Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგებს თუ არა რუსეთი პასუხს ევროპის სასამართლოს წინაშე


ევროპის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებზე, კერძოდ, ჩეჩნეთთან დაკავშირებულ საქმეებზე გესაუბრებით.

გასული ხუთი წლის მანძილზე რუსეთს ყველაზე ხშირად ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოსა და მის წინამორბედ უწყებებში უჩიოდნენ. მომჩივანთა აზრით, სტრასბურგის ეს სასამართლო რუსეთის კორუმპირებული და არაპროფესიონალური სასამართლო სისტემის ერთადერთი იურიდიული ალტერნატივაა. როცა სასამართლომ პირველი განაჩენი გამოიტანა ჩეჩენ მოქალაქეთა სასარგებლოდ, უცბად წამოვიდა მომჩივანთა დიდი ტალღა. წარმოიდგინეთ, 2006 წელს რუსეთის მოქალაქეთა 12000 სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში. ეს მეხუთედია საერთოდ იქ შეტანილი ყველა საჩივრისა. ამ ფონზე, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ მხოლოდ 102 შემთხვევაში მიიღო. ახლა რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ. დავიწყოთ მარზეტ იმაკაევას საქმით. ამ ჩეჩენ ქალს ქმარი და 25 წლის ვაჟი უგზო-უკვლოდ დაეკარგა მას მერე, რაც რუსეთის სამხედროებმა ისინი დააპატიმრეს. იმაკაევას თანახმად, 2000 წელს მოწმეებმა ნახეს, როგორ წაიყვანეს რუსეთის ჯარისკაცებმა მისი ვაჟი, როცა ის, საყიდლებზე წასული, მეზობელი სოფლიდან დაბრუნდა. ქმარი კი, მისივე ნაამბობის მიხედვით, ორი წლის შემდეგ დააპატიმრეს:

(იმაკაევას ხმა) “ერთ დღეს საშინელი ხმაური გავიგონე ჩვენს ეზოში, რომელიც, როცა გავიხედე, სავსე იყო რუსი სამხედროებით. ნაწილი ნიღბებით იყო, ნაწილი - უნიღბოდ. რაღაცას ეძებდნენ, გადაატრიალეს იქაურობა. შემდეგ ჩემი ქმარი მანქანაში ჩასვეს და წავიდნენ. მას მერე ქმარიცა და შვილიც დაკარგულია.”
სადაც არ მიმართა იმაკაევამ წერილობით, ყველგან ეუბნებოდნენ, რომ მათ არ დაუკავებიათ. შემდეგ შუამავალი გაუგზავნეს და სთხოვდნენ სასამართლოდან სარჩელი გაეტანა. შუამავალმა მითხრა, საშიშია, რაღაცას დაგმართებენო, ამბობს იმაკაევა. მაგრამ ის მუქარამ არ შეაშინა და სტრასბურგამდე მივიდა. მის მსგავსად, სტრასბურგს მიმართავს უფრო და უფრო დიდი რაოდენობა ჩეჩნებისა, რომელთა მიზანია პასუხი აგებინონ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში მისი ჯარების მიერ ჩადენილი საშინელებებისთვის. ოლგა ვიშნიოვსკაია სასამართლოში მუშაობს, როგორც რუსი ადვოკატი. მისი თქმით, მომჩივანთა უმეტესობა ახლობლების უგზო-უკვლოდ დაკარგვისა და დახოცვის გამო უჩივის რუსეთის უშიშროებას:

(ვიშნიოვსკაიას ხმა) “სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ გარკვეული ტენდენცია შეინიშნება. უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ საქმეები საკმარისად ბევრია. საჩივრები მოდის როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ასევე მეზობელი ინგუშეთიდან და დაღესტნიდან. ნათესავები ჩივიან, რომ მათი ახლობლები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა დააკავეს, მაგრამ თუ ვინ, კერძოდ, არ ამბობენ. ეს ხალხი კი ქრება და არავინ იცის, რა ბედი ეწევათ მათ შემდეგ.”

რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების თანახმად, 3000-დან 5000-მდე შემთხვევაა ცნობილი მოქალაქეთა დაკარგვისა (შიშობენ, რომ ისინი უკვე დაიხოცნენ) 1999 წელს, ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის ჩახშობის მიზნით, დაწყებული ომის შემდეგ. და ახლა, უცბად, რუსეთი იძულებული ხდება აღიაროს ამ დანაშაულობათა მასშტაბები. 2006 წელს სტრასბურგის სასამართლომ მიიღო პირველი დადგენილება, რომლის თანახმად, რუსეთი პასუხს აგებს ჩეჩნეთში მოქალაქეთა დაღუპვაზე. იმაკაევას შემთხვევაში, სასამართლომ, კომპენსაციის სახით, რუსეთს 90 ათასი ევროს გადახდა დააკისრა მისი ვაჟისა და ქმრის დაკარგვის გამო. 70 ათასი ევროს გადახდა მოუხდა რუსეთს ნურა ლულიევას ნათესავებისთვის. ლულიევა მედდად მუშაობდა. მისი გვამი 2001 წელს ნახეს საძმო საფლავში. ის გროზნოში ბაზარზე რეიდის დროს დააკავეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლულიევა ცემისგან გარდაიცვალა. 2006 წლის სასამართლომ კიდევ ერთხელ დააკისრა რუსეთს პასუხისმგებლობა 2000 წელს ექვსი ჩეჩენი მოქალაქის - მათ შორის, ორსული ქალისა და 3 წლის ბავშვის - დახვრეტისთვის. ბოლო განაჩენით, - ის 18 იანვრით თარიღდება,- რუსეთის არმიის მიერ ორი ჩეჩენი ძმის წამების გამო, სახელმწიფოს, კომპენსაციის სახით, ორივე მოქალაქისთვის 38-38 ათასი ევროს გადახდა დაევალა. მას მერე, რაც რუსეთი ევროპის საბჭოს წევრია, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის იურიდიული ძალის მქონეა და, როგორც ვიშნიოვსკაია ამბობს, მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი ამ თანხების გადახდაზე.
მაგრამ არ ჩანს ნიშანი, რომ რუსეთი ასრულებს სასამართლოს უფრო მნიშვნელოვან მოთხოვნას, მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ამ დანაშაულობათა ჩამდენნი, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს მომავალში. სვეტლანა განუშკინა უფლებადამცავია. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მოსკოვი დაარწმუნოს: უფლებათა დარღვევის შესაჩერებლად მას მეტი ძალისხმევა სჭირდება.

(განუშკინას ხმა)
“ეს მდიდარი სახელმწიფოა, ნავთობით მდიდარი, იხდის ამ თანხებს და ამით ამთავრებს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ევროპის სასამართლომ მოითხოვოს არა მხოლოდ მატერიალური კომპენსაციის გადახდის დადგენილების შესრულება, არამედ ამ გადაწყვეტილების სხვა შემადგენელი ნაწილებისაც. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ ეს საკმარისად ეფექტურად კეთდებოდეს.”

ამის მაგალითია ფატიმა ბაზორკინას შემთხვევა. ამ ჩეჩენმა ქალმა უჩივლა რუსეთის მთავრობას მას მერე, რაც ტელევიზიით იხილა კადრები, თუ როგორ ბრძანებდა რუსი ოფიცერი მისი ვაჟის დასჯას. ბაზორკინას სასარგებლოდ სასამართლომ ზარალის ასანაზღაურებლად 35 ათასი და ხარჯების დასაფარად 13 ათასამდე ევროს გადახდა დააკისრა რუსეთს. გენერალმა ბარანოვმა კი, რომელიც კადრებში მოჩანდა, თუ როგორ გასცემდა მისი ვაჟის მოკვლის ბრძანებას, რუსეთის გმირის მედალი მიიღო და ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიის რუსეთის ჯარების მეთაურია.
პრობლემას ნაწილობრივ ქმნის ის, რომ რუსეთის სამთავრობო წრეებში სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებებს ანტირუსული კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ. ერთადერთმა რუსეთმა არ დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ სტრასბურგის სასამართლოს, დაჩქარდეს საქმეების განხილვა. რუსეთის პარლამენტმა უარყო ამ დოკუმენტის მიცემა, რითაც მის ძალაში შესვლას წინ აღუდგა. ჩეჩნეთის მეორე ომის უკან მდგომი პრეზიდენტი პუტინი თვითონ ადანაშაულებს ხოლმე სტრასბურგის სასამართლოს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებსო. სულ მცირე, ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იურიდიულ თანადგომას უწევს ჩრდილოეთ კავკასიაში უფლებების დარღვევის მსხვერპლთ, რუსეთის მთავრობის ზეწოლის ქვეშაა. ნიდერლანდში დაფუძნებულ “რუსეთის სამართლებრივი ინიციატივის ფონდს”, რომელიც სასამართლოზე ასზე მეტ მომჩივანს წარმოადგენს, მოსკოვიდან უპასუხეს, რომ რუსეთში კანონიერი რეგისტრაციისთვის მას საბუთები აკლია.
ახლა სტრასბურგში, ამ ეტაპზე, 200-მდე საქმეს განიხილავენ, რომელიც ჩეჩნეთს ეხება. მარზეტ იმაკაევა, მიუხედავად სიძნელისა და, ამასთანავე, მოსალოდნელი ხიფათისა, ყველა დედას, ვინც შვილი დაკარგა, ურჩევს ეძებონ სამართალი:

(იმაკაევას ხმა)
“ყველა დედას ვურჩევ, შეიტანოს საჩივარი. თუკი ყველა იჩივლებს, შეიძლება რუსებმა შეიგნონ, რომ მათი რეპუტაცია მთელ მსოფლიოში ეცემა. შეიძლება ჩვენი შვილები სადმე ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დედები საჭირო ქაღალდებს მიიღებენ, მაგრამ მათ აკლიათ ფული და ფიზიკური შესაძლებლობა.ეს რომ არა, ყელა დედა ყველგან წავიდოდა. საჭიროა ბევრი სიარული, ბევრ კარზე მიკაკუნება. ამიტომაა ბევრი საქმე კვლავ გაუხსნელი.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG