Accessibility links

ურანის კონტრაბანდა საქართველოს გზით - ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებები


ზუსტად ერთი წელი გავიდა მას მერე,

რაც საქართველოში დააკავეს და შემდეგ გაასამართლეს სამი პირი, რომელთაც ურანის საქართველოში შეტანა და მისი გაყიდვის მცდელობა ედებოდათ ბრალად. ამ გასაიდუმლოებული საქმის შესახებ ინფორმაცია ახლახან გავრცელდა. დღემდე რუსეთის ხელისუფლებას იმის თაობაზე, თუ სად იყო წარმოებული ნაპოვნი ასი გრამი რადიაქტიური ნივთიერება, არაფერი უთქვამს. მისი რეაქცია ამ ინციდენტზე მშვიდი იყო. ჩვენი კოლეგები რადიო „თავისუფლების“ რუსული სამსახურიდან დაუკავშირდნენ ბირთვულ ფიზიკოს ტომას კოკრანს, აშშ-ის ბუნებრივი რესურსების ბირთვული პროგრამის დირექტორს, ენერგეტიკის სამინისტროს ბირთვული კვლევის სფეროში მრჩეველთა ჯგუფის წევრს, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ რა სახის საფრთხე იქმნება ამ ტიპის ურანის გაყიდვის მცდელობისას:

(კოკრანის ხმა) “ამ შემთხვევაში მღელვარების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ორი სხვადასხვა სცენარი: საფრთხე რომელიმე სახელმწიფოსგან, რომელიც ბირთვული სამხედრო პროგრამის განვითარებას ცდილობს, მაგრამ ჯერ არა აქვს საჭირო მასალები. ასეთია, მაგალითად, ირანი. ასე რომ, თუ ურანის გატანას ასეთ სახელმწიფოში აპირებდნენ, ამან არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება. მეორეა მუქარა ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან. მაგრამ ტერორისტულ ორგანიზაციას სჭირდება ბევრად მეტი რადიაქტიური მასალა, ვიდრე სახელმწიფოს. მას, უბრალოდ, არა აქვს ისეთი ზუსტი ტექნოლოგია, რომ პატარა ბომბი შექმნას. მაგრამ ტერორისტებისთვის, თუ მათ სათანადო აღჭურვილობა მოეპოვებათ, ბომბის შექმნის უმარტივესი გზა სწორედ ეს მაღალგამდიდრებული ურანია. ეს ბევრად უფრო იოლია, ვიდრე პლუტონიუმის გამოყენება.”

ამასთან დაკავშირებით ჩვენმა კორესპონდენტმა ტომას კოკრანს რუსეთის პასუხისმგებლობის თაობაზე ჰკითხა. მისი თქმით, ასეთი რამ ადრეც მომხდარა. გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ყველამ - და არა მხოლოდ რუსეთმა - ამ ინციდენტიდან მივიღეთ, ისაა, რომ ეს მასალა, მაღალგამდიდრებული ურანი, ძალიან სახიფათოა, კომერციულ სფეროში მოხმარების გაგრძელების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ბირთვული კვლევის და საცდელ რეაქტორებში.ის ფიქრობს, რომ

(კოკრანის ხმა) “საჭიროა მისი შეცვლა, ხმარებიდან ამოღება ყველა ქვეყანაში. მსოფლიოში ახლა ათეულობით რეაქტორია, რომლებიც მაღალგამდიდრებული ურანით მუშაობენ. ისინი უნდა გადაიყვანონ დაბალგამდიდრებულ ურანზე, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად არ გამოდგება. ეს არც ისე ძნელია.”
თუმცა, როგორც ტომას კოკრანმა განმარტა, პრობლემა ისაა, რომ ამ რეაქტორების გარდაქმნის პროგრამები, რომლებიც რუსეთსა და აშშ-ში არსებობს, ნებაყოფლობითი პროგრამებია და მათი განხორციელება ძალიან ნელა ხდება. რა წარმოშობის იყო საქართველოში ნაპოვნი, სეპარატისტული ცხინვალის გზით გასაყიდად რუსეთიდან გატანილი ურანი, ჯერ არავინ იცის. ურანის მოპარვაზე ხშირად ლაპარაკობენ. საქართველოს პრესაში ოთხშაბათს წერდნენ, რომ საქართველოში არაერთი შემთხვევაა დადგენილი რადიაქტიური ნივთირების კონტრაბანდისა. ამგვარ საქმეებს კრებს და აჯამებს აშშ-ში, კალიფორნიაში, მონტერეიში, მოქმედი
საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტი, რომელიც 1992 წლის შემდეგ აწარმოებს კარტოტეკას “შავ ბაზარზე” რადიაქტიური მასალების მოძრაობის შესახებ. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრს განაგებს პროფესორი უილიამ პოტერი, რომელიც რუსეთის და ამერიკის მეცნიერებათა აკადემიების მიერ შექმნილ გაუვრცელებლობის ერთობლივ ჯგუფშიც თანამშრომლობს. მისი ნაამბობით, 1992 წლის შემდეგ, საბედნიეროდ, დაფიქსირებულია ბირთვული იარაღისთვის გამოსადეგი ამ ხარისხის ნივთიერების გავრცელების მხოლოდ 20 შემთხვევა (დამოუკიდებელი წყაროების მიერ დადასტურებული). რაც შეეხება საქართველოს ინციდენტს,

(პოტერის ხმა)
“ეს რაიონი ცნობილია იმით, რომ აქ უკანონოდ ვაჭრობენ სხვადასხვა მასალით, მათ შორის - რადიაქტიური ნივთიერებებით. მაგრამ ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, საზღვრის დაცვის სისუსტესთან, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებასთან, რომ რუსეთის და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების ბირთვულ ობიექტებზე რადიაქტიური მასალები არასათანადოდ არის დაცული და აღწერილი.”


უილიამ პოტერი არ გამორიცხავს, რომ ეს შემთხვევა დიდი ოპერაციის ერთი ნაწილი ყოფილიყო მხოლოდ. მისი თქმით, ისიც არ ვიცით, თუ როდის მოიპარეს ეს ურანი, წელს თუ ათი წლის წინ. პოტერის თანახმად, მას არ ესმის, თუ რუსეთის მხარე რატომ ვერ დაადგენს, საიდან არის გატანილი ეს ნიმუში. ის, რომ ეს ნიმუში რუსეთშია წარმოებული, ეჭვი არ ეპარება ბირთვულ ფიზიკოს ტომას კოკრანს, აშშ-ის ბუნებრივი რესურსების ბირთვული პროგრამის დირექტორს, ენერგეტიკის სამინისტროს ბირთვული კვლევის სფეროში მრჩეველთა ჯგუფის წევრს. მისი განმარტებით, ტექნოლოგია, რომლითაც ურან 235-ის ეს ნიმუში დამზადდა, მხოლოდ რუსეთსა და აშშ-ში გამოიყენება. იმას, რომ ეს ნიმუში ათი წლის წინ იყო წარმოებული, რუსი მეცნიერებიც ადასტურებენ. ეს კი გამორიცხავს პაკისტანს, სადაც ათი წლის წინ ასეთი ტექნოლოგია არ არსებობდა. საქართველოში მიკვლეულ ნიმუშში იყო ურან 236-იც, რაც ამ ნაერთის მიღების გარკვეულ ტექნოლოგიაზე მიანიშნებს:

(კოკრანის ხმა)
“ურან 236-ის შემცველობა ამ ნიმუშში არ იძლევა იმის საშუალებას, დადგინდეს, თუ სად იქნა ის მოპარული, რუსეთსა თუ ყაზახეთში ან უკრაინაში, სადაც რუსეთი გზავნის თავის ურანს. მაგრამ მთელი თანმხლები ინფორმაცია ადასტურებს, რომ ის რუსეთიდანაა.”

კოკრანის თქმით, მის ამგვარ წარმოშობას ისიც გვაფიქრებინებს, რომ ეს ნიმუში ძალიან ჰგავდა აშშ-ში ყაზახეთიდან კვლევისთვის ჩატანილ ურანის იზოტოპებს. ყაზახეთი და რუსეთი კი ამ სფეროში თანამშრომლობენ.

არსებობს არაერთი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც აღწერს ქვეყნების ვალდებულებებს, როცა მათი ტერიტორიებიდან ბირთვული ნივთიერებები გადის “შავ ბაზარზე”. უილიამ პოტერის თანახმად, ბოლო კონვენცია ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ამ მხრივ, ერთობ მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი იქნებოდა. მაგრამ აშშ-ს მისი რატიფიცირება არ მოუხდენია, ხოლო რუსეთს არ წარმოუდგენია რატიფიკაციის ინსტრუმენტები, თუმცა კი დაამტკიცა. ასევე აღსანიშნავია გაეროს 1540-ე რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფოებს ბირთვული ნივთიერების შენახვისა და ექსპორტის კონტროლის ეფექტიან ზომებს ავალებს. მაგრამ, ამბობს უილიამ პოტერი, პრობლემა ახალი დოკუმენტების შექმნა კი არ არის, არამედ მათი განხორციელებაა.

XS
SM
MD
LG