Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუშმა 2008 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა


ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.

პროექტის თანახმად, პირველი ოქტომბრიდან თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხა 624 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილია ერაყსა და ავღანეთში ომის წარმოებისთვის.

2008 წლის ბიუჯეტში სამხედრო სფეროსთვის ყველაზე დიდი თანხებია გათვალისწინებული. თუკი დოკუმენტი ძალაში შევა, პენტაგონს 11 პროცენტით გაეზრდება ბიუჯეტი.

ბიუჯეტის პროექტით ცალკეა გათვალისწინებული 142 მილიარდი დოლარი ერაყსა და ავღანეთში ომის დასაფინანსებლად. საერთო ჯამში პრეზიდენტი სამხედრო ბიუჯეტისთვის 624 მილიარდ 600 მილიონ დოლარს ითხოვს.

როგორც ორშაბათს თქვა ბუშმა, უშიშროება უმთავრესი პრიორიტეტია ამერიკისთვის.

[ბუშის ხმა] "ჩვენი პრიორიტეტია ამერიკელი ხალხის დაცვა. ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი ჯარების უზრუნველყოფა იმით, რაც საჭიროა მათი ამოცანის შესასრულებლად. გვაქვს სხვა პრიორიტეტებიც - ეროვნული პარკები, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა."

თქვენს ყურადღებას მივაპყრობ სამხედრო ბიუჯეტის ზოგიერთ დეტალს:

-
თითქმის 10 მილიარდი დოლარი უნდა მოხმარდეს ერაყსა და ავღანეთში უშიშროების ძალების წვრთნას.
-

-
ავღანეთისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც დღეისთვის 968 მილიონ დოლარს შეადგენს, პირველი ოქტომბრიდან გაიზრდება და მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ეს დამატებითი თანხა მოხმარდება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას და სამთავრობო უწყებების გაძლიერებას.
-

-
უფრო ხანგრძლივი პერსპექტივის სამხედრო პრიორიტეტებიდან ვახსენებ ერთს. 12 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო დესანტის 92 ათასი ჯარისკაცით შესავსებად.

სამხედრო ბიუჯეტი მოიცავს აგრეთვე დაფინანსებას შეიარაღების ახალი სისტემებისთვის. მათ შორის ახალი თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და გემებისთვის.

სამხედრო ბიუჯეტის გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიცავს დაფინანსებას სამოქალაქო ხარჯებისთვისაც. შეერთებული შტატების მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მთლიანობაში 2 ტრილიონ 900 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ახლა პრეზიდენტის მოთხოვნას კონგრესი განიხილავს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის მანძილზე. საბოლოოდ კანონმდებლებმა უნდა მოიწონონ ან შეცვალონ იგი.

ოპოზიციური დემოკრატიული პარტია, რომელიც კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებს, მიიჩნევს, რომ ბუშის მიერ წარმოდგენილი პროექტი უპასუხისმგებლოა.

[კონრადის ხმა] "პრეზიდენტის წინადადებები, თუკი ისინი იმ სახით მივიღეთ, როგორც მან ისინი წარმოადგინა, ვალების უფსკრულში გადაგვჩეხავს."

ეს გახლდათ დემოკრატი სენატორი, სენატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე კენტ კონრადი.

2008 წლის ბიუჯეტის პროექტში 239 მილიარდი დოლარის ოდენობის დეფიციტია გათვალისწინებული.

გარდა ამისა, ოპოზიცია უკმაყოფილოა იმის, რომ ბიუჯეტის პროექტში ძალზე ცოტა ყურადღება ეთმობა განათლებას, ტრანსპორტსა და ჯანდაცვის პროგრამას.

ჯერჯერობით ძნელია იმის განჭვრეტა, როგორ აისახება მომავალი ბიუჯეტი სამხედრო კამპანიებზე ერაყსა და ავღანეთში. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჯორჯ ბუშს ჯერ კონგრესში მოუხდება დიდი ბრძოლების გადატანა.
XS
SM
MD
LG