Accessibility links

logo-print

ბორის ბერეზოვსკი პირველ ინტერვიუს იძლევა ლიტვინენკოს მკვლელობასთან დაკავშირებულ დეტალებზე


დღესდღეობით, ალბათ, ყველაზე უფრო ცნობილმა რუსმა ემიგრანტმა, ლონდონში მცხოვრებმა მულტიმილიონერმა ბორის ბერეზოვსკიმ

სამშაბათს პირველად უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვებს ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილთან დაკავშირებულ დეტალებზე. ეს ჟურნალისტი ჩვენი კოლეგა გახლდათ - ლონდონში “რადიო თავისუფლების” რუსული სამსახურის კორესპონდენტი, ნატალია გოლიცინა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლიტვინენკო, რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტი, 23 ნოემბერს გარდაიცვალა რადიოაქტიურ ნივთიერება პოლონიუმ 210-ით მოწამვლის შედეგად. ლიტვინენკო რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ ოპონენტად ითვლებოდა.

ბერეზოვსკი როგორც ამბობს, ლიტვინენკო ვარაუდობდა, რომ ის ანდრეი ლუგოვოიმ მოწამლა. ლუგოვოიც რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტია და, სხვათა შორის, რამდენჯერმეა ნამყოფი თბილისში.

მაგრამ ლონდონს დავუბრუნდეთ. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, როდის გამოთქვა ალექსანდრ ლიტვინენკომ ვარაუდი მკვლელის ვინაობაზე, ბერეზოვსკიმ ასე უპასუხა:

[ბერეზოვსკის ხმა] “პირველად რომ მივედი საავადმყოფოში საშას (ლიტვინენკოს) მოწამვლის შემდეგ, მაშინ მითხრა - და მაშინ აქტიურად განიხილებოდა (უშიშროების საკითხების იტალიელი ექსპერტის, მარიო) სკარამელას ვერსია - საშა მაშინ უცებ მეუბნება: “იცი, ბორის, მე თვითონ მაქვს ვერსია, რომელსაც საჯაროდ ახლა არ ვამხელ, მაგრამ სიმართლე მგონია. მე ლუგოვოის შევხვდი იმ დღეს, როცა ცუდად გავხდი. მარტო მას არა - მასთან ერთად იყო კოვტუნი და კიდევ ერთ კაცი, რომელიც პირველად ვნახე. ვფიქრობ, რომ სწორედ მათ მომწამლეს.” სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. ლუგოვოის მონაწილეობაზე ინფორმაცია ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მეტს გეტყვით - ზუსტად ერთი დღით ადრე, 31 ოქტომბერს, ლუგოვოი ჩემთან ოფისში იყო მოსული. ერთი ბოთლი თეთრი ღვინო გამოვცალეთ - ჩვენ ორმა. სხვა არავინ ყოფილა. და ის, რაც მომდევნო დღეს მოხდა და ის ფაქტი, რომ საშა ლიტვინენკომ ლუგოვოიზე მიიტანა ეჭვი, მან მომწამლაო - რასაკვირველია, სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის. მჯერა თუ არ მჯერა? იცით, მძიმე ცხოვრებისული გამოცდილება, ბოლო წლებში რომ მომყვება, მკარნახობს, რომ ამის გამორიცხვა, რასაკვირველია, არ შეიძლება. მეტიც - ჩემი ეჭვები ბოლოხანს გაცილებით უფრო გამყარდა. რადგან ლუგოვოისთვის ძალიან ადვილია მის შესახებ ყველა ეჭვის გაქარწყლება - უბრალოდ, თვითმფრინავში ჩაჯდებოდა და ჩამოფრინდებოდა დიდ ბრიტანეთში და ნებაყოფლობით მივიდოდა "სკოტლენდ იარდში". ინგლისურ მართლმსაჯულებასთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რომ თუ დარწმუნებული ხარ საკუთარ სიმართლეში, უმცირესი შანსიც კი არ არსებობს, რომ უკანონოდ დაგიწყონ სამართლებრივი დევნა და გახდე სამართლებრივი თვითნებობის მსვხერპლი.”

ლონდონში ჩვენი რადიოს კორესპონდენტის შემდეგი შეკითხვა იყო, ახსნა თუ არა ალექსანდრ ლიტვინენკომ, რას ეფუძნებოდა მისი ეჭვი, რომ ის ლუგოვოიმ მოწამლა?

