Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელო" პლუს "სპორტი"


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ქართულ სპორტულ მედიაში ახალი ეტაპის დასაწყისად იქცა.,

ამბავი, რომლის შესახებაც ჩვენი თბილისელი კოლეგა ელგუჯა ბერიშვილი და მისი რესპოდენტები მოგვითხრობენ. ეს იყო 2006 წლის მიწურულს და საქმე ეხება გაზეთების_"ლელოსა" და "სპორტის" გაერთიანებას. თავის დროზე ყველაზე პოპულარული ქართული გაზეთი "ლელო" თვეზე მეტია ძველი ლოგოთი, მაგრამ ახალი ფორმატით გამოდის. " ვარ მიკროავტობუსის მძღოლი, ვმუშაობ თბილისი-აბაშა-თბილისის მარშრუტზე. მზად ვარ თქვენი კორესპონდენტები უფასოდ ვამგზავრო ორივე მიმართულებით მარშრუტის ნებისმიერ პუნქტამდე და უკან. საჭიროების შემთხვევაში, დამიკავშირდით ჩემს მობილურ ტელეფონზე, რომელსაც აქვე გთავაზობთ." "ლელოს" 11 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულ ამ წერილს ხელს აწერს გია გაბელია_"ლელოს" ძველი მკითხველი და გულშემატკივარი, რომელმაც აი, ასე გამოხატა საყვარელი გაზეთის განახლებით გამოწვეული სიხარული. გაზეთის დირექტორი პაატა გელაშვილი ამბობს, რომ "ლელოს" სტაჟიანი მკითხველებისგან არაერთი მხარდასაჭერი წერილი მიუღიათ, ზოგი პირადად მოსულა და რედაქციის სამომავლო გეგმებითაც დაინტერესებულა.

[პაატა გელაშვილის ხმა] " ზოგიერთმა მკითხველმა ემოციურად აღიქვა ეს ამბავი, "ლელოს" ხელახალი დაბადება უწოდა ამ ფაქტს. ერთ-ერთმა მკითხველმა, რომელმაც პირველად ნახა "ლელო" 30 დეკემბერს, როდესაც პირველი გაერთიანებული ნომერი გამოვიდა, გაზეთს ეამბორა."

"ლელოსა' და "სპორტის" შესაძლო გაერთიანების თაობაზე პირველი არაოფიციალური ინფორმაცია შარშან შემოდგომაზე გავრცელდა, ცოტა ხანში კი სიტყვას საქმეც მოაყოლეს. ამ საქმეს, თურმე, სხვებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი გულშემატკივრობდა. განახლებული "ლელოს" მთავარი რედაქტორის თენგიზ გაჩეჩილაძის თქმით, სწორედ ბატონი ბადრის მოწადინებას უთამაშია გადამწყვეტი როლი.

[თენგიზ გაჩეჩილაძის ხმა] "არ შეიძლება დიდი მადლობა არ ვუთხრა ოლიმპიურ კომიტეტს, ოლიმპიურ ფონდს, პირადად ბადრი პატარკაციშვილს, რომელმაც თავი დაადგა ყველაფერ ამას და რომელმაც, მე ამას თამამად ვიტყვი, ქართველ ერს თავისი საყვარელი გაზეთი ღირსეულად დაუბრუნა."

თენგიზ გაჩეჩილაძე "ლელოს" 1984 წლიდან რედაქტორობს. 1990-იან წლებში, საერთო არეულობის პერიოდში, გაზეთს სერიოზული პრობლემები შეექმნა. იმავდროულად, ჯერ "სარბიელი", მერე კი სხვა ახალი სპორტული გაზეთები გაჩნდა და რამდენიმე ჟურნალისტის ანაბარა დარჩენილმა "ლელომ", გულახდილად უნდა ვთქვათ, ახალ ვითარებას და კონკურენციას ვერ გაუძლო. რაც შეეხება გაზეთ 'სპორტს", ის შედარებით გვიან, 2002 წელს დაარსდა და მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა. როგორც ამ გაზეთის, ამჟამად კი უკვე "ლელოს" თანამშრომლები ადასტურებენ, გაერთიანების იდეა მათთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ყველაფერი უცბად გადაწყდა. აი, რას ამბობს "ლელოს" ამჟამინდელი რედაქტორი მამუკა ჩიხლაძე.

[მამუკა ჩიხლაძის ხმა] "ჩვენ, ვინც ვმუშაობდით გაზეთ "სპორტში", თითქმის არავის გვიმუშავია "ლელოში" თავის დროზე. ერთი-ორი კაცის გარდა_სანდრო კოტორაშვილი, მაგალითად, ცნობილი რეპორტიორი. მაგრამ ყველა ვიყავით მკითხველები, თანაც აქტიური მკითხველები "ლელოსი" წლების განმავლობაში. მე, მაგალითად, 25-წლიანი სტაჟი მაქვს, შეიძლება ითქვას, წერა-კითხვა ამ გაზეთიდან ვისწავლე და ჩემთვის ყოველთვის რაღაცას ნიშნავდა ეს სახელი_ძალიან მნიშვნელოვანს. როცა ჩვენამდე მოვიდა ეს იდეა, რას იტყვით, "ლელოსთან" გაერთიანებაზეო. ჩვენ პირდაპირ ვუთხარით, რომ კარგია."

მამუკა ჩიხლაძის აზრით, ამ შეთანხმების მთავარი შედეგი ჯერჯერობით ის არის, რომ "გვქვია გაცილებით უფრო სხარტი, ლამაზი და, თუ გნებავთ, უფრო ქართული სახელი." ეს სახელი ასევე ბევრს ნიშნავს გაზეთის სხვა ჟურნალისტებისთვის. მათ შორისაა მერაბ მამულაშვილი.

[მერაბ მამულაშვილის ხმა] "ვიტ-ჯორჯიის კაპიტანი დავით დიღმელაშვილი ახლახანს გადავიდა თბილისის "დინამოში" და მან საინტერესო ფრაზა თქვა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ კლუბში ვთამაშობდი, თბილისის "დინამოს" სახელი ჩემთვის მაინც ბევრს ნიშნავსო. "ლელოს" სახელი, მე ვფიქრობ, ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის, მკითხველისთვის და ჟურნალისტებისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს. მით უმეტეს, ჩემი საყვარელი გაზეთი "სპორტი" და ჩემი ბავშვობის საყვარელი გაზეთი "ლელო" გაერთიანდნენ. ბუნებრივია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ ლელოელი".

ისტორიას თუ გადავხედავთ, "ლელოს" წინამორბედი პირველი ქართული სპორტული გაზეთის _ "საქართველოს ფიზკულტურელის" პირველი ნომერი გამოვიდა 1934 წლის 13 აპრილს და ამ სახელით 1936 წლამდე იარსება. 1936-39 წლებში გამოდიოდა "ფიზკულტურელის" სახელწოდებით. 1949 წლის 10 ივლისიდან ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში იწყება "ლელოს" ეპოქა, რომელიც მისი პირველი რედაქტორის მიხეილ კაკაბაძის სახელს უკავშირდება. სხვადასხვა დროს ამ გაზეთში არაერთ ცნობილ ჟურნალისტს თუ მწერალს უმუშავია. ერთ-ერთი მათგანია ნუგზარ შატაიძე.

[ნუგზარ შატაიძის ხმა] " ლელოში" 1978 თუ 79 წელს დავიწყე მუშაობა. იქ ისეთი ხალხი დამხვდა, საოცარი ადამიანები, გამოცდილი ჟურნალისტები, რომლებისგანაც მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. "ლელო" პოპულარული გაზეთი იყო. კიოსკებთან, დილაობით, რიგი იმართებოდა ხოლმე და ადამიანები ასე ამბობდნენ: "ლელო", "თბილისი", "კომუნისტი"…ასე თხოვდნენ გამყიდველს. ჩვენ გვეამაყებოდა ამ ტრადიციულ გაზეთში მუშაობა. ეს გახლდათ მიშა კაკაბაძის ტრადიციები, შესანიშნავი ტრადიციები. დღეს ორი გაზეთი _ "სპორტი" და "ლელო" გაერთიანდა. ეს სასიხარულო ამბავია იმიტომაც, რომ არსებობს საქართველოში გაზეთი, რომელსაც "ლელო" აწერია".

სხვათა შორის, განახლებულმა რედაქციამ ერთ-ერთ მიზნად დაისახა ძველ ლელოელებთან თანამშრომლობა. ახალ "ლელოში" უკვე გამოქვეყნდა ნუგზარ შატაიძის, ირაკლი ბერიაშვილის და სხვა ცნობილი ავტორების წერილები. მოკლედ, "ლელო" ახალ ცხოვრებას იწყებს.
XS
SM
MD
LG