Accessibility links

logo-print

საქართველოს არმიის ხემძღვანელობა უცხოელების გულს ინადირებს, ქართველ ექსპერტებს კი უგულებელყოფს


გასულ კვირას ვაშინგტონსა და ბრიუსელში

სამხედრო ხაზით ორი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გაიმართა. ამ ვიზიტების მიზანი იყო, ნატოს შემფასებელთა მისიის ჩამოსვლის წინ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების კიდევ ერთხელ დარწმუნება, რომ ქვეყანა დასავლური ტიპის ღია და დემოკრატიულ სამხედრო სისტემას აშენებს. თუმცა ზუსტად იმავე კვირაში ქვეყნის შიგნით ადგილი ჰქონდა პრეცედენტს, რომელმაც ცხადყო, რომ არმიის ხელმძღვანელობა ნაკლებად უწევს ანგარიშს თავისსავე შიდა აუდიტორიას, თითებზე ჩამოსათვლელი სამხედრო ექსპერტების სახით. კერძოდ, სამხედრო ხელმძღვანელობამ ქართველი ექსპერტების მიერ გამოცემული და უფასოდ დარიგებული საგანმანათლებლო ბროშურა, სახელწოდებით ”არმია და დემოკრატია”, საშიშ პროკლამაციად მიიჩნია და ავტორებს უკან დაუბრუნა. დღევანდელ პროგრამაში მინდა ქართული არმიის ხელმძღვანელობის ამ ორსახოვნებაზე გესაუბროთ.

თებერვლის თვეში საქართველოს ნატოს - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის - შემფასებელთა ჯგუფი ეწვევა. ნატოელ ექსპერტთა მისია შეისწავლის, თუ რა შეიცვალა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც საქართველო ინტენსიური დიალოგის წევრი გახდა და, როგორც ოფიციალური თბილისი აცხადებს, ნატოში გაწევრიანებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. მანამდე კი, გასულ კვირაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ და რამდენიმე დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროდან ბრიუსელში კონსულტაციები გამართა - წარადგინა სამომავლო გეგმები და ინფორმაცია რესურსების მართვის, შესყიდვების, ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ. ინფორმაცია ბრიუსელში მიმდინარე კონსულტაციების თაობაზე რადიო ”თავისუფლებას” მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა დავით კირკიტაძემ დაუდასტურა:
[დავით კირკიტაძის ხმა] “ასე, ამის შესახებ ვართ ინფორმირებული და მე მინდა იმედი ვიქონიო და თქვენც დაგარწმუნოთ, აგრეთვე, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად გადავდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს ნატოსთან დაახლოების მიმართულებით და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ”მეპს”(გაწევრიანების სამოქმედო გეგმას), ასე ნანატრ ”მეპს”, და ”ინტენსიური დიალოგიდან” გადავალთ შემდეგ ნაბიჯზე და, მართლაც, გავალთ ”ფინიშის სწორზე”, რათა შემდგომ გავხდეთ ნატოს წევრები.” [სტილი დაცულია]

ბრიუსელის გარდა, შეხვედრა - მართალია, გაცნობითი ხასიათის - ვაშინგტონშიც გაიმართა. პენტაგონის სტუმარი გახლდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ზაზა გოგავა, რომელიც ამ თანამდებობაზე მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის წარდგინებით დაინიშნა ნოემბრის დასაწყისში, ერთი კვირით ადრე, ვიდრე ეს უკანასკნელი თანამდებობას დატოვებდა. თუ როგორ დამთავრდა გოგავას ვიზიტი პენტაგონში, უცნობია. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ლაპარაკია დახმარების ახალ პროექტზე ამერიკელ მრჩეველთა ხაზით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია ”კიუბიკში” არიან გაწევრიანებულნი:

[ჯონ ტეფტის ხმა] ”დიახ, ჩვენ რამდენიმე პროგრამას ვახორციელებთ. ერთ-ერთი მათგანია პროგრამა მრჩევლების სახით, რომლებიც ორგანიზაცია ”კიუბიკის” წარმომადგენლები არიან. ამ ჯგუფის მიზანია იმუშაოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად და დაეხმაროს მას რეფორმების წინსვლაში. მე კარგად ვიცნობ ”კიუბიკს”, ისინი იმ დროს მოღვაწეობდნენ ლიტვაში, როდესაც მე იქ ელჩად ვმუშაობდი. მათ ძალიან კარგად შეუძლიათ იმის ახსნა, თუ რა არის საჭირო და რა გეგმით უნდა წარიმართოს ნატოსთან თავსებადი სამხედრო სისტემის ჩამოყალიბება.”