[ბერეზოვსკის ხმა] “კი, საშამ ამიხსნა. მან მითხრა, რომ, როგორც ჩანს, “ყოფილები” მართლაც არ არსებობენ. კაგებეს და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს ვგულისხმობ. ლიტვინენკო ფიქრობდა, რომ ლუგოვოი დავალებას ასრულებდა. პირველი ეტაპი იყო საშა ლიტვინენკოსთან ახლოს მისვლა, მისი დაინტერესება რაღაც ინფორმაციით, ხოლო მეორე ეტაპი - უბრალოდ, ბრძანების შესრულება, მოკვლა. მას შემდეგ, რაც პუტინმა - ამ 7-8 თვის წინ - ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც დაშვებულია სასამართლოსა და გამოძიების გარეშე მოკლა რეჟიმის ოპონენტები საზღვარგარეთ - პრინციპში, პოლიტიკური ოპონენტები - საშა ლიტვინენკოს ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის ამ ბრძანებულების გამოსვლის შემდეგ, რომ ჩვენ ვართ პირველები რიგში - ის, (ჩეჩენი მეამბოხეების ბრიტანეთში ემიგრირებული წარმომადგენელი ახმედ) ზაკაევი, მე. კი, სხვებიც არიან, მაგრამ პირველები ჩვენ ვართ ამ სიაში”.

თუ ლუგოვოის ლიტვინენკოს მოწამვლა შეეძლო, რატომ არ სცადა პოლონიუმით ბერეზოვსკის მოწამვლაც? ცნობილ რუს ემიგრანტს ჩვენმა კორეპსონდენტმა, ნატალია გოლიცინამ ეს შეკითხვაც დაუსვა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლუგოვოის ამის შანსი ჰქონდა კიდეც, როცა ბერეზოვსკისთან ერთად 31 ოქტომბერს ღვინოს სვამდა.

[ბერეზოვსკის ხმა] “თქვენ ეს სავსებით სამართლიანად შენიშნეთ: რისკი, რომლის წინაშეც საშა (ლიტვინენკო) იდგა, რომლის წინაშეც მე და ზაკაევი ვდგავართ, ზუსტად ერთნაირია. ამიტომ, რასაკვირველია, თავს იჩენს შეკითხვა, რატომ მოკლეს საშა და არა მე? მე მარტო ვარაუდების გამოთქმა შემიძლია, რადგან ასეთი შეკითხვა მე კი არ უნდა დამისვათ, არამედ დაუსვათ იმას, ვინც ლუგოვოის მისცა დავალებები. თუმცა, ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ სწორედ ლუგოვოია ის ადამიანი, რომელიც დავალებას ასრულებდა. საშამ (ლიტვინენკომ) თავისი ეჭვი გამოთქვა. იმის გამო, რომ ლუგოვოის ეშინია აქ ჩამოსვლის - ზუსტად ამ სიტყვას ვხმარობ - ეშინია აქ ჩამოსვლის, უბრალოდ, კიდევ უფრო იზრდება ეს ეჭვი. მაგრამ ვფიქრობ, არსებობდა იმის მიზეზიც, რატომ მაინცდამაინც საშა და რატომ მაინცდამაინც ახლა. საშა (ლიტვინენკო) მიყვებოდა, რა ოპერაციებში მონაწილეობდა იმ მომენტისთვის. არა, პრინციპში, ოპერაციებში კი არა, ვის წინააღმდეგ შეაგროვა ძალიან სერიოზული მტკიცებულებები - საქმე კრიმინალურ ბიზნესში მათს მონაწილეობას ეხებოდა. ვიცნობდი რა საშას, მესმოდა, რომ ეს მართლა სერიოზული ამბავია, რადგან ის ასეთ საქმეს ძალიან კარგად აკეთებდა”.

ბორის ბერეზოვსკის შემდეგ პასუხში ქართველი ბიზნესმენი, ბადრი პატარკაციშვილიც ფიგურირებს. ეს არის პასუხი შეკითხვაზე, რამდენი ხანია, რაც ბერეზოვსკი ანდრეი ლუგოვოის იცნობს?

[ბერეზოვსკის ხმა] “ლუგოვოი გამოჩნდა მაშინ, როცა ეგორ გაიდარი გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან (1992 წლის ბოლოს). მანამდე ლუგოვოი, მე როგორც ვიცი, გაიდარის დაცვას ხელმძღვანელობდა. ჩემთან ეგორ გაიდარმა გაუწია რეკომენდაცია ლუგოვოის - როგორც წესიერ, პატიოსან ადამიანს, რომელიც შეძლებდა ჩემი დაცვის უზრუნველყოფას. ერთმანეთი გავიცანით და ანდრეიმ მართლაც შეძლო მთელი აუცილებელი სტრუქტურის შექმნა. ჩემს დაცვაში კაგებეს მე-9 სამმართველოს ძალიან ბევრი ყოფილი თანამშრომელი მუშაობდა, მათ შორის სწორედ ლუგოვოიც. მერე ბადრიმ (პატარკაციშვილმა) - ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა და პარტნიორმა - შემომთავაზა ლუგოვოი OPT-ს, რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის - ამ უზარმაზარი სტრუქტურის - დაცვის ხელმძღვანელად. სწორედ ლუგოვოი უწევდა ორგანიზებას OPT-ს დაცვას. მას შემდეგ, რაც მან ამ პოსტზე მუშაობა დაიწყო, ჩვენს შორის კონტაქტი შესუსტდა, მაგრამ მაინც არსებობდა. ზოგჯერ ვურთიერთობდით და საკმაოდ ნაყოფიერადაც. ბოლოს მასთან ურთიერთობა მქონდა ლონდონში, ამ მოვლენებამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე. ჩემი ქალიშვილი რუსეთში გაემგზავრა და მე ლუგოვოის ვთხოვე მისი დაცვის ორგანიზება. და როცა ლონდონში ჩამოვიდა და ერთმანეთს შევხვდით 31 ოქტომბერს, სწორედ ამის გამო მინდოდა (ლუგოვოისთვის) მადლობის გადახდა, რომ დამეხმარა ჩემი ქალიშვილის მგზავრობისას მისი დაცვის ორგანიზებაში.”

დაბოლოს, ლიტვინენკოს მკვლელობის გამოძიებას რაც შეეხება: რა მიზანს ისახავს რუსეთის გენერალური პროკურატურა, როცა დაჟინებით მოითხოვს ლონდონში ასზე მეტი ადამიანის დაკითხვას?

[ბერეზოვსკის ხმა] “მოდით, თავიდან დავიწყოთ. პირველ რიგში, სავსებით ნათელია, რომ გენერალური პროკურატურა არის დანაშაულებრივი, ბანდიტური ორგანიზაცია, რომელიც მსახურობს ინსტრუმენტად ხალხის დასათრგუნად და რომელშიც იმავე მენტალიტეტის ხალხი ზის, როგორიცაა თვით პუტინი და არიან სხვები, ვინც ახლა ზის კრემლში. სწორედ ეს ეხმარება კაცს იმის მაშინვე ამოცნობაში, რა არის მათი მოთხოვნის მიზანი, მათი გამოძიების მიზანი. მოდით ასე მივუდგეთ საქმეს: ვიცით, რომ “სკოტლენდ იარდმა” უკვე დაასრულა გამოძიება. ნათელია, რომ ეს გამოძიება პროფესიულად და მიუკერძოებლად ჩატარდა. პრესაში გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ “სკოტლენდ იარდისთვის” უკვე ცნობილია, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული და საკმაოდ კარგად ესმის, ვინ დგას ამ დანაშაულის უკან: კერძოდ, სახელმწიფო. ეს კარგად მოეხსენებათ რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურაშიც. ამიტომ მათი ყველა მოქმედება უნდა მივიჩნიოთ მანევრად, რომელიც, უდავოდ, ყურადღების სხვაგან გადატანას ემსახურება. მათთვის “სკოტლენდ იარდზე” არანაკლებ კარგად არის ცნობილი, ვის მიერ იყო შეკვეთილი და ვის მიერ შესრულებული ეს დანაშაული - ის კი არა, მათ გაცილებით მეტი იციან, რადგან პირველწყაროდან იღებდნენ ინფორმაციას. ჩემი დამოკიდებულება ძალიან მარტივია. რაც “სკოტლენდ იარდს” დაეხმარება, ყველაფერს გავაკეთებ - თუნდაც საკუთარი რისკის ფასად. ამიტომაც ვთქვი, რომ მზად ვარ, შევხვდე რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორს, თუ ეს დაეხმარება “სკოტლენდ იარდის” გამოძიების წინსვლას. რუსეთი, ამ შემთხვევაში, შანტაჟს უწევს “სკოტლენდ იარდს” - ამბობს, რომ კიდევ ერთხელ მოგცემთ (ეჭვმიტანილებისა და მოწმეების) დაკითხვის საშუალებას, თუ თქვენ მოგვცემთ დაკითხვის საშუალებას. მე ვთქვი, რომ “კი ბატონო, დამკითხონ, თუ ეს დაეხმარება “სკოტლენდ იარდს” იპოვოს ის, ვინც მოკლა ჩემი მეგობარი”. ამ მხრივ, ჩემი პოზიცია სულ არ განსხვავდება ალექსანდრ ლიტვინენკოს ცოლის, მარინას პოზიციისაგან. ჩვენ არ დავუშვებით ამ გამოძიების შეჩერებას და ბოლომდე გავივლით გზას დანაშავეების მოსაძებნად”.
XS
SM
MD
LG