Accessibility links

logo-print

ეკონომიკური მიმოხილვა


ზამთრის პერიოდში ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება - ამ განცხადების გასაკეთებლად საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე კვირას მთავრობის სხდომას საგანგებოდ დაესწრო.

ენერგეტიკის მინისტრმა პრეზიდენტისგან კიდევ ერთხელ მიიღო დავალება, განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები ქვეყნის გაზის ბალანსში იაფი აირის წილის მაქსიმალურად გაზრდის უზრუნველსაყოფად. თუმცა იმავე ენერგეტიკის მინისტრს არ დაუმალავს, რომ ჯერჯერობით საქართველომ კვლავაც ვერ გამოძებნა ფორმულა, რომლითაც თურქეთს შაჰ-დენიზის კონსორციუმიდან კუთვნილი ბუნებრივი აირის წილის დათმობაზე დაითანხმებს.
ასეა თუ ისე, ბუნებრივი აირის საფასური, სულ მცირე, კიდევ ერთი თვის განმავლობაში არ გაიზრდება. სავარაუდოდ, გაზაფხულიდან კი ძალაში ახალი ტარიფი შევა, რომლის დადგენასაც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია დახურულ რეჟიმში აპირებს, რისთვისაც ენერგიის იმპორტიორი კომპანიების სატარიფო განაცხადებს უკვე მიანიჭა კონფიდენციალური დოკუმენტის სტატუსი.
გაზის საკითხის დროებით გადავადების პარალელურად, გააქტიურდა ელექტროენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესები.

ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 ჰესისა და გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის შემსყიდველ ჩეხურ კომპანია ”ენერგო-პროსთან” ხელშეკრულება 5 თებერვალს საბოლოოდ გაფორმდება. დადგინდა, რომ ჩეხები ამ აქტივებში აღარ გადაიხდიან წინასწარ ანონსირებულ 312 მილიონ დოლარს. პირველ ეტაპზე ისინი მხოლოდ 132 მილიონ დოლარს შეიტანენ ბიუჯეტში. სამაგიეროდ, 120 მილიონ დოლარად 100 მეგავატამდე სიმძლავრის ახალი ჰესი უნდა ააშენონ და უმოკლეს ვადებში აამოქმედონ, 175 მილიონად კი არსებული აქტივების რეაბილიტაცია უნდა მოახდინონ. შესაბამისად, ჩეხური კომპანია ყველაზე მსხვილ ენერგოსაპრივატიზებო აქტივს სულ სხვა პირობებით დაეპატრონება, ვიდრე თავიდან იყო განსაზღვრული. მიმდინარე კვირას ”ენერგო-პროს” ჩეხურ წარმომავლობაში სერიოზული ეჭვი შეიტანა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც ამ თემას საგანგებო ბრიფინგიც კი მიუძღვნა. რესპუბლიკელებმა საიდუმლოებით მოცული ჩეხების უკან რუსული ფე-ეს-ბეს და ასევე რუსული სახელმწიფო ენერგომონოპოლიის - ”რაო ეეს”-ის ხელმძღვანელის ანატოლი ჩუბაისის ფიგურები დალანდეს, ხელისუფლების მიერ წარმოებული საპრივატიზებო პოლიტიკა კი კრემლში დაწერილი სცენარის შემადგენელ ნაწილად მიიჩნიეს. ხელისუფლებიდან ამ ბრალდებებს სათანადოდ არავინ გამოხმაურებია.

პრივატიზების ახალი სქემის პრეზენტაცია კი მიმდინარე კვირას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართა. `დააბანდე წიაღისეულში~ _ ასე ჰქვია იმ პროექტს, რომლის ფარგლებშიც წიაღისეული საბადოების ექსპლუატაციის ლიცენზიები ამიერიდან აუქციონის წესით გაიყიდება. პირველ ეტაპზე 14 ასეთი ლიცენზიის გაყიდვა იგეგმება, რომლითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განფენილი დარიშხანის, ბარიტის, ცეოლითის, აგატის, კირქვის, თიხის და სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს გამოუჩნდება ინვესტორი. ლიცენზიის საწყის ფასად 15-დან 20 მილიონამდე დოლარი განისაზღვრება, საბადოების ექსპლუატაციის ვადები და პირობები კი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად დადგინდება. ამ სქემით მთავრობა საპრივატიზებო შემოსავლების კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ადგილობრივი ბიზნესის წახალისებას გეგმავს.

