Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


გასულ კვირას ქართული გაზეთები ფართოდ აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზითა და მოთხოვნებით იმართებოდა.

ვეტერანები შეღავათების გაუქმებას აპროტესტებდნენ, კერძო საკუთრების მფლობელები კი -მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. მოგვიანებით ეს უკმაყოფილება ერთიან საპროტესტო აქციად იქცა. 31 იანვრის “რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,,საპროტესტო ბუმი იწყება”. ,,საპროტესტო აქციები იწყება... ვეტერანებს ის გარემოვაჭრეებიც შეუერთდნენ, რომლებსაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შენობები დაუნგრია და მეტროსადგურებთან ვაჭრობა აუკრძალა,”- ვკითხულობთ გაზეთ “რეზონანსში”.

კერძო საკუთრების ხელყოფის თემამ გასულ კვირას განსაკუთრებული სიმწვავით წამოიწია. გაზეთი “ახალი ვერსია” სამშაბათს ამ პრობლემის პოლიტიკურ ასპექტზე საუბრობს პუბლიკაციაში - ,,ვინ რა სტრატეგიითა და თემებით ცდილობს ხალხის გულის მოგებას”. გაზეთში ვკითხულობთ: ,,პარტიები საზოგადოების წინაშე თავის გამოჩენას სხვადასხვა თემებით ახერხებენ. მაგალითად, ,,ნაციონალური მოძრაობისათვის” აშკარად პრიორიტეტულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული პიარ-აქციები. ოპოზიციური პარტიები კი უფრო იმ თემებით აქტიურობენ, რომლებიც ქვეყანაში სიცოცხლისა და საკუთრების ხელყოფას ემსახურება.”

შაბათის “ახალი თაობა” ამ თემას აგრძელებს და ეხმაურება გუშინ რესპუბლიკური პარტიის ოფისში გამართულ კიდევ ერთ პრესკონფერენციას, რომელიც კერძო საკუთრების ხელყოფის ახალ ფაქტებს მიეძღვნა. გაზეთში ვკითხულობთ: ,,პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, ხელისუფლების მხრიდან შევიწროებულ, ასე ვთქვათ, განკულაკებულ მესაკუთრეებს სამართლებრივ დახმარებას დაჰპირდა და კიდევ ერთხელ მიანიშნა იმ საშიშ ტენდენციაზე, რაც მსგავს ფაქტებს მოჰყვება”.

გასულ კვირას ქართული პრესა კვლავ აგრძელებდა საუბარს ურანით ვაჭრობის აღკვეთის ფაქტზე, რომელიც სულ ახლახან გახმაურდა. ხუთშაბათის გაზეთი “ახალი ვერსია” აქვეყნებს სტატიას ,,,ჭუჭყიანი ბომბი”, რომელშიც ამ პრობლემის სერიოზულობასა და რეალურ საფრთხეზეა საუბარი. გაზეთში ვკითხულობთ: ,,ურანის სკანდალს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. საერთაშორისო საფრთხის ძირითად კერებად კონფლიქტური ზონები დასახელდა, რაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ოფიციალურმა პირებმა მორიგ პროვოკაციად შეაფასეს.

მსგავსი სკანდალი საქართველოსთვის უცხო არ არის. ბოლო წლების ანტიკონტრაბანდისტული ოპერაციების შედეგად, ქართველმა ძალოვანებმა ერთ კილოგრამზე მეტი რადიაქტიური ნივთიერებები ამოიღეს.” სტატიის თანახმად, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში რადიაქტიური მასალების აღმოჩენის შემთხვევათა რიცხვი 250–ს აჭარბებს. ამგვარი სტატისტიკა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეშფოთებას იწვევს. “ახალი ვერსია” შენიშნავს, რომ ამავე სააგენტოს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო შეიძლება განძადაც კი იქცეს მათთვის, ვინც რადიაქტიურ მასალებს ეძებს.

ამ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის გაზეთი “კვირის პალიტრაც”, სათაურით ,,ჯიბეში ნაპოვნი ატომური ბომბი”. გაზეთში ვკითხულობთ: ,,კვირის პალიტრამ მოიპოვა ერთი მეტად საგულისხმო ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ის რადიაქტიური ნივთიერება და რადიაქტიური ნარჩენები, რაც სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში 1993 წლის სექტემბრის შემდეგ დარჩა.”

საფრთხე, მართლაც, რეალური ჩანს და ეს ,,საქართველო-ამერიკის ახალი ინიციატივის საბაბი გახდა. შაბათის ,,24 საათი” ამ მოვლენასთან დაკავშირებულ პუბლიკაციას აქვეყნებს. მასში ნათქვამია: ,,გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება, ”- წერს გაზეთი “24 საათი”.

დღეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეა. ქართული პრესა ამ დღეს რამდენიმე პუბლიკაციით ეხმაურება. გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,,რატომ არ იხურება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე?” ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას ძმა გოგა ჟვანია ამბობს: ,, ახლა თქვენი საშუალებით ვთხოვ ხელისუფლებას, მოიწვიონ ექსპერტები.”

და კიდევ ერთი ციტატა პუბლიკაციიდან, რომელიც ზურაბ ჟვანიას ეძღვნება. დღევანდელი ,,ალია ” წერს: ,,ის არასოდეს ჰყვარებიათ მასებს, მაგრამ მთელი მოღვაწეობის მანძილზე სუპერპოპულარული იყო. - მისი გვარ-სახელი ეკერა ყველას პირზე, აქ, თბილისში, თუ სადღაც შორს, მიყრუებულ სოფელში. მას ეკუთვნის ისტორიული სლოგანი: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი...”
ასე იხსენებდა ქართული პრესა ზურაბ ჟვანიას.
XS
SM
MD
LG