Accessibility links

logo-print

ზღვარი სამართლიანობასა და თვითნებობას შორის.


სად გადის ზღვარი სამართლიანობასა და თვითნებობას შორის?


ალბათ, დაახლოებით ამგვარი კითხვა უჩნდებათ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს ადევნებენ თვალყურს. კერძო საკუთრების ჩამორთმევა სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე; მთავრობის მიერ ნაჩუქარი ბინების ჩამორთმევა სახელოვანი ადამიანებისთვის; საკუთრების ჩამორთმევა შემოქმედებითი კავშირებისთვის; ვეტერანებისთვის შეღავათების გაუქმება; საავადმყოფოების გადატანა თბილისის ცენტრიდან პერიფერიაში. - ამ გადაწყვეტილებების ასახსნელად ხელისუფლების წარმომადგენლები სამართლიანობის პრინციპს იშველიებენ, დაზარალებულები კი ხელისუფლების თვითნებობაზე საუბრობენ. ვინ დაეხმარება რიგით მოქალაქეს, რომ ზემოთ აღწერილი პროცესები ადეკვატურად შეაფასოს?

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა ისეთი, რაც ათვლის ერთი წერტილიდან სამართლიანია, მეორე წერტილიდან კი - უსამართლო. იმ პირველი წერტილიდან მოვლენებს ხელისუფლება აფასებს, მეორე წერტილიდან კი - საზოგადოების სხვადასხვა ფენა ან ჯგუფი, რომელიც ყოველი მორიგი ინიციატივის შედეგად ზარალდება.

ყველაფერი დაიწყო რეფორმების წყებით, რომელმაც ბევრი ადამიანი უმუშევარი დატოვა. ხელისუფლების ათვლის წერტილიდან ეს პროცესი ჩანდა, როგორც სამართლიანი და აუცილებელი: დაბალხელფასიანი, კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკების არმია უნდა შეცვლილიყო მაღალხელფასიანი, პროფესიონალი მუშაკების გუნდით, რომელიც კონკურსის საფუძველზე ჩამოყალიბდებოდა. უმუშევრად დარჩენილთა ათვლის წერტილიდან კი ჩანდა, რომ ადამიანებს აიძულებდნენ, განცხადებები დაეწერათ სამსახურიდან წასვლაზე, შემდეგ ფორმალურ კონკურსს ატარებდნენ და უკვე მაღალხელფასიან თანამდებობებზე პირადი ნდობის საფუძველზე შერჩეულ პირებს ნიშნავდნენ.

თუ ადამიანს სამართლიანობის გრძნობა არ ღალატობს, ხელისუფლების პოზიციას უნდა დაეთანხმოს - დაბალხელფასიანი ჩინოვნიკების არმია არც ერთ ქვეყანას არ სჭირდება. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ყველამ დაინახა მართვის ძველი სისტემის არაეფექტიანობა. მეორე მხრივ, ისევ სამართლიანობის გრძნობა უკარნახებს შორიდან თვალყურის მდევნებელ ადამიანს, რომ ყოველი მინისტრის მისვლასთან ერთად სამინისტროებში რეორგანიზაციის თავიდან დაწყება და კონკურსების თავიდან ჩატარება “თავისიანების” შემოკრების მცდელობას უფრო ჰგავდა, ვიდრე პროფესიონალების ძიებას.

სხვა მაგალითებზე დაწვრილებით რომ აღარ შევჩერდეთ, თითქმის ყველაფერში, რასაც ხელისუფლება ხმაურით აკეთებდა, - იქნებოდა ეს კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ბრძოლა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების გასუფთავება, ქურდების ინსტიტუტის დანგრევის მცდელობა, ქალაქების იერსახის მოწესრიგება, საუნივერსიტეტო რეფორმა თუ სხვა, - არ შეიძლებოდა, გაწონასწორებულ, მოფიქრალ ადამიანს სინათლის სხივი არ დაენახა. და მაინც, მუდამ რჩებოდა მეორე ათვლის წერტილი, საიდანაც თითქმის ყველაფერი კარგი ბათილდებოდა და ჩნდებოდა უპასუხო შეკითხვები, მაგალითად, ასეთი: სად წავიდა ჩინოვნიკებისთვის ჩამორთმეული თანხა ან რატომ შეეხო რეპრესიები კორუმპირებულთა მხოლოდ ერთ ნაწილს? იყო კი გულწრფელი ხელისუფლება, როდესაც სამართლიანობის სახელით სხვადასხვა შინაარსის კამპანიებს აწყობდა? იყო კი მართალი, როდესაც ქუჩებს ასუფთავებდა ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე? იყო კი თანმიმდევრული ქურდებთან ბრძოლაში? იყო კი ქვეყნის ბედზე დაფიქრებული საუნივერსიტეტო რეფორმის გატარებისას?

ამ კითხვებზე პასუხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გასცა, ოღონდ, ისევ ორაზროვანი: არჩევნებზე მისული ადამიანების უმრავლესობამ ხელისუფლებას დაუჭირა მხარი, ხოლო საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხს საერთოდ თავი აარიდა.

მოსახლეობის ამგვარმა პირდაპირმა და ირიბმა მხარდაჭერამ ხელისუფლება კიდევ მეტად გაააქტიურა. დაიწყო პროცესი, რომელიც, კანონისა და სამართლიანობის სახელით, ცხოვრებას სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უნგრევს. მაგრამ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია, ამიტომ ისევ არსებობს ათვლის ორი წერტილი. ერთ წერტილს ისევ ძალა ამაგრებს, მეორეს - ისევ ადამიანური ფაქტორი. ნებისმიერი, ვინც მხოლოდ ერთი წერტილიდან უყურებს პროცესებს, უსაფუძვლოდ ამარტივებს რთულ სიტუაციას. სწორედ იმიტომ რჩება როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის გამოუყენებელ რესურსად ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომ ორივე მხარე ვითარებას თავ-თავისი ათვლის წერტილიდან, გამარტივებულად ხედავს. ადამიანები კი აკვირდებიან მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მსჯელობენ, კამათობენ და სიმართლეს ეძებენ; ფაქტობრივად, ეძებენ ზღვარს სამართლიანობასა და თვითნებობას შორის. ის პოლიტიკური ლიდერი თუ პარტია, რომელიც ათვლის ორივე წერტილს დაინახავს და საზოგადოებას მათ შორის ზღვრის გავლებაში დაეხმარება, დღეისათვის არსებულ ყველაზე დიდ დეფიციტს შეავსებს.

.

XS
SM
MD
LG