Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 თებერვალს ორი წელი სრულდება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან


3 თებერვალს ზუსტად ორი წელი სრულდება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან.

ტრაგედიიდან ამ არცთუ მცირე დროის გასვლის შემდეგ ყოფილი პრემიერის ახლობლებს გამოძიების და მისი შედეგების არ სჯერათ.ზურაბ ჟვანიას ძმა გიორგი ჟვანია დარწმუნებულია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოკლეს. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ბევრს ეჭვებს აღუძრავს, მათ შორის -პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებსაც.

სტუდია ”რეპორტიორი” 2-3 თვეში დაასრულებს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების გარემოებათა ჟურნალისტურ გამოძიებას და საზოგადოებას ამ საკითხზე უკვე მეორე დოკუმენტურ ფილმს შესთავაზებს. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მეორე წლისთავთან დაკავშირებით პარასკევს განცხადება გააკეთა ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა. მან ხელისუფლებას მოუწოდა ობიექტიურად გამოიძიოს გახმაურებული საქმეები.

”გამოძიების შედეგები არ არსებობს. შესაბამისად, გამოძიების შედეგებს ვერ შევაფასებთ” - პრემიერის გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე ასეთ აზრს გამოთქვამს ზურაბ ჟვანიას ძმა გიორგი ჟვანია. სააგენტო ”ინტერპრესნიუსისთვის ” მიცემულ ინტერვიუში ის ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი ძმა მოკლეს და ამ საკითხისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება დანაშაულის მიჩქმალვაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 ნოემბერს თბილისში, საბურთალოს 53 ნომერში, გარდაცვლილი ნახეს. მოგვიანებით ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუფოვის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მხუთავი გაზით, (co) -თი, მოწამვლა - მხუთავი გაზის ზემოქმედებით სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის მაღალი შემცველობა - დასახელდა. კიდევ უფრო მოგვიანებით საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ.

ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბრაიან პარმანმა 2005 წლის 1 აპრილს ასეთი განცხადება გააკეთა: ”ვერ მივაკვლიეთ რაიმე ისეთ გარემოებას, რომელიც საქართველოს მთავრობის დასკვნას ეწინააღმდეგებოდეს.”

როგორც უკვე ვთქვით, პრემიერი 2005 -ის 3 თებერვალს გარდაიცვალა. მომხდარს იმავე დღეს მიეცა უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ. გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დღემდე დახურული არ არის. როგორც პრემიერის ძმა აცხადებს, წელიწად-ნახევრის წინ იყო საქმეში უცხოელი გამომძიებლების ჩართვის დაპირება, მაგრამ ეს დაპირება დაპირებადვე დარჩა. ”როგორც ჩანს, ხელისუფლების ნება, რომ საქმე გაიხსნას, არ არსებობს,” - დაასკვნის გიორგი ჟვანია.

სტუდია ”რეპორტიორი” ახლო მომავალში დაასრულებს მუშაობას პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებაზე. სტუდიის ხელმძღვანელს ვახო კომახიძეს ვკითხეთ, რა ახალ გარემოებებს შესთავაზებს საზოგადოებას მისი და მისი კოლეგების ნამუშევარი:

[ვახო კომახიძის ხმა] ”გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტიზის მასალების შესწავლა ვთხოვეთ გერმანელ ექსპერტებს. მათ დაასკვნეს, რომ იმ ადგილას, სადაც ტრაგიკული შემთხვევა უბედურ შემთხვევად მოინათლა, ეს არ შეიძლება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ეს დასაბუთებულია. ”

როცა ფაქტთან დაკავშირებით აღძრული საქმე ჯერ არ დახურულა და როცა გამოძიების შედეგების გამო საზოგადოებაში არსებობს ეჭვები, ტრიალებს შეკითხვები, ხელისუფლებამ ამ ეჭვების გასაფანტავად მაქსიმალური უნდა გააკეთოს, ფიქრობს მოძრაობა ” საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა} ”თუ გვინდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, აუცილებელია ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით ყველაფერი იყოს გარკვეული. ეს არ ეხება მარტო პრემიერის საქმეს, ეს ეხება გირგვლიანის მკვლელობას, რობაქიძის მკვლელობას. ”

ზურაბ ჟვანიას ხსოვნას მისი ახლობლები, მეგობრები, თანამებრძოლები 3 თებერვალს კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს. ტრაგედიიდან 2 წლის თავზე კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ზურაბ ჟვანიას დამსახურებას. პრემიერის სახელის უკვდავსაყოფად საქართველოს პარლამენტში დაიდგა მისი ბიუსტი, მის საცხოვრებელ სახლზე დაიკიდა მემორიალური დაფა, დაწესდა ზურაბ ჟვანიას სახელობის სტიპენდიაც, მაგრამ ადამიანებისთვის, ვისაც დღემდე აწუხებთ ეჭვები, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მათთვის მთავარი საქმის ობიექტური გამოძიებაა.
XS
SM
MD
LG