Accessibility links

logo-print

საპარლამენტო კომიტეტები ფრაქციების დაფინანსების გაზრდაზე შეთანხმდნენ


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფინანსურ საკითხებზეც იმსჯელეს.



ბიუროს სხდომას ესწრებოდნენ ხაზინადართა საბჭოს წევრებიც, რომლებმაც კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწიეს და საპარლამენტო ფრაქციებს - მათ შორის, ოპოზიციურს - დაფინანსება გაუზარდეს. შეთანხმების მიხედვით, ყველა ფრაქცია თვეში 5 ათას ლარს მიიღებს, დამატებით 5 ათასი ლარი კი იმ ფრაქციებზე გაიცემა, რომელთა წევრების რაოდენობაც 50 დეპუტატს აჭარბებს.



პარლამენტის შვიდივე ფრაქცია - მათ შორის, ოპოზიციურიც - მეტნაკლებად თანაბარ და სამართლიან დაფინანსებას მიიღებს. ამგვარი განწყობით დატოვეს ბიუროს სხდომათა დარბაზი როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. დეპუტატები, რომლებიც კმაყოფილები ჩანდნენ გადაწყვეტილების ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე მიღებით, რაც დღევანდელ პარლამენტში იშვიათად ხდება ხოლმე, მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ზოგადად პარლამენტის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის. დღეიდან ფრაქციები კანონპროექტებზე მუშაობისათვის თანხას მიიღებენ არა წევრი დეპუტატების რაოდენობის მიხედვით, არამედ თანაბრად, თუმცა მსხვილ ფრაქციებს გარკვეული სხვაობა მაინც ექნებათ. პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს მიაჩნია, რომ დღევანდელი კონსენსუსი იოლად მისაღწევი ნამდვილად არ იყო:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] “ჩვენ შევამცირეთ შტატები, ჩვენ მოწვეული სპეციალისტები თითქმის გავაუქმეთ პარლამენტში და დარჩა მხოლოდ რამდენიმე... და იყო ასევე სხვა რამოდენიმე რესურსი, თუმცა ეხლავე გეუბნებით, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა თავად პარლამენტის ბიუჯეტი საკმაოდ დეფიციტურად არის დაგეგმილი. ვეცდებით განვახორციელოთ ეკონომია, იმიტომ რომ ჩვენ პრიორიტეტად ჩავთვალეთ, რომ პარლამენტში მყოფ ყველა ფრაქციას ჰქონოდა ერთნაირი საშუალება მუშაობის.”(სტილი დაცულია)

ოპოზიციური ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელი და, იმავდროულად, პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წევრი გიგა ბუკია დღევანდელი შედეგით კმაყოფილი იყო. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება, დღემდე არსებულ რეალობასთან შედარებით, გაცილებით სამართლიანია:

[გიგა ბუკიას ხმა] “იყო რაღაც კომპრომისული ვარიანტი დადებული, შეთავაზებული პარლამენტის თავმჯდომარესთან და მიმდინარეობდა ჩვენს არგუმენტებსა და დანარჩენ საკითხებზე მსჯელობა. დღეს იქნა ეს ვარიანტი გაზიარებული და ფრაქციების დაფინანსება გაიზარდა. “(სტილი დაცულია)

იქვე გიგა ბუკიას ვკითხეთ ძირითადად რისთვის ესაჭიროებათ საპარლამენტო ფრაქციებს აწ უკვე თვიური 5 ათასი ლარი:


[გიგა ბუკიას ხმა] “თუ ამ კანონპროექტებს არ გავეცანით, თუ ექსპერტები არ მოვიწვიეთ, თუ აპარატის თანამშრომლებს არ მივეცით შესაბამისი ანაზღაურება, ამას ათი ადამიანი რომ ვერ გასწვდება, მე მგონი, თქვენთვისაც ცხადია - ეს არის ძაან შრომატევადი სამუშაო და... იმისათვის, რომ აპარატის თანამშრომლები იყვნენ უფრო მობილიზებულები და უფრო ეფექტური გახდეს პარლამენტის თითოეული წევრის მუშაობა...” (სტილი დაცულია)

გახდება თუ არა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა დღევანდელზე უფრო ნაყოფიერი, ალბათ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ის კი ფაქტია, რომ, ამ მოწვევის პარლამენტისათვის არცთუ დამახასიათებლად, ბიუროს სხდომამ და საკითხის განხილვამ მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.









XS
SM
MD
LG