Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენცია


რუსეთის პრეზიდენტმა პირველ თებერვალს მოაწყო მასობრივი პრესკონფერენცია, უკვე რიგით მეექვსე, რომელზეც 1200-მდე ჟურნალისტი იყო დაშვებული.

მედიის წარმომადგენელთა ასეთ რაოდენობასთან შეხვედრისას ვლადიმირ პუტინი, რა თქმა უნდა, ყველას შეკითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებდა, მაგრამ თემები მაინც მრავალფეროვანი იყო, დაწყებული იმით, თუ რა მოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის გუნებ-განწყობილებაზე და დამთავრებული კორუფციასთან ბრძოლით.
პუტინის სათავო სიტყვის მთავარ აზრს პროცენტები და სტატისტიკა შეადგენდა. მან გასული წელი შეაჯამა და ილაპარაკა თავისი მთავრობის უპირველეს მიზანზე - რუსეთის მოქალაქეთა ცხოვრების დონის ზრდაზე, იმაზე, მაგალითად, რომ ხელფასები 2006-ში 13-ზე მეტი პროცენტით გაიზარდა. ბევრი შეკითხვა დაისვა პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატსა და, საერთოდ, არჩევნების თემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის პოსტი, შენიშნა ვლადიმირ პუტინმა, არჩევითი თანამდებობაა და აქ სიტყვა რუსეთის მოქალაქეებს მიეცემათო. მისი თქმით, ის ქვეყანას კი არ მართავს, არამედ, უბრალოდ, მუშაობს.

(პუტინის ხმა)

.
სხვა სახელმწიფოებთან ურთიერობის თაობაზე პუტინმა განაცხადა, ყველასთან ვცდილობთ პარტნიორობასო. ზოგთან - მაგალითად, “თანამეგობრობის” ქვეყნებთან - უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, თუმცა იქაც არის პრობლემები, აი, საქართველოსთან ბოლო დროს ვერაფრით ვერ მოვაგვარეთ ურთიერთობაო.

(პუტინის ხმა)

საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წარმომადგენელს, ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს, პრესკონფერენციის წამყვანმა სიტყვა ასე მისცა: “ქალიშვილი, საქართველოს დროშით”, რადგან თამარ ნუცუბიძეს ხელში, მართლაც, პატარა დროშა ეჭირა. მისი შეკითხვა საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობის შესაძლებელ გაუმჯობესებას შეეხებოდა. პუტინმა ჯერ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა გაიხსენა მინსკში, სადაც თქმულა თურმე: რომ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ერთმანეთს ვერ შევხვდებოდითო. პუტინის სიტყვით, ენერგომატარებლების გარშემო რთული დიალოგის მიუხედავად, პრობლემა მაინც მოგვარდა. ჩვენ გვესმის ქართველი პარტნიორების სურვილი, გაზი საბაზრო ფასით იაფად მიიღონო, თქვა პუტინმა. ამიტომაც მივეცით მათ საშუალება, წყნარად, სრულიად არაკონფრონტაციულ რეჟიმში ეცადათ ამ პრობლემის მოგვარება - ვიცით რა ხდება, ამ მხრივ, რეგიონში და დავაცადეთ მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან, მოელაპარაკოთო.

(პუტინის ხმა)
“ჩვენ წყნარად დაველოდეთ, სანამ დასრულდებოდა ყველა კონსულტაცია და შევთანხმდით საბაზრო ფასზე, 235 დოლარზე, ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე. ჩვენ ჩვენი ქართველი პარტნიორების ასეთ პოზიციას პატივს ვცემთ. როგორც დაგეგმილი იყო, დავაბრუნეთ ელჩი და იმედი გვაქვს, ეს იქნება ჩვენი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი.”

სხვა ქვეყნებთან პარტნიორობას რომ შეეხო, პუტინმა რუსეთის მეგობარი ქვეყნის, ბელორუსიისათვის გაზის ფასის გაზრდის თაობაზე განაცხადა: ამას ადრეც ვფიქრობდით, მაგრამ ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქმე არ გავუფუჭეთ, პრობლემები არ შევუქმენითო.

(პუტინის ხმა)

მინდა ქსენოფობიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე რუსეთის პრეზიდენტის პასუხიც გაგაცნოთ. მან ეს პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლისა და შრომის ბაზრის კონტექსტში განმარტა - თქვა, ეს პრობლემები რუსეთის მოქალაქეთა სასარგებლოდ არ წყდებოდაო.

(პუტინის ხმა)
“სამწუხაროდ, ხელისუფლების ორგანოები ყოველთვის შესაბამისად არ რეაგირებენ ამ გამოვლინებებზე. რაც შეეხება მიზეზებს, ერთ-ერთი ისაა, რომ, საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, საზღვრები ღია დარჩა, ყველა ყოფილი რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და საკითხები კი შრომის ბაზარზე დღემდე ყოველთვის არ გვარდებოდა რუსეთის მკვიდრი მოსახლეობის სასარგებლოდ.”

არაბული მაუწყებლობის, “ალ ჯაზირას”, კორესპონდენტის შეკითხვას, თუ რითაა გამოწვეული პუტინის ისტორიული ვიზიტი სპარსეთის ყურეში, ხომ არაა ის დაკავშირებული აშშ-ის სამხედრო და პოლიტიკურ ყოფნასთან ამ რეგიონში, პუტინმა ასე უპასუხა:

(პუტინის ხმა)
“ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე ქვეყანას რომელიმე რეგიონში კონკურენცია გავუწიოთ. ჩვენ ვესწრაფვით თანამშრომლობას. რუსეთის ინტერესი სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართ ყოველთვის ძალიან დიდი იყო, იმიტომ რომ ამ რეგიონთან ისტორიულად ყოველთვის მყარი და ღრმა კავშირები გვქონდა.”

რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, ის იყო ისრაელში, პალესტინაში და, თავის კოლეგებთან ერთად, საჭიროდ მიიჩნია გაეაქტიურებინა კონტაქტები სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაც. რუსეთის პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს წაადგება ორივე მხარეს და ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარებას.
XS
SM
MD
LG