Accessibility links

გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა კოსოვოს საკითხის გადაჭრის ”კომპრომისული” წინადადება წარმოადგინა


კოსოვოში გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა დღეს პროვინციის სამომავლო სტატუსის შესახებ საკუთარი წინადადების დეტალები გამოაცხადა.

მარტი აჰტისაარი, რომელიც ჯერ ბელგრადს ეწვია, იქიდან კი პრიშტინაში მიფრინავდა,კოსოვოსთვის შეზღუდული სახელმწიფოებრიობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით გამოვიდა. ეს ვარიანტი არ აკმაყოფილებს არც ბელგრადის და არც კოსოვოს ეთნიკური ალბანელების მოთხოვნებს.

ბელგრადში მყოფმა გაეროს წარმომადგენელმა თავის რეკომენდაციას ”კომპრომისი” უწოდა:

[აჰტისაარის ხმა] “ვითარების მოგვარების მიზანია, შეიქმნას საფუძველი მომავალი კოსოვოსთვის, რომელიც სიცოცხლისუნარიანი და სტაბილური იქნება, მომავალი კოსოვოსთვის, სადაც ყველა ჯგუფის წარმომადგენლები - ალბანელები, სერბები და სხვები - ღირსეულ, უსაფრთხო და ეკონომიკურად სტაბილურ პირობებში ცხოვრებას შეძლებენ.”

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში გამოყენებული ფორმულირება გვერდს უვლის როგორც კოსოვოზე სერბიის მმართველობის, ისე კოსოვოს დამოუკიდებლობის ხსენებას.

ეს კი ის პირობებია, რომელთა ხაზგასმასაც, შესაბამისად, ბელგრადი და პრიშტინა ითხოვდნენ კოსოვოს საბოლოო სტატუსის განსაზღვრისას.

ამის სანაცვლოდ, მარტი აჰტისაარის გეგმა კოსოვოსთვის ერთგვარ შუალედურ პოზიციას ითვალისწინებს - პროვინციას სახელმწიფოსთვის აუცილებელი გარკვეული ელემენტები მიენიჭება, თუმცა ის კვლავ საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

როგორც იუწყებიან, გეგმა კოსოვოში გაეროსა და ევროკავშირის მხრიდან მეთვალყურეთა დანიშვნის მოწოდებას ითვალისწინებს - ამ მეთვალყურეებს კანონპროექტებზე ვეტოს დადებისა და ადგილობრივი ოფიციალური პირების პოსტებიდან გათავისუფლების უფლებამოსილება ექნებათ.

მეთვალყურეთა ეს ფორმატი კოსოვოს ამჟამინდელ ადმინისტრატორ გაეროს მისიას შეცვლის. ამასთან, კოსოვოში მყოფ ნატოს ძალებს ევროკავშირის საპოლიციო მისია დაემატება.

პარალელურად, კოსოვო საერთაშორისო შეთანხმებებზე ხელის მოწერისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების უფლებას მოიპოვებს. მას ექნება ეროვნული სიმბოლოები - დროშა და ჰიმნი; მსუბუქად შეიარაღებული სამხედროები და მესაზღვრეები ეყოლება.

ყოველივე ეს კი კოსოვოს მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში ამჟამინდელზე ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს.

ამავე დროს, პროვინციაში მცხოვრებ 100 ათას ეთნიკურ სერბს და სხვა არაალბანელ უმცირესობებს გარანტირებული ექნებათ პარლამენტში, პოლიციასა და სხვა ინსტიტუტებში წარმომადგენლობის ყოლა.

ქალაქებს, სადაც სერბები უმრავლესობას წარმოადგენენ, ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირების ძალაუფლება მიენიჭებათ.

აჰტისაარის გეგმის დღევანდელი წარდგენით, კოსოვოს სამომავლო სტატუსის განსაზღვრის პროცესში უკანასკნელი - და, ალბათ, ყველაზე რთული - სტადია იწყება. ეს გეგმის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გატანას გულისხმობს. საერთაშორისო თანამეგობრობა გეგმის განხორციელებას მხოლოდ უშიშროების საბჭოს მხრიდან მისი დამტკიცების შემდეგ შეძლებს.

აჰტისაარიმ დღეს განაცხადა, რომ გეგმის უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგენამდე მას სერბიის მთავრობისა და კოსოვოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილავს:

[აჰტისაარის ხმა] ”ჩვენ კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ მხარეებს, თუკი მზად არიან, მოვიდნენ და შემდგომშიც მიიღონ მონაწილეობა კოსოვოს სტატუსის შესახებ მოლაპარაკებაში. მე და ჩემი კოლეგები მათ განკარგულებაში ვართ. ვფიქრობ, როგორც დაგეგმილი იყო, ეს მოლაპარაკება თებერვალში მოხდება.”

აჰტისაარის თქმით, ეს განხილვა 13 თებერვალს გაიმართება. დოკუმენტის ნიუ-იორკში გაგზავნის დრო გაეროს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია.

აქვე გეტყვით, რომ, პირველი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, სერბიის პრეზიდენტმა უარყო აჰტისაარის გეგმა. ბორის ტადიჩის აზრით, გეგმა კოსოვოს ”დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობას ანიჭებს”.
XS
SM
MD
LG