Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან საქართველოში ქართველების დაბრუნების პროცესი გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სამწუხაროდ, გამართლდა ბოლო დღეების რუსეთის პრესის პროგნოზი, რომ უახლოეს ხანში რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საეჭვო იყო.

6 თებერვალს მოსკოვში მოლაპარაკებები ისე დასრულდა, რომ თბილისი-მოსკოვის რეისის აღდგენის კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. არადა, როგორც რუსეთის მედია წერს, რუსეთიდან საქართველოში ქართველების დაბრუნების პროცესი გრძელდება. ვინ და რატომ ბრუნდება სამშობლოში?

თავდაპირველად, რამდენიმე მონაცემი: 5 თებერვლის ”ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, 2006 წლის ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 940 ადამიანი იყო დეპორტირებული - თითქმის იმდენივე, რამდენიც წინა სამი თვის მანძილზე. კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა რუსეთი, საკუთარი ნებით, დეპორტაციამდე დატოვა, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა”, რომლის ინფორმაციითაც, 2006 წლის სექტემბრამდე, როცა საქართველოში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს, ყოველწლიურად რუსეთში გასამგზავრებელ ვიზას საქართველოს 100 ათასი მოქალაქე იღებდა.

”ანტიქართული პოლიტიკის მეშვეობით, მოსკოვის მილიციამ ხელი შეუწყო ქართველი სპეციალისტების სამშობლოში დაბრუნებას,” - წერს ჟურნალი ”ოგონიოკი”, რომელიც დიდ პუბლიკაციას უთმობს ე.წ. მოსკოველი ქართველების თემას. ჟურნალის ცნობით, ბოლო თვეებში საქართველოში საკუთარი ნებით 2 ათასი ქართველი დაბრუნდა - მათ უმეტესობას დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა, ანუ დეპორტაცია არ ემუქრებოდა. უბრალოდ, ნაკლებად გაუმართლათ გვარის მხრივ, - წერს ”ოგონიოკის” სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც თბილისში ყოფნისას შეხვდა დავით ბერიტაშვილს, ბიოლოგს, მოსკოვის ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრს, ასე ვთქვათ, მოსკოველს, 45 წლიანი სტაჟით, რომელსაც პასპორტიც წესრიგში ჰქონდა და ბინასაც ფლობს მოსკოვში. ”თბილისში დავბრუნდი. შვილები მყავს. არ მინდა, განუწყვეტლივ ცხვირში სჩრიდნენ ჩემს გვარს,” - ასე განმარტავს სამშობლოში დაბრუნების მიზეზს დავით ბერიტაშვილი.

სამშობლოში დაბრუნდა დავით თაბაგარიც, ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის თანამშრომელი, რომელმაც თბილისში უკვე გახსნა კერძო კლინიკა. იანვრიდან თბილისში ცხოვრობს კარდიოლოგი ირაკლი ბერიძე, ცნობილი კარდიოლოგის, ლეო ბოკერიას, ერთ-ერთი მოწაფე. ის მალე ახალ კარდიოლოგიურ კლინიკაში დასაქმდება. ”სამშობლოში დაბრუნებული მოსკოველი ქართველების თქმით, მოსკოვში დარჩენილი ქართველები, ვინც წლების მანძილზე ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში, სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ თბილისში შესაძლო დაბრუნების მიმართ: კითხულობენ, რა ღირს ბინა, რამდენად შესაძლებელია სამსახურის შოვნა, კანონმდებლობის გათვალისწინებით, რთულია თუ არა ბიზნესის დაწყება,” - წერს ჟურნალი ”ოგონიოკი”, რომლის ვარაუდითაც, დღეს სამშობლოში ბრუნდებიან ის ქართველები, რომელთაც რუსეთში საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთის მედიცინის, მეცნიერების, კულტურის განვითარებაში და ვისაც შიშის ქვეშ რუსეთში ცხოვრება საკუთარი ღირსების შელახვად მიაჩნია.

და კიდევ ერთი ცნობა, რომელიც უკვე რუსეთის მოქალაქეს ეხება: 6 თებერვლის გაზეთ ”კომსომოლსკაია პრავდას” ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა მსახიობ სტანისლავ სადალსკის - საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მსახიობმა საქართველოს პრეზიდენტს შარშან ოქტომბერში მიმართა, როცა ანტიქართულმა კამპანიამ პიკს მიაღწია. როგორც ”კომსომოლსკაია გაზეტას” განუცხადა მსახიობმა, 13 თებერვალს ის, საქართველოს პრეზიდენტის მიწვევით, შოთა რუსთაველის თეატრში გამოვა - მართალია, მოსკოვსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილია, მაგრამ სპექტაკლის მონაწილეთა თბილისში ჩამოსასვლელად სპეცრეისი დაინიშნა. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეობას, მსახიობმა ის შეინარჩუნა, რადგან, რუსეთის კონსტიტუციით, ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია. უბრალოდ, საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მსახიობი ვერ იქნება რუსეთის თავდაცვის მინისტრი ან დეპუტატი.
XS
SM
MD
LG