ადგილობრივ ბიზნესმენთა ერთ კატეგორიასთან კი მთავრობას საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა გაუჩნდა: ქართველი ავიატორები ”სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” კანონის იმ სიახლეს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველოს ზეცა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვისაც გაიხსნება. ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ 3 წლის წინ ანონსირებული `ღია ცის~ პოლიტიკა რეალურად იწყებს განხორციელებას. თუმცა ეს საკმაოდ მძიმე დარტყმას უქადის მოქმედ ქართულ ავიაკომპანიებს, რომელთაც ისედაც საკმაოდ მძაფრი კონკურენციის პირობებში უწევთ საქმიანობა და რუსული ცის ჩაკეტვის შემდეგ შემოსავლებიც შეუმცირდათ.

თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე საბოლოოდ არის მიღებული. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბაზრისPპირველი მერცხალი თურქული `პეგასი~ იქნება, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე შვილობილ ”პეგას-საქართველოს” დააფუძნებს და ფრენებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. ისევე, როგორც ყველა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ლაინერის ბორტზე, აქაც იქნება ნაკლები კომფორტი, არ იქნება კვება და სხვა სერვისები, მაგრამ, სამაგიეროდ, ფასებიც იქნება უფრო დაბალი, ვიდრე ტრადიციული ავიაკომპანიებით ფრენისას.
მიმდინარე კვირას ახალი ძალით იფეთქა კონფლიქტმა, რომელიც სააშკარაოზე ინტერნეტ-პროვაიდერ `კაუკაზუს ნეთვორქის~ ხელმძღვანელმა გამოიტანა. `”კაუკაზუსმა” სატელეფონო ბაზრის ორი ოპერატორი - ”ახალი ქსელები” - და `საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი - დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი მიზანმიმართულად უშლიან ხელს მის საქმიანობას. ვალში არც დადანაშაულებულები დარჩნენ და `კაუკაზუს ნეთვორქს~ მისი წილი შეცოდებები შეახსენეს. ეს ეპისტოლარული დუელი უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს და კონფლიქტის სულ უფრო და უფრო დეტალური განხილვის სახეს იღებს. სანამ კომპანიები ერთმანეთთან ურთიერთობას საგაზეთო ფურცლებზე არკვევენ, თბილისელების ერთი ნაწილი, როგორც გაირკვა, სამი, ოთხი და ზოგჯერ ექვსი თვის განმავლობაშიც უშედეგოდ ელის ინტერნეტის ქსელში ჩართვას.

თუმცა ეს დარგობრივი კონფლიქტი ახლოსაც ვერ მივა იმ კონფლიქტთან, რომელიც თბილისის მერიასა და კერძო მესაკუთრეებს შორის სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აქტივობამ მიმდინარე კვირას პიკს მიაღწია და ქალაქის სხვადასხვა უბნებში არაერთი შენობა შეიწირა, რაც მერიის თანამშრომლებისა და ამ ნაგებობების მესაკუთრეთა ხელჩართული ბრძოლის ფონზე მიმდინარეობდა.
უსახურობის მოტივით, მერიამ რამდენიმე შენობა ისე დაანგრია, რომ არც ერთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება შენობის აგების უკანონობაზე არ წარმოუდგენია. დედაქალაქის მერმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ არაერთი შენობა დაინგრევა.

ქალაქში მშენებლობების მასობრივი ნგრევის პროცესს დაემთხვა თბილისის პროკურატურაში მესაკუთრეების დაბარებისა და მათთვის პრივატიზებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შეთავაზებათა ახალი ტალღა. ამჯერად მასში ერთ-ერთი პირველი `ქალაქმშენის~ აქციების მფლობელთა ჯგუფი მოექცა, რომელმაც ეს ამბავი მედიის საშუალებით საჯარო გახადა და ამ პროცესის შეუქცევადობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული ინციდენტები უკვე იმდენად მომრავლდა, რომ საგანგებო განცხადების გაკეთება პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველსაც მოუხდა. მარტ ლაარმა, რომელიც განსაკუთრებული სიტყვაუხვობით არასოდეს გამოირჩევა, ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოში კერძო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით პრობლემებია და რომ ეს პრობლემები, სხვა გარემოებებთან ერთად, სერიოზულად აფერხებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას.
ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ესტონელი ეკონომიკური მრჩევლის პირველი საჯარო კრიტიკული განცხადება, რომელსაც ხელისუფლება დუმილით შეხვდა. მართალია, ლაარმა პარალელურად საქართველოს ეკონომიკის დიდ მიღწევებზეც ისაუბრა, მაგრამ მისი კრიტიკული შენიშვნა ყველა სამიზნე ჯგუფისა და მედია-საშუალებისთვის გაცილებით საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე გაკეთებული მოხსენება.
XS
SM
MD
LG