მაგრამ, რაც დრო გადის, საზოგადოებაში სულ უფრო მატულობს სკეპტიციზმი დასავლელი მრჩევლების საქმიანობის მიმართ. კერძოდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს ქართული არმია სჭირდებათ ცოცხალი ძალის დეფიციტის შესავსებად მსხვილ სამხედრო ოპერაციებში და ნაკლებად ზრუნავენ არმიის მართვის დემოკრატიზაციაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული არმიის ხელმძღვანელობას არავინ შეახსენებს დასავლეთის სამხედრო სტუქტურების დაუწერელ კანონს, რომ არმია სწორედ მაშინ არის ძლიერი, როდესაც მას სათავეში უდგანან ოფიცრები, რომლებმაც, საბრძოლო ხელოვნების გარდა, იციან საზოგადოებასთან ურთიერთობაც, ანუ ფლობენ იარაღსაც და სიტყვასაც, რომელსაც აქვს დამაჯერებლობა და საზოგადოების თვალში ნდობას იმსახურებს. როგორც რადიო ”თავისუფლებას” არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივების” თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა უთხრა, ახალგაზრდობა სულ უფრო სკეპტიკურად ეკიდება ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებას, რომ ნატოში გაწევრიანების გზა ქვეყნის დემოკრატიულობაზე გადის:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ”როდესაც ჩვენმა სპიკერმა განაცხადა, ნატოს წევრობას მხოლოდ დემოკრატიული და ღია საზოგადოების მქონე სახელმწიფო მიიღებსო, კითხვა გაჩნდა: რატომ მიიღეს თურქეთი 55 წელს? რომელი დემოკრატიის სავანე ის იყოო.”

საქართველო რომ არ არის დემოკრატიის სავანე, ხოლო მისი არმიის ხელმძღვანელობა შორს დგას დემოკრატიული ღირებულებებისგან, ეს, სამწუხაროდ, გასულ კვირაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. რეპორტაჟში ნახსენებმა გენერალური შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზაზა გოგავამ, სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო და უკან დააბრუნა ქართველი სამხედრო ექსპერტების მიერ გამოცემული ბროშურა, სახლწოდებით ”არმია და დემოკრატია”. მასში, სხვა ქვეყნების მაგალითზე, საუბარია უფლებებზე, რითაც დემოკრატიულ ქვეყნებში სამხედრო მოსამსხურეები სარგებლობენ, სამხედრო ობმუდსმენის ინსტიტუტზე გერმანიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობით მინიშნებულ უფლებებზე. წიგნის ავტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალი და თავისუფლების” დირექტორმა ირაკლი სესიაშვილმა, რადიო ”თავისუფლებას” ასე განუმარტა გენერალური შტაბის უფროსის გადაწყვეტილება:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”ეს ბროშურები უკან დაგვიბრუნდა. როდესაც ეს შევიტყვე, იმ მომენტისათვის ვიყავი თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სადაც ბატონი ზაზა გოგავა, გენერალური შტაბის უფროსიც ბრძანდებოდა. მას ვთხოვე, უბრალოდ აეხსნა ჩემთვის, თუ რა შეიძლებოდა მიზეზი ყოფილიყო ამ წიგნების დაბრუნებისა, იმდენად რამდენადაც ასეთი რამ საქართველოს ახალ ისტორიაში არ მომხდარა. მან განაცხადა, რომ ბროშურა არის პროკლამაცია და ის მისი ბრძანებით აიკრძალა და, შესაბამისად, დაგვიბრუნდა უკან.”(სტილი დაცულია)

ეს საუბარი 1 დეკემბერს შედგა. სკანდალი კი გენერალური შტაბის უფროსის გადაწყვეტილების გამო, დაებრუნებინა ბროშურები, ქართულ მედიაში მაშინ ატყდა, როდესაც ის ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. პრესის გათვლა ასეთია: ვაშინგტონში ზაზა გოგავას ამერიკელი კოლეგები ამ ინფორმაციაზე ყურადღებას მიაქცევინებენ, მინისტრი კეზერაშვილი კი დატუქსავს და შეიძლება თანამდებობის დატოვებაც მოსთხოვოს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია. ფაქტი კი ისაა, რომ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დანიშვნის დღიდან ერთხელაც არ შეხვედრია ჟურნალისტებს და არც ერთ კრიტიკულ ინფორმაციზე კომენტარი არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ”საჯარო საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესება” მინისტრის ხედვაში ჩამოყალიბებულ ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG