Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


“მთელი კვირა” დღეს აქვეყნებს თინათინ ხიდაშელის წერილს, სათაურით “დოქსოპულოების ქვეყანა”.

ავტორს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიზანია უკანონო და უსამართლო ქმედებებით ოპტიმიზმის საბაბი და საკუთარი თავის იმედი მოუკლას მოქალაქეებს. ხიდაშელი მიმართავს მკითხველს: “ახალი თაობის დოქსოპულოებისთვის თქვენს დანაშაულად, შესაძლოა, ისიც საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ვარდების რევოლუციამდე დაიბადეთ, იცხოვრეთ და იშრომეთ. კიდევ უფრო უარესი, თუკი ვარდების რევოლუციამდე მოასწარით და ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ “კომუნისტური გადმონაშთი ხართ და არც რაიმე უფლებები გაგაჩნიათ, არც რაიმეს თქმა შეგიძლიათ, არც წუწუნი და აღშფოთება. ასეთია ვარდების ხელისუფლების ანგარიში, ასეთია რევოლუციური სამართლიანობა”, - წერს თინათინ ხიდაშელი გაზეთ “მთელ კვირაში”.

გაზეთის ამავე ნომერში გაეცნობით ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის სვეტსაც, სადაც ის კომპანია “ენერგო-პროს” მიერ საქართველოში მნიშვნელოვანი ენერგოობიექტების შეძენას ეხება და ინვესტორების გასაგონად ამბობს: “როგორც ერთი უბრალო მოქალაქე, მოკრძალებულად ვურჩევ ანონიმ ინვესტორებს, ხელშეკრულების საბოლოოდ გაფორმებამდე კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდნენ. მინდა მათ იცოდნენ, რომ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ხოლო ინვესტიციების დაცვის ერთადერთი რეალური პოლიტიკური გარანტია მხოლოდ კანონი შეიძლება იყოს”, - წერს “მთელ კვირაში” გია ხუხაშვილი.

დღევანდელ პრესაში ქვეყნდება არაერთი პუბლიკაცია ოპოზიციის შესახებ. შეიტყობთ, რომ ოპოზიცია კვლავაც გაერთიანებაზე მსჯელობს, რომ მზად არის კონკრეტულ საკითხებზე პრეზიდენტთან სასაუბროდ. ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის ლიდერი მიხეილ ნანეიშვილი კი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ასე აფასებს ოპოზიციას: “პირადად მე ოპოზიციაში ვერანაირ სერიოზულ და ანგარიშგასაწევ ძალას ვერ ვხედავ. თუმცა რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ შეიძლება სერიოზული მნიშვნელობა შეიძინოს მაშინ, თუ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც მეგობრულად განაგებენ საქართველოს, გააძლიერებენ მას. ასეთი მხარდაჭერის შემთხვევაში რომელიმე ოპოზიციური ძალა შეიძლება სერიოზულ ძალად იქცეს. თავისი ბუნებრივი მონაცემებით ანგარიშგასაწევი არც ერთი არ არის. სწორედ გარეშე ძალის მხარდაჭერით გაძლიერდა ის ძალაც, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში”, - ამბობს მიხეილ ნანეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

მიმოხილვის დასასრულს გაგაცნობთ ერთ პუბლიკაციას, რომელიც საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებისა და კოსოვოს მომავლის ურთიერთმიმართებას შეეხება. პუბლიკაციის ავტორი გახლავთ ამერიკელი ექსპერტი დევიდ სმიტი, რომელიც ფიქრობს, რომ აფხაზეთსა და კოსოვოს შორის რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავლებული პარალელი “აბსოლუტური სისულელეა და მეტი არაფერი”: “ვინმემ პარალელი რომ გაავლოს ჩეჩნეთთან, პუტინი ყვირილს მოჰყვება, რადგან ეს რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკაა და განსხვავდება კოსოვოსგან და რუსეთის პრეზიდენტი მართალიც იქნება. აფხაზეთიც ასევე განსხვავდება კოსოვოსგან”, - წერს დევიდ სმიტი “24 საათში” და დასძენს: “მსოფლიოს იმის ერთი მეათედი ინტერესი რომ გამოეჩინა აფხაზეთის მიმართ, რაც კოსოვოსადმი გამოამჟღავნა, ყველაფერი საკმაოდ სწრაფად შეიცვლებოდა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG