუთრებაში. ეს არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს. და ამ თავლსაზრისით, რეგიონის უსაფრთხოებისათვის პრაქტიკული საშიშროება არსებობს.”

აქ, ძირითადად, საუბარია საჰაერო თავდაცვის კომპლექსებზე, რომლებიც, შეთანხმების თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან ეშელონებით სომხეთში, გიუმრის რუსეთის სამხედრო ბაზაზე, იქნა თავმოყრილი. ქართველმა სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნა, რომ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მხრივ, სომხეთს ისედაც მოწინავე პოზიციები ეჭირა სამხრეთ კავკასიაში. ახალი ტექნიკის ერთეულთა კონცენტრირება კი სომხეთში, უდავოდ, არღვევს ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიაში.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”გიუმრიში გატანილი იქნა საინტერესო იარაღის სახეობები. ეს არის, პირველ რიგში, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები - იქ იყო ”კუბის” ტიპის. და ამას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმავე ტანკის ან ჯავშანმანქანის გატანას.”

თუმცა რუსეთის მხრიდან ერთგვარი გარანტიები მიეცა აზერბაიჯანსაც, რომელმაც დიპლომატიური არხებით რამდენჯერმე გამოხატა პროტესტი საქართველოდან გატანილი ტექნიკის სომხეთში დაბინავების გამო. საკომპენსაციო გარანტია ის იყო, რომ რუსეთში სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ნაწილი სწორედ აზერბაიჯანის გავლით გაიზიდა. თუმცა ამ ფაქტმა გააღიზიანა რუსეთის ტრადიციული მოკავშირე სომხები, რომლებმაც, თავის მხრივ, იეჭვეს, რომ საბრძოლო მასალები, პირიქით, აზერბაიჯანის ხელში აღმოჩნდებოდა. ამ ეჭვების თაობაზე საკუთარი მოსაზრება რადიო ”თავისუფლებას” სომეხმა პოლიტოლოგმა დავით პეტროსიანმაც გაუზიარა:

[დავით პეტროსიანის ხმა] ”გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტექნიკის გატანის საფასური, შესაძლოა, ანაზღაურებულიყო ნატურის სახით, იმ საბრძოლო მასალებით, რომელიც ტექნიკასთან ერთად გადიოდა და ასე შემდეგ. ანუ ასეთი მოსაზრებები არსებობს. მაგრამ ვინაიდან არ არის არანაირი მტკიცებულება, ეს საკითხი არ აქცენტირდება.”


სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ტექნიკის გატანით, ცხადია, ყველაზე უფრო მოგებული საქართველოა, რომელიც 20008 წლისთვის ერთადერთი ქვეყანა იქნება რეგიონში, სადაც რუსული სამხედრო ბაზა არ იარსებებს. სამაგიეროდ, რჩება რუსეთის, არა ბაზის სტატუსის მქონე, ორი სამშვიდობო ბატალიონი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონებში, სადაც თავმოყრილია აბსოლუტურად აღურიცხავი და ყოველგვარი საერთაშორისო ნორმებით უკანონოდ მიჩნეული დიდძალი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. სეპარატისტული რეჟიმები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არ არიან, თავს ვალდებულად არ ცნობენ თავიანთ სამხედრო ობიექტებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვან.


XS
SM
MD
LG