Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიჭირეს ირინა სარიშვილი და ვინ დგას ჩეხური კომპანია ”ენერგო-პროს” უკან?


სამშაბათის ქართული პრესის მთავარი თემაა საქართველო-სომხეთის საზღვარზე პოლიტიკური ორგანიზაცია ”იმედის” ლიდერის, ირინა სარიშვილის, დაკავების ფაქტი

და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის შორსმიმავალი დასკვნები, რამაც ბევრი სპეკულაცია წარმოშვა. ”რა საერთო აქვს ირინას ფულთან და ოქროსთან აკაკი ასათიანს, ირაკლი მელაშვლს და გოჩა ჯოჯუას?” - სვამს კითხვას გაზეთი ”ალია” მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ირინა სარიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა: ”თარგამაძე განმარტავს, რომ ირინა სარიშვილი ამ ქვეყანაში გიორგაძის ”უკანასკნელი მოჰიკანი” არ არის, რომელშიც ჩვენი მტრების დივიდენდები იდება. თუ მას დააკავებენ ან ჯარიმას დააკისრებენ, გამოჩნდებიან სხვები, უფრო შეუმჩნეველი პოლიტიკოსები, რომლებშიც გიორგაძე ფულს დააბანდებს, ამბობს თარგამაძე და ეროვნული ფორუმის წევრებს - გოჩა ჯოჯუას, ირაკლი მელაშვილს და მათგან განდევნილ აკაკი ასათიანს შეახსენებს, გვიფრთხილდით, ბატონებო, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერი ვიცითო,” - წერს გაზეთი ”ალია”.

ბევრი შეკითხვა აქვს გაზეთ ”რეზონანსსაც”, თუმცა ამ შემთხვევაში შეკითხვების ადრესატი ჩეხური ფირმა ”ენერგო-პროა”, რომლის წარმომავლობა ქართველ ექსპერტებში ბევრ ეჭვს იწვევს. კერძოდ, არსებობს ვარაუდი, რომ კომპანიის უკან, შესაძლოა, იდგეს რუსული კაპიტალი. ამჯერად კი ეჭვი გაზეთ ”რეზონანსს” კომპანია ”ენერგო-პროს” თბილისურმა ადგილმდებარეობამაც გაუძლიერა: ”9 თვიანი მოლაპარაკებები დასრულდა - ”ენერგო-პროსთან” შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ის ”სოლიდური კომპანიაა”. თუმცა ამ სოლიდურმა კომპანიამ, რომელიც საქართველოს ენერგოობიექტებში 427 მილიონიან ინვესტიციას აბანდებს, თავისი ოფისი გამსახურდიას 39-ში, ე.წ. ”ხრუშჩოვკაში”, განათავსა”, წერს გაზეთი “რეზონანსი”. გაზეთ ”ალიას” ვარაუდით კი, ”ენერგო-პროს” მფლობელი ჩეხეთში მოღვაწე ბიზნესმენი პაატა მამალაძეა, რომელმაც საქართველო 15 წლის წინ დატოვა და რომელიც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის თანასოფლელი და ნათესავია. ”

ქართულ პრესაში ასევ არ წყდება პირადი ქონების ჩამორთმევის ფაქტების კომენტირება და განზოგადება. გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულია ვრცელი პუბლიკაცია, სათაურით ”შიში”, რომლის ავტორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ობიექტებს შერჩევით ანგრევს და საზოგადოებაში საკუთრების წართმევის შიშს თესავს: ”არგუმენტს, რომ შევარდნაძის კორუმპირებული მთავრობის დროს ყველაფერი უკანონოდ კეთდებოდა, არანაირი სამართლებრივი ან მორალური წონა არ გააჩნია. იმ შეცდომის თუ დანაშაულის გამოსწორება, რაც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ხდებოდა, ხელისუფლების და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და არა იმ ადამიანების, რომელთაც საკუთრება იმ დროს დადგენილი თამაშის წესების დაცვით შეიძინეს. სხვა პრეცედენტების დაშვების შემთხვევაში, ნებისმიერ ხელისუფლებას საშუალება ექნება, წინა ხელისუფლების დროს გაცემულ საკუთრებას გადახედოს, რაც, საბოლოო ჯამში, კატასტროფამდე მიიყვანს ნებისმიერ, საბაზრო ეკონიმიკაზე ორიენტირებულ, სახელმწიფოს.”

ქონების ჩამორთმევის უარყოფით ეფექტზე წერს გაზეთი ”ახალი თაობაც”, სადაც ამ პრობლემაზე გამოქვეყნებულ სტატიას ლაიტმოტივად გასდევს ქართველ ”ლეიბორისტთა” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, ერთი ნიშანდობლივი ფრაზა. ”ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა მყიდველს, ვინც შეეხება და შეყოფს თათს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სხვის საკუთრებაში, ვინც შეიძენს, დაიკანონებს და იმ ნაცოდვილარ ადგილზე ააშენებს თავის მრავალსართულიან კორპუსს თუ დიდ რაიმე ობიექტს, მათ ეს აუცილებლად ჩამოერთმევათ,” - აცხადებს შალვა ნათელაშვილი, რომლის ციტატაც გაზეთ ”ახალ თაობას” მოჰყავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG